საგანმანათლებლო რესურსები

როგორ ვესაუბროთ მშობლებს

img_resursebi
სკოლაში კლასის დამრიგებლად მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ბავშვის პიროვნული და მორალური განვითარება ხშირად სწორედ ამ მასწავლებელზეა დამოკიდებული. დამწყები დამრიგებლები რჩევას გამოცდილ მასწავლებლებს ეკითხებიან და მერე მთელი ცხოვრება მადლიერი რჩებიან იმ კეთილი ადამიანებისა, რომლებმაც გულახდილად გაუზიარეს გამოცდილება.
მახსენდება ძველი თაობის მასწავლებლების რჩევა: „თუ მოსწავლე არ მოვიდა სკოლაში, იმ დღესვე დაურეკე მშობელს და ჰკითხე გაცდენის მიზეზი. მშობელმა შესაძლოა შვილი სკოლაში გამოუშვა, მაგრამ ბავშვი სადმე სხვაგან წავიდა”. ერთ მშობელს ძალიან გაუხარდა ასეთი ყურადღება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამაცნო და ოჯახური მდგომარეობაც. ძალიან შორი გზიდან უწევდა თურმე სკოლაში სიარული, ასთმა აწუხებდა. მშობელმა ჩვენი ყურადღება დააფასა და როცა ბავშვი აცდენდა, ყოველთვის რეკავდა სკოლაში, იგებდა დავალებებს… წლის ბოლოს ის მოსწავლე საუკეთესო აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა.
ზოგჯერ ახალი დამრიგებლები სათითაოდ ურეკავენ მშობლებს და ეცნობიან. მშობლებიც კითხულობენ ახალი მასწავლებლის შესახებ. ეკითხებიან შვილებს და სხვა მშობლებს, როგორ მოსწონთ მასწავლებელი. ხშირად საგნის სწავლება უფრო იოლია, ვიდრე ბავშვებთან დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. კლასის მართვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებს მასწავლებელთან. მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ პოზიტიური კავშირის განმტკიცებაზე, რათა შევძლოთ სასწავლო მიზნების განხორციელება.
ბავშვებთან ურთიერთობის გასამყარებლად საჭიროა მშობლებთან ურთიერთობა. თუ მშობელს სკოლაში მოსასვლელად არ სცალია, მაშინ დამრიგებელმა უნდა გამონახოს დრო დასარეკად. საუბარი მოკლე და ლაკონური უნდა იყოს. დავიწყოთ კარგი ამბით, ბოლოს კი ვახსენოთ ბავშვის უდისციპლინობა ან გაკვეთილის მოუმზადებლობა.
კალიფორნიელი მასწავლებელი ელენა აგილერა იხსენებს, როგორ დაძლია პრობლემები ურთულეს კლასში. მან მოსწავლეებს უთხრა, რომ მათი კარგი ქცევისა და კარგი საქმეების შესახებ აუცილებლად მოახსენებდა მშობლებს. ასეც იქცეოდა. ბავშვებმა გაიგეს, რომ მასწავლებელი ნამდვილად უკავშირდებოდა მათ მშობლებს. შემდეგ ელენამ გამოკითხვა ჩაატარა, ისურვებდნენ თუ არა მოსწავლეები, რომ მათი კარგი ქცევისა და მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ სხვა ახლობლებსაც გაეგოთ. თითოეულმა მოსწავლემ, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი მაინც დაასახელა. დროდადრო მასწავლებელი იმ ადამიანებსაც ურეკავდა და კარგ ამბებს ატყობინებდა. მოსწავლეებმა კი უფრო მეტად მოინდომეს, რომ გამოესწორებინათ ქცევა და ნიშნები.
ინგლისელი მასწავლებელი კატია უაითი იხსენებს, როგორ დარეკა ერთ-ერთი მოსწავლის სახლში და მოყვა მთელი ისტორია ბავშვის ცუდი ქცევების შესახებ. მას დიდხანს უსმენდნენ, მერე კი უთხრეს, რომ მშობლის ნაცვლად დეიდას ესაუბრებოდა და თუ სურვილი ექნებოდა, ამ ამბავს აუცილებლად გადასცემდნენ მშობელს. მასწავლებელმა ხმა ვეღარ ამოიღო. ბავშვის შესახებ ინფორმაცია ხომ ძალიან კონფიდენციალურია და მხოლოდ მშობელს შეიძლება გაანდო.
უპირველეს ყოვლისა, გვირჩევენ, რომ კარგად მოვემზადოთ ორწუთიანი სატელეფონო საუბრისთვის. გადავამოწმოთ ტელეფონის ნომერი. ჩამოვწეროთ, რისი თქმაც გვინდა. პრეტენზიულ მშობლებთან დარეკვისას კი საჭიროა, შევახსენოთ, ბოლოს როდის გავესაუბრეთ, უკვე მერამდენედ ვურეკავთ იგივე ან სხვა პრობლემის შესახებ.
დარეკვასაც თავისი ეტიკეტი აქვს. უნდა დავურეკოთ მაშინ, როცა სცალიათ: არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან. ვკითხოთ, სცალიათ თუ არა სასაუბროდ.
საუბარი მოსწავლის დადებითი მხარეეების განხილვით უნდა დავიწყოთ. მშობლებს ძალიან სწყინთ, თუ შვილზე ცუდს ეუბნებიან. ვაგრძნობინოთ მშობელს, რომ მის შვილს ვაფასებთ, რომ მას ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგ., სკოლას აღარ აცდენეს ხშირად, ან მხოლოდ ერთხელ არ ჰქონდა საშინაო დავალება, მაგრამ მისი ზოგიერთი ქცევა გამოსასწორებელია. ბოლოს შეიძლება ვუთხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავეხმაროთ და სასურველია, მშობელმაც გააცნოს ბავშვს სკოლის მოთხოვნები და მაღალი მოლოდინები. შემდეგ აუცილებლად შევატყობინოთ მას, თუ გამოსწორდა სიტუაცია; თუ – არა, კიდევ ერთხელ ვთხოვოთ დახმარება; ვაცნობოთ ბავშვის წარმატებები აკადემიურ და სოციალურ სფეროებში.
როდესაც მშობლებს შევხვდებით, აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ მისი შვილი. ვკითხოთ: რით ერთობა თავისუფალ დროს? ვინ არიან მნიშვნელოვანი ადამიანები მის ცხოვრებაში? რა არის მისი შვილის საუკეთესო თვისება? როგორი იყო ბავშვობისას? დავუმტკიცოთ მშობლებს, რომ გვაინტერესებს მათი შვილების ამბები.
გულისყურით მოვუსმინოთ მათ, როდესაც გვესაუბრებიან. ისინი ბავშვებზე დიდ ინფორმაციას ფლობენ, რაც ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება.
მშობლებს ყოველთვის სურთ, რომ შვილებს დაეხმარონ სწავლაში. რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით მეტად დამოუკიდებლები ხდებიან. გავაცნოთ მშობლებს სასწავლო პროგრამა და ვუთხრათ, როგორ შეიძლება დაეხმარონ შვილებს სასკოლო პროექტის მომზადებაში.
თუ ვაპირებთ, რომ მშობელს ბავშვის რომელიმე პრობლემური ქცევის შესახებ ვაცნობოთ, მომზადებული უნდა გვქონდეს რჩევაც – როგორ შეიძლება ამ ქცევის გამოსწორება.
შევუწყოთ ხელი მშობლებს, რომ ზოგიერთი საკითხის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც აზრს ჩამოუყალიბებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, შემდეგ კი მათ დასკვნებს მოვუსმინოთ.
როგორც პირადად, ასევე საჯაროდ მადლობა გადავუხადოთ მშობლებს და დავაფასოთ მათი შრომა და თანადგომა.


