пятница, 8 января 2016 г.


   გილოცავთ   შობა–ახალ   წელს !






განსაკუთრებული სიხარულით ელის. ამ დღეს ყველა ცდილობს, დაივიწყოს ყველაფერი ცუდი, მადლიერებით გააცილოს ძველი წელი და იმედის თვალით შესცქერის ახალი წლის შემობრძანებას. საახალწლო საწესჩვეულებო ცერემონიალი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეულ კუთხეებში წესები მაინც განსხვავებული იყო. თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად, რატომ ჰქონდა ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეწინააღმდეგება თუ არა აღნიშნული რიტუალები ქრისტიანობას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან სიხარულიძე.
  
  ახალი წელი, დროის ახალი მონაკვეთის დასაბამი, განსაკუთრებული მაგიური ნიშნით აღიბეჭდა ადამიანის წარმოსახვაში და ამიტომაც მას ყველგან გამორჩეულად ზეიმობდნენ. იგი ეფუძნებოდა წლის პირველი დღის მაგიას, ანუ იმის რწმენას, რომ ეს დღე განაპირობებდა დამდეგი წლის ბარაქიანობასა და საზოგადო ვითარებას. საახალწლო რიტუალთა მთელ წყებას საკმაოდ ღრმა რელიგიური ფესვები აქვს. წელიწადის დროთა მონაცვლეობა დაუკავშირდა ნაყოფიერების ღვთაების მითოსს, რომლის მიხედვითაც ეს ღვთაება ზამთარში გადადიოდა საიქიოში, მიწისქვეშა სამყაროში, სასიცოცხლო ძალებიც წყვეტდნენ თავიანთ მოქმედებას. გაზაფხულზე ნაყოფიერების ღვთაება ბრუნდებოდა და ზამთარში მიძინებული ბუნება კვლავ იღვიძებდა. ძველების წარმოდგენით, სწორედ ამ დროს იწყებოდა სიცოცხლის ციკლის ახალი ეტაპი, ანუ ახალი წელი. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადო მოვლენა, ამიტომ მას განსაკუთრებული რიტუალებით აღნიშნავდა მთელი კოლექტივი.
იწყებოდა იგი პირველი ხნულის გავლებით, რასაც საქართველოში მიწის გაღვიძება ერქვა. ხნული, იგივე კვალი, იყო ის გზა, რომელსაც მიწისქვეშეთიდან მოჰყვებოდა ნაყოფიერების ღვთაება. იგი განახლებული უბრუნდებოდა თავის საუფლოს და თან მოჰქონდა ახალი სიცოცხლე. მას
პირველი ხნული (კვალი) გაჰქონდა კაცს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილი იყო დავლათიანობით (ბედის, ბარაქიანობის, ღვთის მადლის მქონე), რათა მის მიერ მოხნულ მიწას მოსავლიანობა დაჰბედებოდა. აქედან მოდის


ხვდებოდნენ საჩუქრებით (პროდუქტით), რათა იგივე მიეღოთ მისგან. ამიტომაც გამოირჩევა ახალი წელი სანოვაგის სიუხვით.
მეკვლეს სახელიც, რომლის ფუნქცია დავიწროვდა იმის შემდეგ, რაც ახალი წლის აღნიშვნამ უმთავრესად საოჯახო ხასიათი მიიღო.

