გილოცავთ ნინოობას!

დღეს, 1 ივნისს, მართლმადიდებელი ქართველობა მოციქულთასწორი წმიდა ნინოს შემოსვლას აღნიშნავს საქართველოში.
რადგან ღვთისმშობელი, ანუ დედაკაცი იყო საქართველოს მფარველი, დედამ ღვთისამ, თავისი მეოხების დასადასტურებლად, სწორედ დედაკაცივე წარმოავლინა მისსავე წილხვედრ ქვეყანაში.
ამ მიზნით ღვთისმშობელმა გამოარჩია კეთილმორწმუნე ქრისტიანი კაბადოკიელი ქალწული - ნინო.
ნინო ქრისტიანთა ოჯახში აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე ისმენდა აღმზრდელებისაგან ქრისტიანობის გავრცელების, მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრების და წამების ამბავს. მისგანვე გაიგო ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში - საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინა მისი ვედრება, ამცნო, რომ ქართველთა ქვეყანა მისი წილხვდომილი იყო და წმინდა ქალწული მოციქულად განამზადა. ერთ ღამეს წმინდა მარიამი სიზმრისეულ ხილვაში გამოეცხადა მას და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“.
წმინდა ნინომ ვედრებით მიმართა ყოვლადწმინდას, ნიშანი ებოძებინა, რომელიც დაუდასტურებდა, რომ უბრალო და უმწეო ქალწული მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებას შეძლებდა.

„ეს იქნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ . ძალისა მისითა დაამყარებ სიტყვასა ძისა ჩემისასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“.
გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამ ჯვარით ნათელიღო ჩვენმა ქვეყანამ, ამ ჯვარს თაყვანს სცემენ და ამბორსჰყოფენ დღემდე მორწმუნეები, როდესაც წმინდა ნინოს ხსენების დღეს ანალოგიაზე კრძალვით გამოასვენებენ ხოლმე სიონის ტაძარში, სადაც იგი არის დასვენებული.
ზეციური დედოფლისაგან ბოძებული ჯვარისა და წმინდა ნინოს ლოცვის მეოხებით საბოლოოდ დაემხო ქართლში კერპთაყვანისმცემლობა; წმინდა ნინოს მიერ დედოფალ ნანას სასწაულებრივმა განკურნებამ და მეფე მირიანის თავს გარდახდილმა სასწაულმა ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგიად აქცია.
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

Комментариев нет:
Отправить комментарий