წერის  ათვისებისათვის ინკლუზიურ საკლასო ოთახში, მარია მონტესორის მეთოდი

montessori

„ინკლუზიური განათლება“ იდეალური მიზნისკენ მავალი  ჩართულობის განათლებაა, რომელიც ყველა ჩვენგანისაგან მუხლჩაუხრელ შრომას ითხოვს. თუმცა ინკლუზიური სასწავლო გარემო პედაგოგებს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. მათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოახერხონ არადისკრიმინაციული სასწავლო სივრცის შექმნა და ყველა მოსწავლისათვის თანაბარი განათლების მიცემა, რაც ნამდვილად არ არის იოლი პროცესი. განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის წერის უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება.
აღიარებულია,  რომ წერა რთულად ორგანიზებული ფსიქიკური ოპერაციაა, რომლის დაუფლება მრავალი უნარის კოორდინირებულ განვითარებას გულისხმობს და ამ უნარის ათვისება წარმოადგენს გაცნობიერებულ აქტს, რომლის დაუფლებაც სპეციალურად დაგეგმილი დასწავლის პროცესში ხორციელდება, ამავდროულად მოითხოვს წინდაწინ ტექნიკურ  გავარჯიშებას და ავტომატიზებულ პროცესად იგი მხოლოდ გარკვეული დროისა და გაწაფვის შემდეგ გადაიქცევა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას წერის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ტიპის სირთულეები იკვეთება. მაგალითისთვის განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა სახელდება პირობითობის პრინციპს ექვემდებარება):
გაგის შემთხვევა – დიაგნოზი: აუტისტური სპექტრის აშლილობა. ასაკი –11 წლის. გაგის უჭირს ასოების გრაფიკული გამოსახულების სწორად მოხაზვა – ფორმის, ზომის, დახრილობის ზუსტად გადმოცემა; ეშლება მსგავსი ასოების „შ“ და „წ“, „ძ“ და „ხ“ ჩაწერა; სირთულეს აწყდება ასოების რვეულის სიბრტყესა და ბადეში მოთავსებისას (წერას იწყებს რვეულის შუაში, ასოები დიდი ზომისაა და არ ეტევა ბადეში, ყურადღებას არ აქცევს ბადეს, ასოებს შორის დიდია ინტერვალი, ან პირიქით, ასოები შეტყუპებულად არის მოცემული); სიტყვების ჩაწერისას ტოვებს, ანაცვლებს ცალკეულ ასოებს და მარცვლებს, სიტყვები დაუსრულებელია; წინადადების ჩაწერისას ტოვებს ცალკეულ სიტყვებს; წერისას აღენიშნება ჯდომის უცნაური პოზა, თვალშისაცემია რვეულის უჩვეულო განლაგებაც; თუმცა გაგის შეუძლია კომპიუტერზე ტექსტის თავისუფლად აკრება. მას მშობლებისაგან დამოუკიდებლად შეუსწავლია ინგლისური  და რუსული ასოების ვიზუალური ხატები, აქვე უნდა ითქვას, რომ გაგი არკვევს მოსმენილი სიტყვების მნიშვნელობებს, საუბრობს უაქცენტოდ რუსულად, ხარვეზებით – ინგლისურად, მაგრამ მოსმენილის ან ნათქვამის ფურცელზე გადატანა არასდროს უცდია და თვლის, რომ არ შეუძლია.
ლუკას შემთხვევა – დიაგნოზი: ქცევითი აშლილობა; ასაკი – 7 წლის. ლუკა მძიმე მოტორული უნარების მქონე ბავშვია. უჭირს ასოების გრაფიკული გამოსახულებების სწორად მოხაზვა – ფორმის, ზომის, დახრილობის ზუსტად გადმოცემა; ეშლება მსგავსი ასოების ჩაწერა; სირთულეს აწყდება ასოების რვეულის სიბრტყესა და ბადეში მოთავსებისას (ასოები დიდი ზომისაა და არ ეტევა ბადეში, ყურადღებას არ აქცევს ბადეს, ასოებს შორის ინტერვალი დიდია); სიტყვების ჩაწერისას ტოვებს, ანაცვლებს ცალკეულ ასოებს და მარცვლებს,  სიტყვები დაუსრულებელია; წინადადების ჩაწერისას ტოვებს ცალკეულ სიტყვებს; წერისას აღენიშნება ჯდომის უცნაური პოზა, თვალშისაცემია რვეულის უჩვეულო განლაგებაც; შეუძლია ნებისმიერი სიტყვის გადაწერა, თუმცა ყურადღებას არ აქცევს ნაწერის მნიშვნელობას.
მართას შემთხვევა – დიაგნოზი: სმენადაქვეითებულობა (მესამე ხარისხის), გონებრივი ჩამორჩენა. ასაკი – 8 წლის. მართას ასოების გრაფიკული გამოსახულებების სწორად მოხაზვა არ უჭირს, თუმცა მისთვის რთულია ასოების დამახსოვრება; სიტყვების გადაწერისას ტოვებს, ანაცვლებს ცალკეულ ასოებს და მარცვლებს,  სიტყვები დაუსრულებელია; წინადადების ჩაწერისას ტოვებს ცალკეულ სიტყვებს; უჭირს განსაზღვრა, თუ რა სიტყვა ჩაწერა, შესაბამისად,  მისი წერის პროცესი სიტყვის შემადგენელი ცალკეული ასოს გადახატვას უფრო ჰგავს, ვიდრე წერით აქტივობას, რამდენადაც არ ხდება ჩაწერილი სიტყვისთვის შინაარსის მინიჭება).
როგორც ვხედავთ, მოცემულ შემთხვევათა განზოგადება შესაძლებელია. ზემოთ დასახელებული თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი ხშირად განსაკუთრებულ მხარდაჭერას და სავარჯიშო პროგრამებს საჭიროებს როგორც წინადადების და სიტყვის ხმოვანი შემადგენლობის ანალიზის, ასევე ფონემების გრაფიკული გამოსახვის უნარების განვითარებისთვის. მათთან მუშაობისას მნიშვნელოვანია ჯდომის სწორი პოზის და საწერი საშუალების ხელში მოხერხებულად დაჭერის  უზრუნველყოფა.   მხოლოდ ცალკეული ასოების გრაფიკული გამოსახულების დასწავლაზე აქცენტი კი ამ ტიპის შემთხვევებში არასწორი იქნება. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ ასოების წერა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისგან სიტყვა, სიტყვებისგან კი წინადადება იგება და რომ სწორედ მათი საშუალებითაა შესაძლებელი საკუთარი ნააზრევისა თუ განცდების გამოხატვა და გადმოცემა.
ინკლუზიური განათლების შესახებ არსებულ მასწავლებლის გზამკვლევში გამოყოფილია სიტყვის წერის პროცესის რამდენიმე ეტაპი: 1. სიტყვის შემადგენელ ერთეულთა ანალიზ – ხმოვანი ნაკადიდან, მოსწავლემ უნდა გამოარჩიოს ის ერთეულები (მარცვლები და ბგერები), რისგანაც შედგება სიტყვა. მან უნდა განსაზღვროს რომელია პირველი ბგერა, მომდევნო და ა.შ. 2. წინადადების და სიტყვის ხმოვანი შემადგენლობის ანალიზი  –ხმოვანი ერთეულების გარჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია, ამ ერთეულების ცალკეულ ფონემებად იდენტიფიცირება და მსგავსი ჟღერადობის ფონემებისგან განსხვავება. მაგ., დაზუსტება, რომ სიტყვის „ქალი“ შემადგენელი ფონემებია ., ა, ლ, ი  და არა  , ა, ლ, ი.  3. ფონემების გრაფიკულ გამოსახულებებად(გრაფემებადგადაყვანა – ამისთვის, მოსწავლეს კარგად უნდა ჰქონდეს დასწავლილი ფონემების შესაბამისი გამოსახულებები. მოსწავლემ უნდა აღიდგინოს ფონემის სურათ-ხატი და ხელის შესაბამისი მოძრაობით გამოსახოს საჭირო ასო ანუ შესძლოს ფონემების ჩაწერა. 4. სიტყვის შემადგენელი ერთეულებისთანმიმდევრობის დამახსოვრება და მათი რიგის .სწორად ჩაწერა. წინადადების წერისას კი სიტყვების თანმიმდევრობის დაცვაც არის საჭირო.
აღიარებული ფაქტია, რომ ასოს სწორად გამოსაყვანად საჭიროა ნატიფმოტორული უნარი  და აღნიშნულ გზამკვლევში ამ უნარების განვითარებისათვის, ასევე  წერისა და ფონემატური ანალიზისთვის სხვადასხვა რჩევაა მოცემული, თუმცა გვერდი ვერ აევლება დიმიტრი უზნაძის თეორიას, რომლის თანახმად, ადამიანის (ჩვენს შემთხვევაში ბავშვის) ქცევას საფუძვლად უდევს განწყობა, რომელიც  გაცნობიერებული, წარმოსახული სიტუაციაა. მაშასადამე, ბავშვში წერის განწყობის შესაქმნელად მოგვეთხოვება მის მიერ წარმოსახული სიტუაციის რამდენადმე მსგავსი  რეალობის შექმნა.
სწორედ ამგვარი რეალობის შექმნა სცადა მარია მონტესორიმ, რომლის მეთოდი იმ აზრიდან გამომდინარე, რომ აღზრდის ამოცანა მოსწავლის მთელი ძალების ამოქმედებაა, უყურადღებოდ არ ტოვებს შეგრძნებათა, აღქმის და მოტორული პროცესების ერთობლიობას. მის ე.წ. „ნომენკლატურის გაკვეთილებში“ ერთიანდება გეომეტრიულ ფორმებსა და ფერებზე ვარჯიში, რომელიც თანდათანობით რთულდება მასწავლებლის მეთვალყურეობით გარესამყაროზე დაკვირვებით,   ასევე ამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურებსა და ხატვით წინასწარშემუშავებული სისტემის თანახმად (მაგ.: შავი, შემდეგ კი ფერადი დაშტრიხვის მეთოდით), ფერთა სახელდებაზე თამაშით. ეს ყველაფერი თავს იყრის არითმეტიკული მიზნისკენ მავალ სავარჯიშოებში (ციფრებით, „ნულით“, რომელსაც აქვს მნიშვნელობა და არაფერი სულაც არ არის, ციფრების დამახსოვრებაზე ვარჯიშით) და საბოლოოდ გადაიზრდება ასე ფართოდ ცნობილ წერა-კითხვის მეთოდში, რომლის ფსიქოლოგიურ საფუძვლად მოიზრება წერის ფსიქო-ფიზიოლოგიური ბუნება  და ანალიზი იმ მოტორული მექანიზმებისა,  რომლებიც წერის პროცესში მონაწილეობენ. აღნიშნული ანალიზი მიგვითეთებს, რომ ბავშვებს წერა ასო-ბგერათა არცოდნის გამო კი არ უჭირთ, არამედ იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ არასაკმარისად აქვთ განვთარებული წერის პროცესში მონაწილე ორგანოები (მაგალითად, შესაბამისი კუნთები ხელის მტევნისა). შესაბამისად, წერის საწყისი ამოცანაა, რომ წინასწარ შერჩეული სავარჯიშოებით წერის პროცესისთვის სწორედ ისინი განვაწყოთ. ამისათვის კი აი, რას აკეთებს მონტესორი:
  • მოცემული მეთოდით წერის სწავლებას იწყებს გეომეტრიული ფიგურების ხატვით;
  • ბავშვი გადადის მათ დაშტრიხვა-შეფერადებაზე;
  • ბავშვი იწყებს წინასწარ დაწერილ  ზუმფარის ქაღალდზე ამოჭრილ, შემდეგ კი მუყაოზე დაკრულ ასო-ბგერებზე თითების შემოყოლებას,  რითაც მას მხედველობითთან ერთად უყალიბდება კუნთოვან-ტაქტილური ასოციაცია;
  • მხოლოდ ამის შემდეგ ვასახელებთ შესაბამის ასო-ბგერებს, შედეგად კი მხედველობითი და კუნთოვან-ტაქტილური შეგრძნება ერწყმის სმენით შეგრძნებას;
  • ბოლოს კი სათითაოდ გამოჭრილი ასოებისაგან ბავშვები სიტყვების შედგენაზე ვარჯიშობენ.
ამ გზით წერის შესწავლის პროცესი მჭიდროდ უკავშირდება კითხვის შესწავლას. კითხვა წმინდა მექანიკური პროცესია, რომელიც მხედველობით აღქმას ბგერად გარდაქმნის. და იგი, აღქმის გაგებით, დაწერილი სიტყვების დახმარებით  იწყება მას შემდეგ, როცა წერა-კითხვის შესწავლის ერთიანი პროცესი ხორციელდება.  ამ მეთოდის თავისებურება არის ის, რომ წერას ბავშვები წერის გზით კი არ სწავლობენ, არამედ წერისთვის მოსამზადებელი სავარჯიშოებით (უმეტესად ხატვისა და დაშტრიხვის მეთოდით).  ისინი წერას კალმის ხელში აღებამდე ეუფლებიან. ამიტომაც წერენ მოულოდნელად ანდა თვითშემოქმედებითად, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაშტრიხვის სავარჯიშოებზე დაკვირვებით დარწმუნდება, რომ მათი კუნთოვანი მექანიზმი საკმარისად არის მომზადებული წერის პროცესისათვის და ბავშვებს შესთავაზებს ასო-ბგერის ან სიტყვის ჩაწერას.  წერა-კითხვის შესწავლის მთელი პროცესი კი, მოსამზადებელი სავარჯიშოებით დაწყებული და  დამოუკიდებელი წერით დამთავრებული,  მოითხოვს საოცრად მცირე დროს. მარიამ მონტესორის მტკიცებით,  ოთხ წლამდე ასაკის, სხვებისგან მოძულებულმა და მის მიერ შეკედლებულმა ორმა პატარამ წერა ისე ისწავლა, რომ  სულ რაღაც თვენახევარში შეძლეს ყველა თავისი თანატოლის სახელით  ყოველივე საუკეთესო ესურვებინათ და მადლობა გადაეხადათ ინჟინერ ტალამოსათვის. მონტესორის წიგნში არსებული ფოტომასალა და ილუსტრაციები მკითხველს  სავსებით არწმუნებს წერილების კალიგრაფიული სიზუსტითა შესრულებაში მაშინ, როდესაც სხვა დაწყებითი სკოლების 6-7 წლის მოსწავლეები მანამდე არსებული მეთოდებით მთელი წლის მანძილზე ეუფლებიან  გამართულად წერასა და კითხვას.
უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ასაკობრივი განსხვავებებისა, აღნიშნული მეთოდები წარმატებით ერგება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ჩვენს შემთხვევას, ასე რომ, ამ საშუალებათა გამოყენება სავსებით შესაძლებელია დღევანდელ სასწავლო სივრცეში, რომელსაც გვიქმნის და გვთავაზობს ინკლუზიაზე დაფუძნებული მიდგომა, თანამედროვე რესურსოთახების არსებობის პირობებში ხომ – მით უფრო. ზუმფარის ქაღალდი კი ბევრი სხვა ტიპის, მაგ., ფერადი ხავერდის ან გოფრირებული ქაღალდებით, პლასტელინით, შეფერილი თეთრი თიხით ან თაბაშირით შეიძლება ჩანაცვლდეს და მათ გამოყენებაში საგნის პედაგოგს სპეცმასწავლებელი დაეხმაროს. შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის, საინტერესო, სახალისო და ეფექტური წერის პროცესის შექმნისთვის კი აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოცია, სხვადასხვა საგნების ჩვენებით ან ამბის მოსმენით წარმოსახვის განვითარება, მრავალმხრივი ხედვის ჩამოყალიბება და მოსწავლეთათავის იმის შთაგონება, რომ შემოქმედება ყველაზე უძლეველი ძალაა, რომელიც ჩვენში ცხოვრობს  და ზღაპრული უკვდავებისთვის გვამზადებს.
წერის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის დღესდღეობით არსებული სხვა არაერთი საინტერესო  რჩევა ზემოთ ხსენებულ გზამკვლევშია  მოთავსებული.