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად?
საქართველოში (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში) ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნებოდა. მასთან დაკავშირებული რიტუალები ყველგან თითქმის ერთნაირი იყო, რადგან უმთავრეს მიზანს ამ რიტუალებისა შეადგენდა სიუხვისა და კეთილდღეობის მოპოვება. რასაკვირველია, იყო კუთხური თავისებურებებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ ნიუანსებში განსხვავდებოდნენ ძირითადი წეს-ჩვეულებებისგან. ახალი წლის წინა დღეებში იწყებოდა დიდი სამზადისი: სახლისა და კარმიდამოს დასუფთავება, სანოვაგის მომზადება საგანგებო სუფრისთვის, სხავადასხვა ფორმის (ცხოველების, ფრინველების, შრომის იარაღების) კვერების ცხობა და სხვა. ყურძნის უხვი მოსავლის მისაღებად საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი კვერის სახით ცხვებოდა და მას აგუნას პური ეწოდებოდა. სამეგრელოში კი აგუნას სახელზე ოთხი ხაჭაპური ცხვებოდა. გამომცხვარი კვერები თუ პურები ხონჩაზე დაწყობილ სხვა სანოვაგესთან ერთად მარანში შეჰქონდათ, სადაც საგანგებო ტექსტს წარმოთქვამდნენ, თან გადაბრუნებულ საწნახელს ნაჯახის ყუას უკაკუნებდნენ. შემდეგ იმართებოდა რიტუალური ჭამა-სმა.ოჯახის თავი გარეთ გადიოდა ხონჩით ხელში და ახალი წლის მოსვლას ულოცავდა შინაურ პირუტყვსა და ფრინველს, ვაზს, კარ-მიდამოს. ვენახში მიჰქონდათ ვაზის პური, ხელადა ღვინო და ნასუქი მამალი. გურიაში ამ დროს ღორის თავიც დაჰქონდათ. მოხარშულ თავს ხორცს მოაშორებდნენ და დარჩენილ ძვალს უკაკუნებდნენ, თან დააყოლებდნენ: “ჩვენს მამულში – ყურძენი, სხვის მამულში – ფურცელი”.
ეზოს შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში შედიოდა სავსე ხონჩით, მიმოაბნევდა ხორბალს (ან სხვა მარცვლეულს) გამრავლების ნიშნად და დაილოცებოდა, ოჯახის წევრებს ულოცავდა ახალ წელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ კერაში ცეცხლი ჩაუქრობლად შეენახათ. სიტყვიერადაც ცდილობდნენ ცეცხლისთვის ძალის შემატებას:
“ცეცხლო ელოდე, მელოდე,
მე მელოდე, მზეს ელოდე,
ადრიანად ავდგებოდე,
დოჩხოურა(ანუ ნაკვერჩხლიანი) დამხვდებოდე.”
ანთებული მუგუზლიდან დაცვენილი ნაპერწკლების სიმრავლე პურის, ღვინის, დოვლათის, ოჯახის გამრავლების სიმბოლო იყო.
დილით წყალსაც მიულოცავდნენ. დიასახლისები წყაროზე მიდიოდნენ, ულოცავდნენ და შინაური ფრინველისთვის საკენკს ალბობდნენ, რომ მათ გამრავლების უნარი მომატებოდათ. ხევსურები მიდიოდნენ მდინარესთან, სიტყვიერად მიულოცავდნენ ახალ წელს და ძღვნად ერბოიან-ყველიან პურის ნაჭერს აგდებდნენ წყალში.
როცა ახალი წლის ღამე იწურებოდა, სახლში შემოდიოდა პირველი სტუმარი – მეკვლე. ხალხის რწმენით, მის ნაფეხურს მოჰყვებოდა მომავალი წლის ბედი, რაც დიდად იყო დამოკიდებული მეკვლეს პიროვნებაზე, მის ბედიღბლიანობაზე. იგი ხელდამშვენებული მოდიოდა იმის ნიშნად, რომ ბარაქიანობა შემოჰქონდა ოჯახში. ხონჩაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვაზის ლერწი, თავის სურვილს კი აუცილებლად ლექსით გამოთქვამდა:
“ახალ წელიწადს წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბთითამცა;
ცხენზედაც მოგადგებიან მშვილდისრიანნი ხმლითამცა,
ტახტზედაც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა,
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა;
უხვათამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა”.
ახალი წლის დღეს საქართველოში ზოგან “ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან 1 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. ამ დროს აცხობდნენ ადამიანის ფორმის “ბასილას კვერებს”, რომელსაც ასევე “კაცბასილას” უწოდებდნენ. ჩიჩილაკსაც ბასილას წვერები ერქვა.


მეკვლეობის ტრადიციას დღესდღეობით ძველი სახე და ფუნქცია აღარ აქვს, თუმცა ახალი წლის ღამით მოსულ პირველ სტუმარს დღესაც მეკვლედ თვლიან და, ძველი წესის დაცვით, ისიც აუცილებლად ხელდამშვენებული შედის ოჯახში.












ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში


ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხავადსხვანაირია. ქართული ტრადიციის მიხედვით, თოვლის პაპა თეთრ ჩოხაში გამოწყობი წვერულვაშიანი მომღიმარი კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს მხარზე გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებით ახარებს. საქართველოში ახალ წელი თოვლის პაპასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია, ვინც ახალი წლის ღამეს პირველი შედის ოჯახში და ხვავსა და ბარაქას უსურვებს ოჯახს. "ცუდი ფეხის" მქონე მეკვლის სახლში შემოშვება არ არის სასურველი. 

ხევსურეთი: 

ხევსურები წელწადს დიდი სამზადისით ეგებებიან. წინა დღით სახლსა და მის კარმიდამოს ასუფთავებენ და ყველანი და ყველანი ახალი ტალავარით იმოსებიან. ოჯახებში საახალწლოდ არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ერთს დიდ სამეკვლეო კვერს აცხობენ, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობს ბედობის კვერებს: თითოეულ ბედისკვერს თავისი ნიშანი აზის და, გამოცხობის დროს ვისიც უფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი
იქნებაო. ახალწლის საღამოს ოჯახიდან ხატში გზავნიან მეკვლეს, რომელსაც მიაქვს არაყი და წულის სანთლები, რამდენიც ოჯახში ქუდოსანია. მეკვლეს დაბრუნებამდე ოჯახიდან არავინ გავა. ხატში მისულ მეკვლეს ასე მიესალმებიან: "მოგვიხვედ მშვოდობითა, ბევრ ამას ახალ წელსამც ილოცავო, ერთს ამასაო, ათი ათას სხვასაო, პურიანსაო, წულიანსაო, სახელ-სარგებლიანსო". მეკვლე დარბაზში შედის და ღამე იქ რჩება. აქ ხუცი მეკვლეების მიტანილ არაყს სინჯავს და, ვისიც თავი არაყია, მას მეკვლე სანამეტნაოდ აწყალობებს. გათენებისას ხუცი კვალის დასაჭერად დარბაზიდან კარში გადის, შემოიტანს თოვლს. ყველანი ფეხზე დგებიან, ხუცი მათ თოვლს გადააყრის და იტყვის: "ესრ თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელ-სარგებლიანი, მშვიდობის და კარგად ყოფისა!" ამაზე დარბაზში მყოფნი უპასუხებენ: " აგრემც შენ გამოგეწვლების ბევრი ახალი წელი, მშვიდობისა, კარგა ყოფნისა, პურიან წუვლიანი!" ყველანი ერთმანეთს დალოცავენ და არრაყს შესვამენ. მზის ამოსვლისას ხუცი დარბაზიდან ისევ გავა და დილის ზარს დარეკავს. დარბაზში მყოფი მეკვლენი გამწკრივდებიან, წილს ყრიან და, ვისაც წილი ერგება, პირველად ის გამოვა და სხვები მას რიგით მოჰყვებიან. დარბაზის გარეთ ლუდიანი ქვაბი დგას და ხუცი იხუცებს; შემდეგ ხუცი მეკვლეებს თითო თას ლუდს შეასმევს და ბოთლებში საფუარ ლუდს ჩაუსხამს: ამის შემდეგ ყველანი თავიანთ ოჯახებში ბრუნდებიან. ხატიდან დაბრუნებულ მეკვლეს სახლის კარებში დიასახლისი მიეგებება, მა სხმის გაუცემლად საფუარს ჩამოართმევს და სამეკვლეო კვერს გადასცემს; ამ კვერს მეკვლე სამჯერ სახლში შეაგორებს და იტყვის: "ჩემიმც კვალ კაზე დაგიჯდებისთ! პურიანი, წულიანი, სახელ-სარგებლიანი, ერთ ეს წელი, ათიათას სხვაი, კაგად ყოფისა, კაცისა და საქონიასაი!" თუ კვერი ჯვარწაღმა დაეცა, ეს კარგი ნიშანია, თუ არადა ცუდია. ამ პურს დიასახლისი აიღებს და ცალკე შეინახავს. მეკვლე კერასთან მივა, მუგუზალს შეუჩინხლებს და, ნაპერწკლები რომ გასცვივა, ადამიანისა და საქონლის გამრავლებაზე დაილოცება, ბოლოს მეკვლე პირში საფუარს ჩაიყენებს, მას მას ადამიანსა და საქონელს შეასხამს და იტყვის: " აგრემც ახყვავდებით, აგრემც ახფუვდებით!" ყველას თავიანთ ბედის კვერებსაც დაურიგებენ. ამის შემდეგ შინაურებისთვის კარები ღიაა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ კარში გამოსვლა, მაგრამ მესამე დღემდე მეზობლებთან მაინც ვერ მივლენ. მხოლოდ მეგობრის მოკითხვა შეიძლება. ამ მიზნით ოჯახის პატრონი მოიკაზმება ახალი ტალავარით, ხანჯლით, საცერულს თითზე იკეთებს, აიღებს არაყს და მივა მეგობრის ოჯახში. ის კარებს დაუკაკუნებს, მასპინძელი კარებშივე მიეგებება და ახალწლის მილოცვის შემდეგ იქვე სუფრას დაუდგამს. შინ კი ვერ შევლენ. 