 რატომ აპროტესტებენ ბავშვები სკოლაში სიარულს


  
shutterstock_83070967ჩვენი სკოლები ბავშვების ინსტინქტების საწინააღმდეგოდ მუშაობენ და არა მათთან თანხმობაში

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა აღიარებს განათლების აუცილებლობას და მის აბსოლუტურ საჭიროებას თანამედროვე საზოგადოებაში, ბავშვებს ეს დიდად არ აღელვებთ – ისინი ჯიუტად ინარჩუნებენ სკოლისადმი, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილ დამოკიდებულებას და მიუხედავად 21-ე საუკუნის სიკეთეებისა თუ გამოწვევებისა, თვალი და გული მაინც თამაშისკენ გაურბით. ბავშვების უმეტესობა კვლავ აპროტესტებს სკოლაში სიარულს. ეს მდგომარეობა, ალბათ, ყველა მშობლისა თუ მასწავლებლისთვის ნაცნობია. ბავშვების პროტესტი მრავალნაირია – ავადმყოფობის სიმულაცია, გაკვეთილის გაცდენა თუ დაგვიანება, სკოლის მოთხოვნების მინიმალურ დონეზე შესრულება (ან თუნდაც ამ მინიმუმის შეუსრულებლობა), დაბოლოს, სკოლის წესების დარღვევა, თუ ამის შედეგად სერიოზულ უსიამოვნებას არ ელიან… აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ: ჩვენგან განსხვავებით, სკოლისადმი ბავშვების პროტესტი გულწრფელია და არ ნელდება. ბავშვებს დღესაც ისევე ეზარებათ, არ მოსწონთ, არ იზიდავთ და არ აინტერესებთ სკოლა, როგორც სასკოლო განათლების განთიადზე. მთავარი კითხვაა „რატომ?“
პროტესტს ისინიც კი გამოხატავენ, ვისაც კარგი ნიშნები აქვს და თავის გამოჩენა მოსწონთ. ასეთი ბავშვები სკოლის გარემოს აპროტესტებენ თავიანთი ცინიკური დამოკიდებულებით და ხანდახან ტყუილებითაც, რომლებსაც იმით ამართლებენ, რომ ეს აუცილებელია სკოლის სულელური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
რა იწვევს ასეთ მტკიცე პროტესტს? განათლება ხომ სასიკეთო საქმეა; ბავშვებს სჭირდებათ ის, რათა საზოგადოებაში წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოებას სასკოლო განათლების სისტემა ძალიან ძვირი უჯდება და ყოველი ბავშვისთვის (განურჩევლად მათი სურვილისა) განათლების მიცემა, უამრავი სკოლის მართვა მათი უამრავი პრობლემითურთ ერთ-ერთი ყველაზე ძნელი საქმეა.
რა გამოდის? რომ ბავშვები უმადურები არიან? თუ ასეა, მაშინ მეც, თქვენც და ყველა, ვინც სკოლა დაამთავრა და სავალდებულო სასკოლო განათლება მიიღო, უმადურნი ვყოფილვართ…
თუ გახსოვთ, ბავშვობაში ჩვენც ასეთივე პროტესტი გვქონდა სკოლის მიმართ. ეს პროტესტი განსაკუთრებით მძაფრი იყო სასკოლო სისტემის ჩამოყალიბებისას, იმ შორეულ დროში, როდესაც სასკოლო განათლება სავალდებულო გახდა. გაცილებით მძაფრი, ვიდრე დღესაა. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი სასკოლო განათლების მოცულობა ბევრად უფრო მოკრძალებული გახლდათ, მეცხრამეტე საუკუნის ბავშვების კლასში გასაჩერებლად მასწავლებლები სტანდარტული საშუალებებით იყვნენ „შეიარაღებულნი“: ურჩთათვის – ჯოხებით, ხოლო მორჩილთათვის – ბრძანებით.
სასკოლო გარემოსადმი ბავშვების პროტესტზე უაღრესად საინტერესო ესე აქვს ამერიკელ ბავშვთა ფსიქოლოგს, პროფესორ პიტერ გრეის[1]. ბავშვების ბუნებრივი პროტესტის მიზეზების აღსაწერად გრეი იყენებს „ევოლუციური შეუსაბამობის“ კონცეფციას, რომლის დახმარებითაც ცდილობს ახსნას ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჭირვეულობა ღამით მარტო დაძინებისას – მისი აზრით, ბავშვებს იმიტომ არ უყვართ დაძინება, რომ არ უნდათ ღამით სიბნელეში მარტო დარჩენა. ტერმინი „ევოლუციური შეუსაბამობა“ ასახავს იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს ჩვენს დღევანდელ გარემოსა და ჩვენი ევოლუციური წინაპრების საცხოვრებელ გარემოს შორის.
პროფესორ გრეის თანახმად, ადამიანის როგორც ჰომო საპიენსის განვითარების ისტორიის, დედამიწაზე მისი ცხოვრება-მოღვაწეობის 99%–მა მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში ჩაიარა. ანთროპოლოგები თანხმდებიან, რომ მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესი ის ერთადერთი სტაბილური სისტემაა, რომელიც კი ჩვენმა სახეობამ ოდესმე იცოდა.
ასე იყო, ვიდრე ადამიანი სოფლის მეურნეობას მიჰყოფდა ხელს (სოფლის მეურნეობა დაახლოებით 10 000 წლის წინ ჩაისახა). ამის შემდეგ ჩვენ მოვხვდით მუდმივად ცვალებად და სულ უფრო სწრაფად მოძრავ კულტურული ცვლილებების ქარბორბალაში. ბიოლოგიური კუთხით, ჩვენ კვლავ მონადირე-შემგროვებელთა სახეობა ვართ, რომლებიც მთელი ძალისხმევით ცდილობს შეეგუოს ცხოვრების დღევანდელ პირობებს.
ხსენებულ ესეში პროფესორი გრეი ამბობს, რომ ჩვილებსა და პატარებს იმიტომ არ უყვართ მარტო დაძინება, რომ მონადირე-შემგროვებელთა ცივილიზაციის ეპოქაში ეს მათთვის შესაძლოა სიკვდილით დამთავრებულიყო. „ურჩხულები საწოლის ქვეშ“ იმ დროს მართლა არსებობდნენ. ესენი იყვნენ ტურები, აფთრები, ვეფხვები და ღამის სხვა მტაცებლები, რომლებიც გამუდმებით დაძრწოდნენ ადამიანთა საცხოვრებლის გარშემო და დაეძებდნენ სუსტ, დაუცველ მსხვერპლს. ინსტინქტები და შიშები, რომლებიც ადამიანს იმ ასობით ათასი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა, არ შეცვლილა.
სტატიის ამ ნაწილში პროფესორი გრეი ცდილობს, განათლების სიტემის პრობლემები „ევოლუციური შეუსაბამობის“ კონცეფციის მეშვეობით განმარტოს: „როგორც ამ ბლოგის პირველ ესეში აღვნიშნე, მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში იღებდნენ განათლებას ბავშვები, სრულიად საპირისპიროა იმ მეთოდებისა, რომლებითაც დღეს ვცდილობთ სკოლებში ჩვენი შვილების განათლებას. ანთროპოლოგების მიერ შესწავლილი მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოების უმთავრესი ღირებულება თავისუფლება იყო. მონადირე-შემგროვებლებს სჯეროდათ, რომ მიუღებელია, პიროვნებას რაიმე დააძალო, რამე გააკეთებინო მისი ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვებს კი ისინი პიროვნებებად განიხილავდნენ. მონადირე-შემგროვებელთა თემში მიღებული არ იყო ქცევის თუნდაც შეთავაზება, რადგან ეს შესაძლოა დაძალებად აღექვათ. მათ სჯეროდათ, რომ ადამიანი საკუთარი ინიციატივით ისწავლიდა იმას, რაც თემის (ჯგუფის, ტომის) კეთილდღეობას წაადგებოდა, რადგან თვითონვე დაინახავდა ამ საქმის სასიკეთო შედეგს და მისი კეთების ხალისს იგრძნობდა.
ასეულობით ათასი წლის განმავლობაში ეს გახლდათ ადამიანთა საზოგადოების მთავარი მაორგანიზებელი პრინციპი. მონადირეთა და შემგროვებელთა ცხოვრება მოითხოვდა ძლიერ პიროვნულ ინიციატივას და შემოქმედებას. ასევე – რწმენას, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებდნენ მონაპოვარს და ითანამშრომლებდნენ, რადგან უნდოდათ, ასე ყოფილიყო.
როგორც ჩანს, მონადირე-შემგროვებლებს ესმოდათ ეს პრინციპები. მათ კარგად ესმოდათ ისიც, რომ ბავშვები მაშინ ჩამოყალიბდებოდნენ თავისუფალ, ერთმანეთისადმი ნდობით აღსავსე, თანამშრომლობისთვის მზად მყოფ და შემოქმედ ზრდასრულ ადამიანებად, თუ მათ ბავშვობიდანვე მიანიჭებდნენ თავისუფლებას. ვგულისხმობ იმ დროს არსებული თემის იმ მორალურ პრინციპებსა და მოდელებს, რომლებიც მოცემულ ჯგუფსა თუ ტომში იყო მიღებული. ჩვენი ისტორიის უზარმაზარი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ადამიანები მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, ბავშვებს ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში, სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული თამაშისა და გარემოს კვლევისთვის, რაც მათი თვითგანათლების, თვითგანსწავლის გზას წარმოადგენდა. განათლება ყოველთვის თვითმართული გახლდათ. ამიტომაც არიან ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარენი, კომუნიკაბელურნი და თამაშისადმი მიდრეკილნი – ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოადგენს ბავშვის შესაძლებლობათა სამოტივაციო ძალას თვითგანათლებისთვის. ამ „ბავშვურ“ თვისებებს ხელს უწყობდა, წაახალისებდა და დახვეწაში ეხმარებოდა ბუნებრივი გადარჩევა, სწორედ იმ მიზნით, რომ მომსახურებოდა განათლების ფუნქციას ბავშვობის თავისუფლების პირობებში.
მაშინ, როდესაც ჩვენ ვაძალებთ ბავშვებს, წყნარად ისხდნენ მერხებთან და უსმინონ მასწავლებელს და აკეთონ მხოლოდ ის, რასაც ეტყვიან, მათი სხეული, მათი ყოველი ნეირონი და კუნთი ამის წინააღმდეგია. ის ამბობს: „ეს შეცდომაა. მე მჭირდება, თვითონვე ვაკონტროლო ჩემი აქტივობა; მჭირდება თამაში იმ უნარების გამოყენებით, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია; მჭირდება იმ საკითხების კვლევა, რომლებიც მაინტერესებს და მოსაწყენი არ მეჩვენება; მჭირდება, ყურადღება მივაქციო იმას, რასაც აკეთებენ ადამიანები ჩვენ გარშემო და არა იმას, რასაც ეს მასწავლებელი (რომელიც სკოლის გარეთ, რეალურ სამყაროში, ძნელი წარმოსადგენიც კია) მეუბნება. თუ ეს ყველაფერი არ გავაკეთე, მცოდნე, ღირსების მქონე ადამიანი ვერ გავხდები.
მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში ბავშვი, რომელიც არ იყო მოტივირებული, თავისი ნების შესაბამისად მიჰყოლოდა ცხოვრებასა და განათლებას, ალბათ ცხოვრებისთვის შეუფერებლად, ცუდად შეგუებულად ჩაითვლებოდა.
ასე რომ, ჩვენს ბავშვებს აქვთ ინსტინქტები, რომლებიც მათ თავისუფალი თამაშის, გამოკვლევისა და სოციალიზაციის საშუალებით თვითგანათლებისკენ უბიძგებს. მაგრამ სკოლები დაჟინებით ითხოვენ, დავთმოთ თავისუფლება და ვაკეთოთ ის, რასაც გვიბრძანებენ. სკოლებს არასოდეს უმუშავიათ კარგად და თეორიულადაც კი არ შეუძლიათ, კარგად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა, რადგან ისინი მუდამ ბავშვის ნების წინააღმდეგ არიან მომართულნი და, შესაბამისად, წინააღმდეგობას იწვევენ“.
რა შეიძლება გავაწყოთ ასეთი „ევოლუციური შეუსაბამობის“ წინააღმდეგ? პროფესორ გრეის აზრით, ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს: შეგვიძლია გავაგრძელოთ ბორძიკი დამთრგუნველი სასკოლო სისტემის მეშვეობით და ბრძოლა ჩვენი ბავშვების ინსტინქტებთან ე.წ. „დამაწყნარებელი“ წამლებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით თავისუფლებისადმი მათი სწრაფვის დასათრგუნავად ან მივიღოთ ის,  რაც უმეტესობას დღეს განათლებისადმი რადიკალურ, ხშირად გიჟურ მიდგომად ეჩვენება, მაგრამ სავსებით მისაღები და ჩვეულებრივი იყო მონადირე-შემგროვებელთა ეპოქის ადამიანებისთვის. ეს რადიკალური მიდგომა გულისხმობს, დავანებოთ ბავშვებს თვითგანათლება, ჩვენ კი შევუქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მათ ამის საშუალებას მისცემს.
იდეა, რომ ბავშვებს შეუძლიათ, თვითონვე მართონ თავიანთი განათლება და ეს კარგადაც გააკეთონ, უმრავლესობას აბსურდული ეჩვენება; ჩვენ განათლების იდეა ისე მოგვაწოდეს, რომ დარწმუნებულნი ვართ, თითქოს ის ზემოდან ქვემოთ მიმართულებასა და იძულებას გულისხმობს. მაგრამ მას, ვისაც სურს, სხვაგვარად შეხედოს განათლებას, უამრავი საინტერესო მაგალითი ელის, რომლებიც ნათელყოფს, რომ განათლებისადმი მონადირე-შემგროვებელთა მიდგომამ შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს ჩვენს საზოგადოებაშიც.
ასეთი მაგალითი უამრავია სადბერი ველის სკოლაში, სადაც ბავშვებს უზრუნველყოფენ იმ რესურსებით, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, თვითონვე წარმართონ თავიანთი განათლების პროცესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშს, იმ საშუალებებსა თუ ხელსაწყოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურისთვის და იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ ბავშვებს თვითგანათლების პროცესში.
ბევრისდა გასაკვირად, ამ ყველაფერს შესაძლოა გაცილებით ნაკლები ხარჯი და ძალისხმევა დასჭირდეს, ვიდრე მოითხოვს დღევანდელი, ძალმომრეობაზე აგებული სასკოლო სისტემა. ამ ტიპის დაწესებულებები, სტანდარტული სკოლებისგან განსხვავებით, სიხარულითა და აღმაფრენითაა სავსე.
პროფესორ გრეის კონცეფცია დღევანდელი სასკოლო სისტემის „ევოლუციური შეუსაბამობის“ შესახებ შესაძლოა კრიტიკულად და უცნაურად ჟღერდეს, შესაძლოა, დღეს მისი აღქმა ადვილი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია იმაზე დაფიქრება, რაც მის მოსაზრებებში რაციონალურია და მეტ-ნაკლებად რეალისტურად აღწერს სასკოლო სისტემის ძირითად მახასიათებლებს: ძალმომრეობაზე დამყარებულ განათლების პროცესს, ბავშვებისთვის თავისუფლების მეტ-ნაკლებად შეზღუდვას, მცირე ასაკის ბავშვებს შორის, ნაცვლად თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისა, კონკურენციის წახალისებას, შერეული ასაკის მოსწავლეთა ჯგუფების არარსებობას და ერთად თამაშის შეზღუდვას, შემოქმედების შეზღუდვას ან მკაცრ რეგლამენტირებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ვერტიკალურ და იერარქიულ სქემას და სხვა თავისებურებებს, რომლებიც ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფალ ნებასა და მის შემოქმედებით ბუნებას.


მასწავლებლის ტიპური შეცდომები გაკვეთილის დაგეგმვის დროს

ეს წერილი ეძღვნება მასწავლებლების ტიპურ შეცდომებს გაკვეთილის დაგეგმვის დროს. ხაზგასმით აღვნიშნავთ: ჩვენი მსჯელობისთვის ამოსავალია მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების პრინციპები, რადგან თუ ამ პრინციპებს უკუვაგდებთ, მასწავლებლის შეცდომა ხშირად სულაც არ ჩაითვლება შეცდომად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც შეცდომაა ამ პრინციპების ფონზე, სრულიადაც არ არის შეცდომა ტრადიციული გაკვეთილის პირობებში, წინა საუკუნის მასობრივი პედაგოგიური პრაქტიკის გადმოსახედიდან, მასწავლებლის იმდროინდელი სტანდარტული მოქმედებების დონეზე.

შეცდომა #1 – გაკვეთილის მიზანში არ არის დაზუსტებული, რას გააკეთებენ მოსწავლეები ისეთს, რაზე დაკვირვება და რისი შეფასებაც შესაძლებელია. ამგვარი კონკრეტიკის გარეშე მიზანი, როგორც წესი, ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივია ან სულაც არარეალისტური, მოუზომავად გადამეტებული ან შეუფერებლად შეკვეცილი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეთა მოქმედებების დეტალური აღწერა ნათელს ხდის, რა შინაარსის სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს კლასში. ზერელედ გადმოცემული ან მეტისმეტად ზოგადი ფორმით ჩამოყალიბებული მიზნები ქმნის საფუძველს არასწორი დასკვნებისა და არაადეკვატური გადაწყვეტილებებისთვის, განაპირობებს მოვლენათა მცდარ განვითარებას გაკვეთილის განმავლობაში.
შეცდომა #2 – გაკვეთილის შეფასება მოწყვეტილია/აცილებულია მოსწავლეთა იმ მოქმედებებს, რომლებზეც მიზნებში იყო საუბარი. გაკვეთილის შემდგომი რეფლექსიისთვის მომზადებული შეფასების პუნქტი იმის აღწერაა, როგორ განსაზღვრავს მასწავლებელი, მიაღწია თუ არა დასახულ მიზნებს მოცემულ გაკვეთილზე. შესაბამისად, შეფასება აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს გაკვეთილის მიზნებთან, გადაჯაჭვული უნდა იყოს მიზანში აღწერილ მოსწავლეთა საქმიანობასთან. სწორედ ობიექტური, გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეთა მიღწევებსა და პროგრესზე ფოკუსირებული შეფასებაა იმის საწინდარი, რომ მომდევნო გაკვეთილები უფრო უკეთ დაიგეგმება და განხორციელდება.
შეცდომა #3 – მოსწავლეთა აუცილებელი წინარე ცოდნა არ არის განსაზღვრული ან არ შეესაბამება გაკვეთილის მსვლელობაში მოსწავლეთა შედეგიანი მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციებს. თუ ისიც კი არ არის გარკვეული, რა უნდა იცოდეს და რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს დავალებების შესრულებაში და გაკვეთილის მიზნებს მიაღწიოს ან მისი მზაობა რადიკალურად არ შეესაბამება შესასრულებელ დავალებებს, მაშინ ის თავს ვერ გაართმევს სამუშაოს და წინასწარაა განწირული მარცხისთვის. კვლევა ადასტურებს, რომ სწავლის ნაყოფიერების 70% დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ფლობენ მოსწავლეები წინარე ცოდნას, ამიტომ წინარე ცოდნა ზუსტად და სრულად უნდ განისაზღვროს, ხოლო თუ წინასწარი სადიაგნოსტიკო ან განმავითარებელი შეფასების შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეები არ ფლობენ ამ წინარე ცოდნას, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საგაკვეთილო მიზნების განხორციელებაზე ზრუნვა.
შეცდომა #4 – გაკვეთილისთვის განსაზღვრული/მომზადებული რესურსები და დამხმარე მასალები არაარსებითია, მხოლოდ თვალს ჭრის, შინაარსობრივ კავშირებს კი არ წარმოაჩენს, მოჩვენებითად ამშვენებს გაკვეთილს. მხოლოდ ის რესურსებია აუცილებელი, რომლებიც მიზნებში აღწერილი მოქმედებებით გაჯერებული აქტივობების ჩასატარებლადაა საჭირო. თვალსაჩინოებებითა და სხვა რესურსებით გადატვირთვა სულაც არ სძენს გაკვეთილს ღირსებას, თუმცა არც მათი სიმწირე წაადგება ცოდნის ათვისების პროცესს.
შეცდომა #5 – სასწავლო პროცესი, რომელშიც მოსწავლეები უნდა ჩაებან, არ არის საკმარისად ნაყოფიერი იმის ასათვისებლად, რაც მიზნადაა დასახული. სასწავლო გეგმები, როგორც წესი, გადატვირთულია და მოსწავლეთა მიერ ამდენი სასწავლო მასალის ასათვისებლად უკიდურესად ეფექტიანი აქტივობების დაგეგმვაა საჭირო. ეფექტიანობა საზომია იმისა, რომ აქტივობის ჩატარებისას ნაკლები ძალისხმევით მიიღწევა იგივე შედეგი ან იმავე ძალისხმევით – მეტი. სხვაგვარად, სასწავლო პროცესი არა მარტო მოსწავლეზე, არამედ შედეგზე ორიენტირებულიც უნდა იყოს და აქტივობათა რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან ის უნდა განხორციელდეს, რომელიც უფრო ნაკლები ძალისხმევით უფრო მეტ შედეგს გამოიღებს, რათა არც მოსწავლეები გადაიღალონ და არც მასწავლებელს გაუწყდეს ქანცი. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა: უმჯობესია ნაკლები სავარჯიშო შესრულდეს, მაგრამ უფრო გულდასმით და სიღრმისეული წვდომით, ვიდრე ბევრი სავარჯიშო დახვავდეს, თავბრუდამხვევი კალეიდოსკოპის შთაბეჭდილება შეიქმნას და მხოლოდ ზედაპირზე სრიალით შემოვიფარგლოთ. ყოველ დავალებას კონკრეტული წვლილი უნდა შეჰქონდეს გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. მისაღებია მხოლოდ ის ვარიანტი, როდესაც მზარდი სირთულის, თანმიმდევრობით დალაგებული მიზანმიმართული აქტივობების ოპტიმალურ სისტემას საფეხურებრივად მიჰყავს მოსწავლეები საჭირო კომპეტენციების დაუფლებისკენ.
შეცდომა #6 – მოსწავლეთა საქმიანობა გაკვეთილის განმავლობაში არ უწყობს ხელს დასახული მიზნების მიღწევას. თანამედროვე გაკვეთილი აღარ ტოვებს დროს მომხიბვლელი, მაგრამ თვითმიზნური აქტივობებისთვის, რომლებსაც პირდაპირ არ მივყავართ საგაკვეთილო მიზნისკენ. მოსწავლეები მხოლოდ იმისთვის არ უნდა ფუსფუსებდნენ გაკვეთილზე, რომ რამით იყვნენ დაკავებული. მიზანმიმართული აქტივობების ზედმიწევნით ზუსტად და სრულყოფილად შესრულებისკენ მოსწავლეების წასაქეზებლად უმნიშვნელოვანესია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივაციაც – სწორი შეფასების სქემის/რუბრიკის შედგენა მოსწავლეებთან ერთად ან მათთვის ასეთი სქემის წინასწარ, აქტივობის დაწყებამდე გაცნობა; აგრეთვე ნიშნების დახვეწილი სკალის გამოყენება იმ კლასებში, სადაც ნიშნები იწერება.
ყველა ეს შეცდომა უცილობლად მოუვა მასწავლებელს, თუ მის გონებაში მომწიფდა საინტერესო იდეა გაკვეთილისთვის, მაგრამ:
  • მან გაკვეთილი არ დაგეგმა მეტ-ნაკლებად დეტალური ჩანაწერების შესრულების გზით და მომდევნო დღეს სპონტანურად წარმართა იგი საკუთარი გამოცდილებისა და იმპროვიზაციის უნარის იმედად, ან
  • გაკვეთილის დაგეგმვის ჩვეული წესი, დაგეგმვის სახელმძღვანელო სქემა/ჩარჩო შეუფერებელია მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის, ან
  • გაკვეთილის მსვლელობის მისეული ხედვა კვლავაც ტრადიციულია და ძვალ–რბილში ისე აქვს გამჯდარი, რომ ვერაფრით ახერხებს მისგან განთავისუფლებას საგაკვეთილო ვითარებაში.
ამიტომ მნიშვნელოვანია გაკვეთილების დაგეგმვაზე მუშაობის ხერხების გაცნობიერება, რათა თავიდან ავიცილოთ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპური შეცდომები და ამით გამოწვეული მძიმე შედეგები სწავლებაში.
რეკომენდაციები გაკვეთილის დაგეგმვის თაობაზე