ფშავი: 

"ლიტანია-საღამოს ოჯახის უფროსი კაცი ხატშიც მიდის, რომ ხატს წელიწადობა მიულოცოს. ყოველ შემთხვევვაში, თემი მოვალეა, ხატში ამ დღისათვის ორი კაცი მაინც გაგზავნოს. ხატის ეს მეკვლეობა ზოგიერთ თემში მორიგეობით იციან, ზოგან კი ხატში კომლზე კაცი მიდის და თან მიაქვს "საკაცო"-დ მამაკაცზე თითო სანთელი, ხმიადები, სასმელი და ხშირად საკლავიც მიჰყავთ. ხევისბერი სანთელს აანთებს და ღამის მთეველებს ამწყალობეგბს. შემდეგ ვახშმობენ. დაანთებენ ცეცხლს და თბებიან. ცეცხლში ერთმანეთს ქუდებს ჩაუგდებენ. მამლის პირველი ყივილისას დიადახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად ხმიადს გამოუცხობს და ერთმანეთს წელიწადობას ასე ულოცავენ. "დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალმა წელმა, ახალით წლის გამოცვლამა"ო, თბილ ხმიადს დიასახლისი ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყარს"-ყველსა და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს სა სამჯერ იტყვის: "წყალი ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო". ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მისდგამს, სუფრას სახელს შესდებს და ასე დაილოცება. "ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო, მადლობა შენდა, ღმერთო, ყველა სენი გაჩენილი, სენ გაბარივართ ცოცხალნიც, მკვდარიცა; შენისავ დიდებითა, სენიტა მოცემითა, შეიწყალოს". ოჯახი უცდის ხატის ღამისთევლების გამობრუნებას, მეკვლეა შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგება. ხატიდან გამობრუნებისას ოჯახის უფროსი ხატის მეკვლეთა შორის ერთს რომელიმეს ოჯახის მეკვლედ წამოიყვანს, თუ ის პირი კარგი ფეხისად მიაჩნია. მეკვლედ შინაური არ იქნება. იწვევენ მეზობელს, ვინც კარგი ფეხითა და თვალითაა ცნობილი. მეკვლეს სახელით გამოძახება არ იქნება. მას სახლის კარებზე სამჯერ მიუკაკუნებენ, ზოგჯერ ქვასაც ესვრიან და ამ ნიშნით მეკვლე გამიდის და სამეკვლეოდ წავა. დიასახლისი კარის ზღურბთან მეკვლეს საახალწლო ხონჩას მიაგებებს, მეკვლე აირებს "ხარის გორას" და კარის ზღურბლთან სახლში სამჯერ შემოაგორებს. ბედისკვერი თუ "წაღმა დადგა" და ის მხარე, რომელზედაც ხარ-გუთანი და საოჯახო საქმეებია გამოსახული, ზევით მოექცევა, ეს ნიშნავს კარგ მოსავალს და ოჯახის ბარაქას. სემდეგ მეკვლე სახლში შემოდის. "ფეზი ჩელი, კვალი ანგლოზისა, კარგამაც მოგიხდებათ ჩემი მეკვლეობა, დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალის წლის გამოცვამ გიმატოთ თავის კაცით, საქონით". შუადღისას ოჯახში სამ სუფრას დადგამენ და სამივეს ცალცალკე სახელს დარქმევენ: ერთი სუფრა ოჯახის მიცვალებულებისაა, მეორე მოუგონებელი მკვდრების და მესამე კი უპატრონოების. ფშაველებს სწამთ, რომ ახალი წლის დილას ყველაფერი "ცხადია" და სრულდება და ამიტომ კარგსა და სასიამოვნოს აკეთებენ ახალწლის მეორე დღეს - "კუმატიას" და მას უქმობენ". 

მთის რაჭა: 