გაკვეთილების დაგეგმვის უნარ–ჩვევა ფუნდამენტურია ყველა მასწავლებლისთვის და ყოველი მასწავლებელი გაწაფული უნდა იყოს მასში, თუმცა დაოსტატებას საკმაოდ დიდი დრო, ძალისხმევა და პრაქტიკა სჭირდება. ამ უნარ-ჩვევის განვითარებას საფუძვლად უდევს აუცილებელი წინასწარი დაფიქრება იმის შესახებ, როგორი გაკვეთილის ჩატარებას მოითხოვს სასწავლო გეგმა და კლასში შექმნილი ვითარება მოსწავლეთა მზაობისა თუ საჭიროებების გათვალისწინებით.
თუ თქვენ მიერ შედგენილი გეგმა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ჩათვალეთ, რომ კარგი გეგმა არ დაგიწერიათ. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ კარგი გეგმა სპეციფიკური უნდა იყოს. ამ სპეციფიკურობას გაკვეთილს შესძენს არა მხოლოდ სპეციფიკური სასწავლო შინაარსის ან მიზნების გააზრება და მათთან დაკავშირებული წინარე ცოდნის ჩამონათვალის შექმნა, არამედ მოსწავლეებისა და მასწავლებლის იმ აქტივობათა მოძიება/შედგენა და თანწყობის მიგნება, რომლებიც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას განსაზღვრავს. შესაფერისი რესურსებისა და შეფასების სისტემის (როგორც მოსწავლეებისა, ასევე გაკვეთილისა) შემადგენელი კომპონენტები შეკრავს და დაასრულებს გაკვეთილის სპეციფიკურ სახეს.
გაკვეთილის ჩანაფიქრი/იდეა სქემატურად ასე შეიძლება გამოიხატოს:
შენატანი    პროცესი     გამოსავალი
სადაც:
შენატანი მოიცავს იმ რესურსებსა და ინფორმაციას (მაგალითად, გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო დრო; მოსწავლეთა მზაობის, ინტერესებისა და სასწავლო პროფილის სპექტრი), რომელიც აუცილებელია პროცესის წარმატებით წარმართვისთვის;
პროცესი იმ აქტივობათა თანმიმდევრობაა, რომელსაც მოსწავლეები და მასწავლებელი ასრულებენ გაკვეთილის განმავლობაში. ამასთანავე, მასწავლებლის მიერ შესრულებულ ყოველ მოქმედებასთან ერთად გააზრებულ უნდა იქნეს მოსწავლის მიერ შესასრულებელი თანმხლები ან მომდევნო მოქმედებაც ისე, რომ მოსწავლეთა აქტიურობა, მათი მონაწილეობის ინსტენსივობა და ჩაბმულობის რაოდენობრივი მაჩვენებლები რაც შეიძლება მაღალი იყოს; სხვაგვარად, მასწავლებლის აქტივობა კი არ უნდა დომინირებდეს გაკვეთილზე, არამედ მოსწავლეთა აქტივობა, ხოლო მასწავლებელი ძირითადად ფასილიტატორის როლში უნდა მოგვევლინოს.
ბუნებრივია, არის საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა აუხსნას ან შეატყობინოს მოსწავლეებს, ანუ მასწავლებლის როლი მხოლოდ დავალების ინსტრუქციების გაცემაზე არ დაიყვანება, მაგრამ სასწავლო პროცესის ძირითადი ნაწილის განმავლობაში სწორედ მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩაბმული მასწავლებლის დავალებით განსაზღვრულ სააზროვნო-შემოქმედებით პროცესში, ხოლო მასწავლებელი:
  • უწყვეტად უნდა ახორციელებდეს განმავითარებელ შეფასებას, აკვირდებოდეს მოსწავლეთა საქმიანობას და იძლეოდეს კონსტრუქციულ უკუკავშირს;
  • საჭირო შემთხვევებში სკაფოლდინგის საშუალებით ერეოდეს დისკუსიებში;
  • წარმართავდეს მომდევნო აქტივობებს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაძლიეს წინა დავალება მოსწავლეებმა;
  • მოსწავლეთა შეფერხებისა თუ ხარვეზების აღმოჩენის ან სასწავლო პროცესის გამდიდრების საჭიროების დადგენის შემთხვევაში ახდენდეს რეაგირებას სწავლების დიფერენცირებით.
ალბათ, ისიც ყველასთვის ცხადია, რომ პროცესი უნდა დაიწყოს შესავალი აქტივობით (მაგალითად, „ყინულის გალღობა“, უჩვეულო ფაქტებისთვის მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, ინტერესის აღძვრა, მათი მზაობის დონის შესახებ მონაცემების მოძიება, შესასწავლი ტერმინების სიის გაცნობა და ა.შ) და დასრულდეს შემაჯამებელი აქტივობით (მაგალითად, აქტივობათა შეფასება, შემაჯამებელი ბარათების აქტივობა, მასწავლებლის ან მოსწავლეების შეჯერებული დასკვნები, „ხიდის გადება“ შემდგომი გაკვეთილისკენ და ა.შ). რადგან აქტივობათა მსვლელობის ყველა წინასწარი დროითი გათვლა მიახლოებითია, ამიტომ ძირითად, საბაზო აქტივობებთან ერთად მიზანშეწონილია წინასწარ დაიგეგმოს ორი ტიპის აქტივობები:
ა) არჩევითი აქტივობები – ეს ის აქტივობებია, რომელთა ჩატარება სასურველია, თუმცა აუცილებლობის (მაგალითად, დროის დეფიციტის) შემთხვევაში იოლად შეიძლება გეგმიდან მათი ამოგდება. ხშირად მასწავლებლები ასეთ აქტივობებზე ამბობენ: „თუ დრო საშუალებას მომცემს, ნამდვილად ჩავატარებ, ისეთი კარგია“.
ბ) სარეზერვო აქტივობები – ეს ის აქტივობებია, რომლებიც საკვანძო არ არის გაკვეთილისთვის, მათი გამოტოვება გაკვეთილს ეფექტიანობას არ დაუკარგავს, თუმცა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ატარებს მასწავლებელი, თუ ძირითადი აქტივობები გათვალისწინებულზე სწრაფად დასრულდება და დრო მორჩება.
დაბოლოს, დაუშვებელია მთელი გაკვეთილის დაგეგმვა მხოლოდ ლოგიკურ-ვერბალურ ან რომელიმე სხვა ერთ სასწავლო სტილზე მორგებით. ყოველი კლასის მოსწავლეთა სასწავლო პროფილი მრავალფეროვანი და უნიკალურია. ეს მრავალფეროვნება მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს, გაარკვიოს და გაითვალისწინოს, რათა რაც შეიძლება მეტ პროფილს მიაგოს სათანადო ყურადღება და შეუქმნას მოსწავლეებს კომფორტული სასწავლო პირობები გაკვეთილის თუნდაც რომელიმე მონაკვეთში იმით, რომ საკვანძო საკითხები რამდენიმე სტილზე გათვლით წარმოაჩინოს. მაგალითად, თუ მასწავლებელი მათემატიკური სასწავლო საკითხის რომელიმე აბსტრაქტულ ასპექტს ეხება, მაშინ მისი ლოგიკურ-ვერბალური სტილით პრეზენტაციის შემდეგ გრაფიკულ-სქემატური ხერხებითაც წარმოადგინოს და გააზრებისთვის კომფორტული პირობები შეუქმნას როგორც ინტროვერტ, ასევე ექსტრავერტ მოსწავლეებსაც, მაგალითად, დავალების შესრულების პროცესში მათი დაჯგუფება-განცალკევებისა თუ დავალების პროდუქტის დემონსტრირების ხერხების საშუალებით.
გამოსავალი არის იმ შედეგების ერთობლიობა, რომლებითაც დაგვირგვინდა პროცესი – მოსწავლეთა პროგრესი, მათი მიღწევები, დასახულთაგან მიღწეული და ვერმიღწეული მიზნები, შესრულებული და ვერშესრულებული აქტივობები თუ დავალებები, მიღებული გამოცდილება, სამომავლოდ გასათვალისწინებელი დასკვნები და სხვა.
ასეთი წესით დაგეგმილი გაკვეთილი ვერასგზით ვერ დაემსგავსება ცოდნის გადაცემა-ათვისების სქემას მორგებულ ტრადიციულ გაკვეთილს, სადაც ათვისება და გაწაფვა მხოლოდ მასწავლებლის მიბაძვით და მისი ნათქვამის დამახსოვრება-გამეორებით ხდება მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ასათვისებელი მოქმედების მოდელირებას მოახდენს. პირიქით, მოსწავლეები ბუნებრივად აღმოჩნდებიან ისეთი სასწავლო პროცესის მონაწილენი, სადაც ცოდნის ათვისება ძირითადად გაგება-გააზრებითა და ათვისებული ცოდნის ტრანსფერით (ანუ გადატანით) ხდება და არც ახალი ცოდნის აგება-კონსტრუირებაა გამორიცხული. ამასთანავე, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩაბმულია სააზროვნო-შემოქმედებით პროცესში სასწავლო საკითხთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად პროგრესირებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიმართულებით, თუმცა ყველა მოსწავლეს ერთნაირად მაღალი შედეგები ვერ ექნება, საკითხის დამუშავების საწყის ეტაპზე მაინც.


სიმორცხვე ბავშვებში და მისი დაძლევის გზები


ვფიქრობ, ძნელია ისეთი აღმზრდელის პოვნა, რომელსაც მორცხვი ბავშვი არ შეხვედრია და არ იცის, როგორ იქცევა ის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისთვის უცხო გარემოში ხვდება. თუმცა ბევრი ადამიანი ბავშვის სიმორცხვეს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ალბათ ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მორცხვი ბავშვი აღმზრდელს სერიოზულ პრობლემებს ნამდვილად არ უქმნის. ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ სიმორცხვის გამო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს.

პატარა სანდროს შემთხვევა ამ ფაქტის შესანიშნავ დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს. 6 წლის სანდრო პირველი კლასის მოსწავლეა, მშვიდი, წყნარი, აუღელვებელი, გაკვეთილზე მასწავლებელს ყურადღებით უსმენს, თუმცა, დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სანდრო გონებრივი განვითარების საკმაოდ მაღალი დონით ხასიათდება. ცოდნაც საკმარისი აქვს იმისათვის, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაუჭირდეს, თუმცა, ხელს არასოდეს იწევს, პასუხის გაცემის და ცოდნის გამომჟღავნების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს. ხოლო, როცა მასწავლებელი მას პირადად მიმართავს, ის მორცხვად, თავჩაღუნული დგას და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არაფერი იცის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შევეცადე სანდროს ღირსებებზე მისი თანაკლასელების თანდასწრებით მესაუბრა - "სანდრო ისეთი ჭკვიანი და გონიერი ბიჭია, ისეთი დავალებების შესრულება შეუძლია, რომელსაც ზოგი მასზე უფროსი ბავშვიც კი ვერ ასრულებს". (ასეთი შესაძლებლობები ბავშვმა ნამდვილად გამოამჟღავნა ჩვენი პირველივე შეხვედრის დროს). ამ სიტყვების მოსმენისას სანდრომ თავი ასწია, გაეღიმა და მასწავლებლის შეკითხვას უპრობლემოდ უპასუხა. მორცხვი ბავშვები ხშირად ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და იმ სირთულეების გამო, რომლებსაც განიცდიან თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას, ისინი პოზიციებს იმათ უთმობენ, ვინც შესაძლოა ნაკლებად ნიჭიერი, თუმცა უფრო აქტიურია.
სიმორცხვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება, შფოთვის მაღალი დონე, უინიციატივობა, ჩაკეტილობა, შებოჭილობა, დაბალი ხმით საუბარი, შიში, საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, დაძაბულობა, მოუხერხებლობა, საუბრის დაწყების შიში. მორცხვ ბავშვს ძალიან უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, საუბრისას თავდახრილია და გაურბის თანამოსაუბრისთვის თვალებში შეხედვას, უპირატესობას ანიჭებს მშვიდ თამაშებს. როგორც წესი, თამაშისას ან მეორეხარისხოვან როლს ირჩევს ან საერთოდ არ იღებს მასში მონაწილეობას. ცდილობს იყოს შეუმჩნეველი თანატოლთა შორის. ურჩევნია დარჩეს ჩრდილში. გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. არ უყვარს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რადგან ამ დროს ხშირად იბნევა, ავიწყდება სიტყვები. ის დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მხოლოდ მისკენაა მიმართული, და, რომ ეს ყურადღება აუცილებლად ნეგატიურია, რომ გარშემომყოფები კრიტიკულად აფასებენ მის გარეგნობას, ქცევას, ხედავენ ყველა მის ნაკლს და ა.შ. მორცხვი ადამიანი მწვავედ განიცდის საკუთარ ნაკლს, საკუთარ დადებით თვისებებს ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს. ეშინია, რომ სხვის თვალში სულელად გამოჩნდება, ნებისმიერი კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, არ შეუძლია თავის დაცვა, მუდმივად განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. როგორ წესი, სიმორცხვის თანმხლებია ისეთი სომატური გამოვლინებებიც, როგორიცაა: პულსის გახშირება, სისხლის წნევის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, სახის გაწითლება, არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში, მთელი სხეულის დაჭიმულობა. ადრეულ ბავშვობაში თითქმის ყველა პატარა გადის სიმორცხვის პერიოდს. ამის შემჩნევა არც ისე ძნელია - ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან შეხვედრისას მორცხვი ბავშვი, როგოც წესი, დედის ზურგს უკან იმალება, წითლდება და გაურბის ურთიერთობას. ამ ასაკში ბავშვმა სიმორცხვე შეიძლება უახლოეს ადამიანებთანაც კი გამოამჟღავნოს. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში, ბავშვი ახერხებს სიმორცხვის დაძლევას. თუმცა ზოგიერთ ბავშვს სიმორცხვე ხასიათის თვისებად უყალიბდება და ის შეიძლება მოზრდილობის პერიოდშიც შენარჩუნდეს. ზღვარგადასული სიმორცხვე კი, როგორც წესი, პიროვნების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. ამდენად სასურველია, რომ სიმორცხვის დაძლევაზე ბავშვის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ვიზრუნოთ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოვახერხოთ, უნდა ვიცოდეთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სიმორცხვის გამომწვევი მიზეზი.
სიმორცხვის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·ბიოლოგიური, გენეტიკური განპირობებულობა, ნერვული სისტემის ტიპი. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, მორცხვი ბავშვის მშობლებიდან ხშირ შემთხვევაში ერთი მაინც ხასიათდება სიმორცხვით. როგორც წესი, ბავშვი მშობლის ქცევის იმიტაციას მიმართავს. ამდენად, თუ მშობელი მორცხვობს, დიდი ალბათობით ბავშვიც მორცხვი იქნება;
·სტრესული სიტუაცია - თუ ბავშვი უცხო სიტუაციაში დაამცირეს სხვების თანდასწრებით, შეიძლება მას გაუჩნდეს უნდობლობა ადამიანების მიმართ ურთიერთობის შიში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ასევე სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, სხვა სკოლაში გადასვლამ, მშობლების დაცილებამ, დაუცველობის გრძნობამ, უსაფრთხოების არარსებობამ;
·მშობლების დამოკიდებულება შვილთან - მკაცრი, კრიტიკულად განწყობილი ავტორიტარი მშობლების შვილები, როგორც წესი, საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და მორცხვობენ. თუ ბავშვი მხოლოდ საყვედურებს და კრიტიკას ისმენს მშობლისგან, დიდი ალბათობაა, რომ ის მორცხვი გახდეს. ზედმეტი კრიტიკის გამო, ბავშვს ხშირად ეშინია შეცდომის დაშვება და სწორედ ეს იწვევს სიმორცხვეს. ამ გზით ის კრიტიკისაგან „თავის დაცვას ახერხებს". მშობლების მხრიდან უყურადღებობა ან პირიქით, ზედმეტი ყურადღება და ჰიპერმზრუნველობაც შეიძლება სიმორცხვის გამომწვევ მიზეზად იქცეს.
უნდა ითქვას, რომ დროებითი სიმორცხვე არ საჭიროებს კორექციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როცა ვხედავთ, რომ სიმორცხვე ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია. სიმორცხვის დაძლევა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ, სანამ ის ხასიათისა და ქცევის მყარ თვისებად არ ჩამოყალიბებულა.

რეკომენდაციები სიმორცხვის დასაძლევად:
·მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში, ყველა თავისი ღირსებითა და ნაკლით, ყველა თავისი პიროვნული თვისებით;
·ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებს: „შეხედე, როგორი თამამი და გაბედული გოგონაა ნინი, რა კარგად გამოვიდა სცენაზე ამდენი ხალხის წინაშე. როგორ მინდა, შენც ასეთი იყო".
·ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის წარუმატებლობაზე, პირიქით, შეეცადეთ არ გამოგრჩეთ მისი სულ უმნიშვნელო მიღწევაც კი და შეაქეთ წარმატებისთვის (ზემოაღწერილ შემთხვევაში სანდროს ქცევამ კარგად დაგვანახა, როგორ მოქმედებს ბავშვზე მისი, თუნდაც სულ უმნიშვნელო წარმატების აღნიშვნა, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით);
·ნუ მიაკერებთ ბავშვს მორიდებულის და მორცხვის იარლიყს. ნუ ისაუბრებთ სიმორცხვეზე მისი თანდასწრებით;
·არ დაუშვათ, რომ ადამიანებმა დასცინონ და შეარცხვინონ ბავშვი მორიდებულობის, სიმხდალისა და მარცხის გამო;
·შეეცადეთ განუმტკიცოთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა კომენტარებით - „ყველაფერი გამოგივა", „კარგად ხარ მომზადებული" და ა.შ.
·ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეზე (მაგ. სხვა ადამიანის გრძნობის გაგების უნარი, თავშეკავება, სიფრთხილე) და არა სიმორცხვეზე. ნუ გამოვიყენებთ ბავშვის დასახასიათებლად ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: მორცხვი, მორიდებული, მხდალი და ა.შ.
·ნუ მოითხოვთ ასეთი ბავშვისგან, რომ იყოს თამამი, გაბედული. თქვენი მოთხოვნები ამ შემთხვევაში შედეგს ვერ გამოიღებს. მორცხვი ბავშვისკენ მიმართული სიტყვები - „აქ არაფერია საშიში" - ხშირად ვერაფერს ცვლის. უკეთესი იქნება ისეთი პირობების შექმნა, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. შიშის გაფანტვის საუკეთესო საშუალება დედასთან სიახლოვე, მისი ალერსია. ნუ ვუყვირებთ ნურც ბავშვს და ნურც სხვას ბავშვის თანდასწრებით;
·ნუ შეგვაშინებს ის, რომ განვითარებისთვის კომფორტული პირობების შექმნით და ნეგატიურის თავიდან აცილებით ჩვენ ბავშვს „სათბურის" პირობებს შევუქმნით, რის გამოც მომავალში შეიძლება მას ძალიან გაუჭირდეს მკაცრ რეალობასთან შეგუება. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული მზრუნველობა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელის შეშველება შეიძლება მართლაც ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. საჭიროა მისთვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნა, რომელიც მას საკუთარი თავის რწმენასა და დამოუკიდებლობას შეჰმატებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივცეთ გარკვეული თავისუფლება, იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და გადაჭრას პრობლემა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არ დავტოვოთ ის მარტო იმ სირთულეების პირისპირ, რომლისთვისაც ჯერ მზად არ არის.
გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თავისთავად სიმორცხვე ტრაგედია არ არის. თუმცა უყურადღებოდ დატოვებისა და დაუძლევლობის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, ის სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს და განვითარების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორადაც მოგვევლინოს.




რატომ ამბობენ ბავშვები ტყუილს

ალბათ, ძნელი იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც არასოდეს უთქვამს ტყუილი. ამა თუ იმ მიზეზის გამო, მოგვწონს ეს თუ არა, ტყუილს ვამბობთ ყველა. თუმცა, ბავშვების და უფროსების ტყუილი ხშირად სრულიად განსხვავებულად აღიქმება და რეაქციებიც სრულიად განსხვავებული მოჰყვება. ვფიქრობ, ტყუილი არავის მოგვწონს და გვწყინს კიდეც, როცა გვატყუებენ, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ უფროსების ტყუილის მიმართ გაცილებით მეტ შემწყნარებლობას ვიჩენთ, ვიდრე ბავშვების ტყუილის მიმართ. ერთხელ, მესამეკლასელი ლუკას დედამ მომმართა თხოვნით, რომ მისი მატყუარა შვილის „მორჯულებაში" დავხმარებოდი. ჩვენს შორის საინტერესო და საყურადღებო დიალოგი გაიმართა - „იცით, მუდმივად მატყუებს. ამასთან, ყოველი ტყუილის შემდეგ მპირდება, რომ ამას აღარ გაიმეორებს. თუმცა, მეორე დღეს ისევ იტყუება". „მაინც რას გატყუებთ, რის დამალვას ცდილობს თქვენგან ბავშვი"? - ვკითხე შვილის საქციელით შეწუხებულ დედას. ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ ცუდი ნიშნების მიღების შემთხვევაში არაფერს მეუბნება და თუ რაიმეს ვკითხავ, მიმალავს, რომ მოუმზადებელი წავიდა სკოლაში, დავალება არ შეასრულა და არასასურველი შეფასებაც დაიმსახურა". „ასეთ დროს სიმართლე რომ ეთქვა ლუკას, თქვენ როგორ მოიქცეოდით"? - დავინტერესდი დედის რეაქციით. „რა თქმა უნდა ვცემდი! როგორ, მე ამდენს ვწვალობ მისთვის და მან ნიშნებიც არ უნდა მიიღოს ჩემი მოსაწონი"?! - აღშფოთებას ვერ მალავდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი. „იქნებ სწორედ დასჯის შიში ათქმევინებს ლუკას ტყუილს"? - შევეცადე „პატარა მატყუარას" დაცვას. „იცით, მე მას დავპირდი, რომ თუ სიმართლეს მეტყოდა, სასჯელს შევუმსუბუქებდი, თუმცა ამანაც ვერ უშველა". "მაინც როგორ აპირებდით სასჯელის შემსუბუქებას? ორ ლოყაში რომ აპირებდით სილის გაწვნას, მერე ერთში გაარტყამდით ალბათ". - გაოცება ვერ დავმალე დედის სიტყვების მოსმენისას. ახალგაზრდა ქალბატონი ჩააფიქრა ჩვენმა საუბარმა.