ახალ წელიწადს მთის რაჭველი დიდის მოწიებით ეგებება, რომლისგანაც ის მოელის თავისი წლიური სურვილების განაღდებას. ახალიწლის წინა დღით თითოეული გლეხი ოჯახში ერთ მარხილ შეშას მოიტანს. ამ მარხილზე დებს ჩიჩილაკს, "ნეკერს" (თხილის ბიბილო) და "თომს" (ფეხის თივა). ამავე დღეს საახალწლო ღორს ჰკლავენ, ვისაც ღორი არა ჰყავს "ნებიერს" (ნასუქი მოზვერი). ღამე აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, მათში ერთი ძველი წლისთვის. აგრეთვე აცხობენ ადამიანის სახის კაცა-ბასილას და ერთ დიდ პურს, "კერი-ბერიად"წოდებულს, რომელიც პატარა ირკალებითაა დაჭრელებული. ამ ნამცხვრებს ოჯახის მეკვლე, "მაკვრიელი"ცხრილზე დაალაგებს, გვერდში საზედაშედ ერთ ბოთლ ღვინოს მოუდგამს და ბეღელში შეინახავს. მამლის ყივილისას მეკვლე დგება და ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გადის და მარხილზე დაწყობილ ნეკერს, თომსა და ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. აქ ცხრილს აიღებს და ყოველივე ამით უკან სახლში შებრუნდება. იაიღებს "კერია-ბეთიას"პურს და საფუარზე დადებს, აბრუნებს მას მარჯვნივ და ხმამაღლა მეტყველებს: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი: შეძენისა და მოგების, მშვიდობისა და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, პურიანობის, საქონლის გამრავლების... ღმერთო ბედნიერი წელი მოგვიბრუნეო". ბოლოს ხმის აწევით დაიძახებს: "მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმან". ამაზე ოჯახი უპასუხებს: "შენც მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმანო". შემდეგ, ოჯახის მეკვლე ცხრილს ვარცლზე დებს და წყლის მოსატანად წავა, რომის დაბრუნებამდე ლოგინიდან ყველანი დგებიან და მეკვლე მათ ხელ-პირს აბანინებს. ხალხის რწმენით ამით ძროხებს მთელი წლის განმავლობაში კარგი წველა ექნებაო. 
მეკვლე აგრეთვე ბოსელში შედის და იქ ახალწელიწადს საქონელსაც მიულოცავს და თან თივასაც დაუყრის. საუზმის წინ "კერი-ბერია"-ს პურიდან ბეჭდებს ამოჭრიან და ყველას სათიტავოდ დაურიგებენ, დანარჩებს კი ბეღლის თიტოეულ თვალში ჩასდებენ, ბარაქიანი მოსავალი იქნებაო. ახალწელიწადს ყველანი ფუსფუსებენ და მხიარულობენ, რომ სიზარ მაცე და სიავე არ დეკვებოთ. მეკვლეს ირჩევენ კარგი ფეხისას, რომლისგან დამოკიდებულია ოჯახის ბარაქიანობა. მეკვლის მოლოცვამდე ოჯახში არავის უშვებენ. ამ დღეს მონადირეები "იმზნიან", ე.ი, ნიშანში ვარჯიშობენ ამის მიხედვით მომავალზე წინასწარმეტყველობენ. იციან ერთმანეთის ძღვნით მოკითხვა და ახლწლის მილოცვა. ახალ წელლს ეს რიტუალი დაკავშირებულია მზის ღვთაების ექმენასთან (გაზაფხულის მზის მოქცევასთან), რომლის მკთარ ანასახს აქ წარმოადგენს ადამიანის სახის ნამცხვარი "კაცაბასილა". ამ ახლად მოქცეულ მზეს მთიელი მეკვლე სესთხოვს ჭირნახულის დოვლათიანობას., საქონლის გამრავლებას, ოჯახის ბედნიარებას და საერთოდ მშვიოდბიანი წელიწადის მობრუნებას. რაც შეეხება საახალწლო პურს, "კერია ბერიას", როგროც მისსივე სახელი ნმოწმობს, ის დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახის კერის თაყვანისცემასთან, რომელივ ოჯახის უხუცესი წინაპარის სადგომად ითვლებოდა, და ამ ოჯახის მფარველ, და ამ ოჯახის მფარველ ბერს, რაჭველი მეკვლე, მისივე გამოსახულების "კერია ბერიას" პურზე შესთხოვს ოჯახის ბარაქას. 

გურია-სამეგრელო:
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებს." საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები. მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი"-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ. 


ქართლ-კახეთი: 

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა ხოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოქარშულ დედას და ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენ ახალი წლის ღამეს და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდას და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას უდებდა პირში. 













მესხეთ-ჯავახეთი:



საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. 
შემდეგ აცხობდნენ: "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს. 




სამაჩაბლო:
აქ მეკვლე აუცილებლად პატარა ბავშვი უნდა ყოფილიყო, რათა სუფთა გულითა და ხელებით სიკეთე შეეტანა ოჯახში. მეკვლეს ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზედაც ტკბილეული და კარტოფილის ხინკლები ეწყო. აქაურ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ხაჭაპურები, ხაბიზგინები, გოზინაყი, მოხარშული დედ
ალი.

Комментариев нет:

Отправить комментарий