არავინ იბადება მატყუარად, ისევე, როგორც ვერავინ ახერხებს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ სიმართლეს ამბობდეს. ადრე თუ გვიან, ბავშვები იწყებენ ტყუილის თქმას. სასურველია, რომ ტყუილი არ ჩავთვალოთ უჩვეულო და ანომალიურ მოვლენად. უფრო მეტიც, ბავშვის განვითარების ადრეულ ასაკში ის, რასაც ჩვენ სიცრუედ აღვიქვამთ, შეიძლება უბრალოდ ბავშვური ფანტაზიის პროდუქტი იყოს. ამაზე კარგად, მეტყველებს პატარა ნინის შემთხვევა, რომელმაც მისი მეზობლები საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთ დღეს ეზოში სათამაშოდ გამოსული პატარა ნინის ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა ქალბატონმა ჩვილი ბავშვით ხელში, რომელსაც ყველა გარს ეხვეოდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბავშვის სილამაზის გამო. ნინი მიუახლოვდა მათ და ამაყად განუცხადა: „იცით, მეც მყავს პატარა ძამიკო". ყველამ გაოცებით შეხედა პატარა გოგონას, რადგანაც იცოდნენ, რომ ის ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. „როგორ შენი დედიკო მისი დედიკოცაა"? - ცნობისმოყვარეობა ვერ დამალეს მეზობლებმა. „არა ჩემი დედიკო არა, მაგრამ ჩემი მამიკო მისი მამიკოცაა. მე მას ხშირად მივყავარ ჩემი ძამიკოს სანახავად". - კვლავ აგრძელებდა მეზობლების გაოცებას პატარა ნინი. ყველა ისე აღაშფოთა და გაანაწყენა ბავშვისგან მიღებულმა ინფორმაციამ, რომ მეორე დღეს ეზოში გამოსულ ნინის მამას აღარავინ ესალმებოდა. „ჩვენ ის წესიერი კაცი გვეგონა და ასე როგორ მოექცა საკუთარ ცოლ-შვილს"! - სიბრაზეს ვერ მალავდნენ მეზობლები. ბოლოს, როცა გაირკვა, რომ ნინი მამამისის ერთადერთი შვილი იყო, მეზობლები ძალიან შეაწუხა საკუთარმა საქციელმა. მშობლებს კი ბავშვის დასჯა ასეთი ტყუილის გამო არც უფიქრიათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ეს ტყუილი კი არა, უბრალოდ ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო. პატარა ბავშვისთვის საზღვრები სიმართლესა და სიცრუეს შორის არც ისე აშკარა, ცხადი და ნათელია. ტყუილის საშუალებით ისინი ხშირად ალამაზებენ სინამდვილეს, ფანტაზიორობის გზით ავსებენ იმ სიცარიელეს, რაც მათ ცხოვრებაშია და აუხდენელ ოცნებებს „რეალობად აქცევენ".
რამდენადაც ტყუილების თქმა ბავშვებში გარდაუვალია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან ფაქტის წინაშე დავდგებით. ამდენად, სასურველია გავერკვეთ, თუ როდის და რატომ იტყუება ბავშვი და რა გავაკეთოთ, როცა ბავშვი ასე იქცევა.
ბავშვებში ტყუილის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:
1.ბავშვებში ტყუილის ყველაზე ხშირი მიზეზია დასჯის შიში, უზომო სიმკაცრე, სასჯელისაგან თავის დაცვა. თუ ბავშვს მუდმივად მკაცრად ეპყრობიან, მუდმივად მკაცრად სჯიან ჩადენილი საქციელის გამო, ის აუცილებლად იტყვის ტყილს იმისათვის, რომ მორიგი დასჯა აიცილოს თავიდან. ტყუილი, ამ შემთხვევაში, ბავშვისთვის გარემოსთან ადაპტაციის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ეს იყო, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ლუკას ქცევის მოტივი, როცა ის დედას ატყუებდა;
2.ადრეულ ბავშვობაში, როგორც ეს ნინის შემთხვევამაც გვიჩვენა, ტყუილების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფანტაზიორობაა. ხშირად ძალიან ძნელია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ტყუილის თქმა და ფანტაზიორობა. ფანტაზიები პატარა ბავშვისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის სიზმრები, რომლებსაც ბავშვები გახელილი თვალებით ცხადში ხედავენ. ფანტაზიორობა ბავშვისთვის არის ერთგვარი გაქცევა სინამდვილიდან, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, აუხდენელი ოცნებების ასრულების საუკეთესო საშუალება. ფანტაზიორები ყველაზე საყვარელი და მომხიბვლელები არიან ყველა პატარა მატყუარას შორის. ასეთი ტყუილი ხშირად უფრო შემოქმედობითობის და ხატოვანი აზროვნების გამოვლენაა. ფანტაზიორების ტყუილი სრულიად უვნებელი ტყუილი აღმოჩნდება, თუ ამას დროულად მივხვდებით და საჭირო მიმართულებით წარვმართავთ მას;
3.ტყუილი ხშირად ბავშვისთვის კარგი საშუალებაა ცხოვრების შესამსუბუქებლად და გასალამაზებლად. თუ მშობლები მუდმივად აკრძალვებს უწესებენ შვილს, ნებისმიერ მის თხოვნას იგნორირებას უკეთებენ, მას მოუწევს ტყუილის თქმა იმისათვის, რომ აკრძალვებს თავი დააღწიოს;
4.ხშირად ბავშვი ცდილობს ტყუილის საშუალებით დაიცვას საკუთარი თავი და მშობელიც არასაჭირო და მოჭარბებული „ემოციური აფეთქებისაგან". თუ მშობელი მუდმივად წუხს, ნაღვლიანია, ჩხუბობს, გული ცუდად უხდება და ამაში ადანაშაულებს ბავშვს, ეუბება, რომ მის მიერ ჩადენილი საქციელის გამოა ასე, ამით ის თვითონ უკეთებს პროვოცირებას შვილის ტყუილს. ასეთ დროს ბავშვს ურჩევნია დამალოს თავისი მარცხი, ცუდი ნიშანი იმისათვის, რომ არ გაანაწყენოს მშობელი და სიმშვიდე არ დაარღვიოს ოჯახში;
5.არცთუ ისე იშვიათად ბავშვს ტყუილისკენ უბიძგებს უზომო დატვირთვა სასწავლო დავალებებით. მეხუთეკლასელი გიო შეწუხებული იყო იმის გამი, რომ არდადეგებზე შესასრულებლად უამრავი დავალება მისცეს მასწავლებლებმა - „თითოეულ ჩემს მასწავლებელს ჰგონია, რომ მისი საგნის მეტს არაფერს ვსწავლობ. ყველამ სათითაოდ იმდენი დავალება მომცა, რომ მთელი არდადეგები არ მეყოფა მის შესასრულებლად". - შეშფოთებას ვერ მალავდა განაწყენებული გიო. იმისათვის, რომ თავი დაეღწია ასეთი დატვირთისგან და არდადეგებიც მხიარულად გაეტარებინა, მან დედას დაუმალა და არაფერი უთხრა დავალებების შესახებ;
6.ხშირად ტყუილების მიზეზი შეიძლება გახდეს არასრულფასოვნების კომპლექსი და დაქვეითებული თვითშეფასება - ბავშვი შეიძლება უკმაყოფილო იყოს საკუთარი თავით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლები ხშირად აკრიტიკებენ და ამით პატარა ადამიანში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას და თვითშეფასების დაქვეითებას უწყობენ ხელს. ტყუილის თქმა, ასეთ შემთხვევაში, ბავშვის მხრიდან არის მცდელობა შეცვალოს, შეალამაზოს არცთუ ისე ნათელი რეალობა და როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა თვალში პატივისცემისა და აღფრთოვანების ღირსი გახდეს. ასეთ დროს ბავშვი იტყუება იმისათვის, რომ აიმაღლოს სტატუსი თანატოლებთან, რათა ამხანაგების თვალში უკეთესად გამოიყურებოდეს. ამ მიზნით ის იწყებს თავის ქებას და საკუთარი თავისთვის ისეთი რამის მიწერას, რაც რეალობისაგან ძალიან შორსაა.
რეკომენდაციები ბავშვებში ტყუილს დასაძლევად:
1.შევეცადოთ რაც შეიძლება მშვიდად, აუღელვებლად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე ვესაუბროთ ბავშვს;
2.ვთხოვოთ, რომ გვითხრას სიმართლე. ამასთან, წინასწარ დავპირდეთ, რომ არ გავბრაზდებით და არც დავსჯით მას. დიდი ალბათობით ბავშვი გულწრფელი იქნება და არ იტყვის ტყუილს, თუ არ შეეშინდება დასჯის, მშობლების განრისხების და ყველაზე საყვარელი ადამიანების სიყვარულის დაკარგვის, თუ დარწმუნდება, რომ არ დაამცირებენ, რაც არ უნდა მოხდეს;
3.ბავშვთან საუბრისას ხაზგასმიოთ უნდა ავღნიშნოთ, თუ როგორ ძლიერ გვიყვარს ის, და, რაც არ უნდა ჩაიდინოს, ნაკლებად არ გვეყვარება. შევეცადოთ მხარი დავუჭიროთ მას ნებისმიერ სიტუაციაში;
4.როცა ბავშვი ჩვენს მიმართ ნდობას ამჟღავნებს და გვიყვება სიმართლეს, დაპირება შევასრულოთ, ნუ გავკიცავთ მას. შევეცადოთ არ დავკარგოთ ბავშვის ნდობა და ურთიერთგაგება;
5.დავეხმაროთ ბავშვს გაერკვეს შექმნილ სიტუაციაში. ავუხსნათ მას როგორ აჯობებდა მოქცევა მოცემულ სიტუაციაში;
6.ბავშვთან საუბარი დავასრულოთ კიდევ ერთი დაპირებით, რომ ჩვენ მას ნებისმიერ სიტუაციაში დავეხმარებით, რადგანაც ძალიან გვიყვარს ის;
7.ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ქმედებაში - რა თქმა უნდა ერთი საუბარი არ იქნება საკმარისი ნდობის სრულად აღსადგენად. თუმცა, თუ ბავშვთან ურთიერთობაში მუდმივად ერთი სქემით ვიმოქმედებთ, ჩვენ წარმატებით ჩამოვაყალიბებთ ბავშვთან ნდობის ატმოსფეროს. ჩვენში ის დაინახავს არა მკაცრ აღმზრდელს, არამედ კეთილ მეგობარს, რომელთანაც შესაძლებელი იქნება პრობლემების გაზიარება და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიება.
დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, თუ რა ძალა აქვს პირად მაგალითს ბავშვთან ურთიეთობაში. რამდენადაც გულწრფელი, პატიოსანი და გახსნილი ვიქნებით ჩვენ თვითონ, იმდენად ადვილი იქნება ბავშვისთვის ჩვენგან ამ თვისებების მიღება. შევქმნათ თანხმობისა და ჰარმონიის ატმოსფერო ბავშვთან ურთიერთობაში და მაშინ ისინი აღარ დაიწყებენ უსიამოვნებებისა და სიმარტოვისაგან თავის დაღწევას ტყუილებით.





მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება

დიმიტრი უზნაძისა და შარლოტა ბიულერის კვლევებზე დაყრდნობით

არდადეგების პერიოდში მშობლებისა და პედაგოგების განსაკუთრებული საზრუნავია ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევა. იმისთვის, რომ ბავშვი წიგნმა გაიტაცოს და კითხვა შეუყვარდეს, ძალზე მნიშვნელოვანია, საკითხავი ლიტერატურა მის ინტერესებსა და ასაკს შეესატყვისებოდეს.
დ. უზნაძემ მოსწავლეთა ინტერესების სფეროები ლიტერატურული ინტერესების განვითარებაზე დაყრდნობით იკვლია. აღნიშნული კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში დამუშავდა.
კვლევის მონაცემების თანახმად, 8-9 წლის ბავშვი მეტი ხალისით კითხულობს იმ წიგნს, რომლის სიუჟეტიც მისი თანატოლის ცხოვრებას, მის ყოველდღიურ გამოცდილებას ასახავს. შესწავლილი ბავშვების 41,3% სწორედ ამ მოტივით ანიჭებდა წიგნებს უპირატესობას. 18,4% პროცენტისთვის მომხიბვლელი გახლდათ ზღაპრული შინარსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში წამყვანი პირობა წიგნში მხიარული ეპიზოდების ან იუმორისტული სცენების არსებობა იყო. უზნაძის თანახმად, „ბავშვს ცრემლი და უბედურება არც წიგნში არ უყვარს, იგი მასში უსიამოვნო ნალექს ტოვებს, და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წიგნი იმ წიგნთა სიაში მოაქციოს, რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს" (უზნაძე, 2005, გვ 491).
ამ ორთან ერთად უზნაძე ხაზს უსვამს კიდევ ერთ ფაქტორს - წიგნი, მასში არსებული ლექსიკა ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან იმის შესახებ, მოეწონა თუ არა წიგნში აღწერილი სიუჟეტი, გამოიწვია თუ არა მასში ღიმილი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს, თუ წაკითხული კარგად გაიგო.
ბავშვისთვის ახალშეძენილი ჩვევა და მასში დახელოვნება, საზოგადოდ, სასიამოვნოა, ამიტომაც მას ისეთი წიგნი მოსწონს, რომელიც ამ პირობის ამოქმედების საშუალებას აძლევს, კერძოდ, გასაგებია და სასიამოვნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს რისკი, ბავშვს კითხვის ხალისი თავიდანვე ჩაუქრეს.
8-9 წლის ბავშვები წიგნის დადებით მხარედ ილუსტრაციებსა და დიდ შრიფტსაც ასახელებდნენ.
საინტერესოა, რომ წიგნის ზღაპრული, ფანტასტიკური შინაარსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 9-10 წლის ბავშვებისთვის ხდება. მოწონებულ წიგნს უპირატესობას ფანტასტიკური, ზღაპრული შინაარსის გამო მოსწავლეთა 31,6% ანიჭებდა, მაშინ როდესაც მომდევნო ასაკში ეს მოტივი 5,9%-მდე ეცემოდა. არმოწონების მიზეზებზე საუბრისას ბავშვები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ ზღაპრის სიუჟეტი სინამდვილეში არასოდეს ხდება.
ამავე, 9-10 წლის ასაკში ბავშვს ახალი ინტერესი უჩნდება - ეს არის ფათერაკი, მოქმედი გმირის მოხერხებულობა, სახიფათო სიტუაციისგან თავის დაღწევა ან ბოროტებასთან ბრძოლა.
გერმანელმა ბავშვთა ფსიქოლოგმა შარლოტა ბიულერმა ამის სადემონსტრაციოდ რობინზონ კრუზოს ტიპის ნაწარმოებისადმი ინტერესის დინამიკა წარმოადგინა. მან 8000 ბავშვის ლიტერატურული ინტერესების შესწავლისას შემდეგი მონაცემები მიიღო:

ასაკი
8-9
9-10
10-11
11-12
12-13
13-14
14-15
15-16
16-17
17-18
გოგონა
10
13
18
16
16
11
4
2
1
-
ვაჟი
-
4
12
12
10
6
4
1
-
-

როგორც ცხრილიდანაც ჩანს, აღნიშნული ნაწარმოები განსაკუთრებით პოპულარულია 10-11 წლის ბავშვებს შორის, რომელთაც სიუჟეტში ადამიანის მოხერხებულობა და გამჭრიახობა ხიბლავთ.
11-12 წლის ბავშვები კიდევ ერთი სიუჟეტით ინტერესდებიან. კერძოდ, გმირის მიერ განხორციელებული ალტრუისტული ქცევით. ამგვარ სიუჟეტს ამ ასაკის ბავშვების 17% ანიჭებდა უპირატესობას.
რამდენადმე იცვლება სურათი 12-13 წლის ასაკში. ამ ასაკის ბავშვები ალტრუისტულმა ქცევამ რომ დააინტერესოს, ის თავგანწირვასა და გმირობას, მაღალი ღირებულებებისკენ სწრაფვას უნდა აღწერდეს. ეს განსაკუთრებით რაინდთა თქმულებების ლიტერატურულ ჟანრს ახასიათებს. რაინდთა ისტორიებისადმი ინტერესი სასკოლო ასაკში ცხრილის სახით არის წარმოდგენილი (შ. ბიულერის მონაცემები):

ასაკი
8-9
9-10
10-11
11-12
12-13
13-14
14-15
15-16
16-17
17-18
გოგონა
2
9
13
16
12
7
2
3
2
2
ვაჟი
2
3
6
13
15
5
3
1
1
-

საინტერესოა ისიც, რომ ეს ინტერესი 14 წლამდე ნარჩუნდება.
დ. უზნაძის კვლევის მონაცემების თანახმად, რაინდთა ისტორიებისადმი ინტერესი მაქსიმალურ დონეს 13-14 წლის ასაკში აღწევდა. ამგვარ განსხვავებას უზნაძე განსხვავებული საკვლევი ობიექტით ხსნიდა. კერძოდ, შ. ბიულერი აღნუსხავდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებში თითოეული ჟანრის წაკითხვის ინტენსივობას, დ. უზნაძე კი ნაწარმოებების მოწონების მოტივებს იკვლევდა.
11-12 წლიდან ბავშვებს უჩნდებათ ახალი, უცნობი რეალობის შეცნობის სურვილი, ამიტომ იმგვარ საკითხავ ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც რომელიმე რეალური სფეროს შედარებით ღრმად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა და ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ამგვარ ლიტერატურას ბავშვების 20,9% ანიჭებდა უპირატესობას.
12-13 წლის ბავშვებთან კვლავ დიდ ინტერესს იწვევს თავგადასავლები, ოღონდ, 9-10 წლისებისგან განსხვავებით, სახიფათო სიტუაციებისგან თავის დაღწევის პროცესი მეტად ხიბლავთ, ვიდრე თავისთავად წარმატებით დაგვირგვინებული სიუჟეტი. კვლევის ერთ-ერთი მონაწილე წიგნის მიმართ ინტერესის მოტივს ამგვარად ასაბუთებდა: „მომეწონა, როგორც მოგზაურობდნენო". პერსონაჟის მიმართ სიმპათიას კი მისი ფიზიკური ძალ-ღონე, ვაჟკაცობა და გამბედაობა განაპირობებდა.
უზნაძე მიმოიხილავს კესტერის კვლევებსაც. რომელთა თანახმადაც, 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებს უმთავრესად ზღაპრები ხიბლავთ და ამ პერიოდს მეცნიერი ზღაპრის ხანას უწოდებს. 10-დან 13 წლამდე მოზარდები უპირატესობას სათავგადასავლო ამბებს, მოგზაურთა ცხოვრებასა და სამხედრო ისტორიებს ანიჭებენ. განსხვავებული სურათია გოგონებთან: მათ 10 წლიდან სენტიმენტალური სიუჟეტი იტაცებთ. 14-17 წლიდან ბავშვები უმთავრესად ავანტიურისტული და დეტექტიური სიუჟეტებით იხიბლებიან, აგრეთვე ისტორიული და რეალისტური შინაარსის ნაწარმოებებითაც. კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე კი, კესტერის მოსაზრებით, ინტერესი ტექნიკურ, ფილოსოფიურ და ისტორიულ ლიტერატურაზე გადადის, გოგონების შემთხვევაში კი ინტერესთა სფეროს რომანებიც ემატება.
უზანაძე ინტერესთა მსგავს ცვალებადობას ბავშვის ასაკობრივი თავისებურებებით ხსნის, რაც ვლინდება კიდეც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მონაცემების მსგავსებით. უზნაძე ინტერესების განვითარებას სხვა სფეროებზეც განაზოგადებს და ასკვნის, რომ ინტერესების ამგვარი განვითარება სპექტაკლებისა და კინოფილმების მიმართაც ნარჩუნდება.
დ. უზნაძის, შ. ბიულერის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემები ალბათ დიდ დახმარებას გაუწევს მკითხველს არდადეგების განმავლობაში ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში.



როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

მათ, ვისაც გულწრფელად აწუხებს, რომ ახალგაზრდა თაობა მხატვრულ ლიტერატურას არ კითხულობს და ეძებს გზებს, როგორ შეაყვაროს მას კითხვა; მათ, ვინც ამას თავმოყვარეობაშელახული მშობლის პოზიციიდან, ანდა სნობური წამბაძველობით კი არ უყურებს, არამედ ენანება, რომ ახალგაზრდებისთვის შეუცნობელი რჩება ის ბედნიერება, რასაც წიგნის სამყარო ჰქვია, - ნამდვილად დაეხმარება ფრანგი მწერლის დანიელ პენაკის წიგნი "რომანივით საკითხავი", რომელიც ახლახან გამოსცა გამომცემლობა "დიოგენემ". გვინდა დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის კითხვის შესაყვარებელი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო; იგი მწერლისა და პედაგოგის დაკვირვებებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე აგებული ნაწარმოებია (რომელიც რომანივით მსუბუქად იკითხება) და არა დიდაქტიკური შეგონებებით აღსავსე ოპუსი. რას გვირჩევს დანიელ პენაკი და რა არის ის შეცდომები, რასაც მშობლები შვილებთან ურთიერთობისას სათავეშივე უშვებენ? პირველი, რასაც მწერალი შეგვახსენებს, ისაა, რომ "კითხვა", ისევე როგორც "სიყვარული", ანდა "ოცნება", ვერ გუობს ბრძანებით კილოს. რაც უნდა მოწადინებული ვიყოთ, შეგონებებით ვერც სიყვარულს და ვერც ოცნებას ვერავის დავაწყებინებთ. ზუსტად ასეა წიგნის კითხვის შემთხვევაშიც, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო, სასარგებლო და აუცილებელია, მიზანს ვერასოდეს აღწევს და კედელს შეყრილი ცერცვივით დაბლა ცვივა. მაშ, რა ქნას მშობელმა? – იკითხავთ თქვენ. რა და, ადექით და წაუკითხეთ! ჩვენ ხომ ასე გვსიამოვნებდა შვილებისთვის ზღაპრის მოყოლა; ისინი მოუთმენლად ელოდნენ იმ წუთს, როცა დედა, მამა, ბებო ძილის წინ მათ საწოლთან წიგნით ხელში დასხდებოდნენ, ანდა, საკუთარ ფანტაზიას მინდობილნი, ერთი და იმავე ზღაპრის ახალ-ახალ ვარიაციებს თხზავდნენ ექსპრომტად. იმ დროს ოჯახში იდილია სუფევდა, ბავშვი თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობდა და მშობლის გულიც სიყვარულით იყო სავსე. მაგრამ მერე შვილები დაიზარდნენ (დავიზარდეთ), სკოლაში წავიდნენ და ყველაფერი შეიცვალა. ახლა მხოლოდ ანბანის სწავლა კი არა, კითხვაში გაწაფვაც იყო საჭირო და დაიწყო გამუდმებული "წაიკითხე, წაიკითხე". მშობლები, ხასიათისა და განწყობის მიხედვით, სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ: დაპირებას, მუქარას, მეგობრის შვილებსა თუ თანაკლასელებთან შედარებას და ა.შ. დანიელ პენაკი მშობლებისა და შვილების ამ ორთაბრძოლას დახვეწილი იუმორით აღწერს და იქვე სიყვარულით შეგვახსენებს იმ პაწია არსებებს, ახალნასწავლი ანბანით მარტივი წინადადებების შედგენაც რომ უჭირთ, ჩვენ კი ამ დროს დიდტანიან სათავგადასავლო წიგნებს ვაჩეჩებთ, თან ვამუნათებთ: ასეთი უინტერესო როგორ ხარ, სამყაროს შეცნობა როგორ არ გინდაო. დანიელ პენაკის სახელი გაგონილიც არ მქონდა, როცა დაახლოებით 14-15 წლის წინ ერთ ცნობილ ქალბატონთან ინტერვიუზე ვიყავი. საუბარი მის ვაჟს შეეხებოდა, რომელსაც თურმე ძალიან დიდხანს - არათუ ბაღის ასაკში, არამედ სკოლის მაღალ კლასებშიც კი - თვითონ უკითხავდა. "ვიდრე პატარა იყო, ნელა კითხულობდა, ამიტომ ეზარებოდა, მერე კი უკვე რიტუალად გვექცა ხმამაღლა კითხვა და წაკითხულზე მსჯელობა", – ამიხსნა მან და ეს დედაშვილური რიტუალი იმდენად მომხიბლავი მომეჩვენა, იმავეს გამეორება საკუთარ შვილთან ვცადე. თუ შეიძლება, წიგნის კითხვის შეყვარებას დედამ წარმატება უწოდოს, მაშინ მე წარმატებული დედა ვარ. მეორე შეცდომა, რასაც პენაკი მშობლებს შეგვახსენებს, ანგარებაა. ეს სიტყვა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად გამოხატავს სათქმელს - უკითხეთ უანგაროდ! არ მოითხოვოთ სანაცვლოდ არაფერი! წიგნის კითხვა არც პრიზია და არც ჯილდო, აქ ყველაფერი უსასყიდლოდ უნდა ხდებოდეს. სწორედ ეს არის ხელოვნების ერთადერთი საზღაური. და კიდევ - არ მოსთხოვოთ იმის ახსნა, რა გაიგო წაკითხულიდან. აცალეთ იოცნებოს, განმარტოვდეს საკუთარ შეგრძნებებთან; ის საიდუმლო, რაც მას წიგნში აღწერილ ახალ სამყაროსთან შეხებით გადაეცა, მასთან უნდა დარჩეს. თანამედროვე მშობლები ალბათ თავს გადააქნევენ და იტყვიან, რომ ყველაფერი ელექტრონული ტექნოლოგიების ბრალია, რომლებიც ბავშვს წიგნს აშორებს და რომ მათთვის მშობლებს მერვე კლასამდე წიგნი არ უკითხავთ, მაგრამ სასკოლო ბიბლიოთეკა ათვისებული ჰქონდათ. ამგვარ მშობლებს გვინდა შევახსენოთ, რომ მე-18 საუკუნეში, როცა საფრანგეთში ჟან ჟაკ რუსო ცხოვრობდა, ტელევიზორი და კომპიუტერი არ არსებობდა, მაგრამ ამ მწერლისა და ფილოსოფოსის თვალს მაინც არ გამოჰპარვია, რომ "კითხვა ის მათრახია, რომელსაც ბავშვს ხშირად გადაუჭერენ ხოლმე. მას ხომ, ჩვენი აზრით, კითხვის მეტი არაფერი ევალება". აქ დასკვნის გამოტანას თქვენ მოგანდობთ... დანიელ პენაკი კითხვის სიყვარულს ზოგადად სიყვარულს ადარებს, რომელიც თუკი "მოვიდა", არასდროს ვიკითხავთ, გვაქვს თუ არა ამის დრო. დანიელ პენაკი უტოპისტ დიდაქტიკოსად არ რჩება, მან კარგად იცის, რომ "კითხვის დრო მოპარული დროა", რომელსაც ცხოვრებისეულ ვალდებულებებს ვპარავთ. "კითხვის დრო არასდროს მქონია, მაგრამ თუ რომანმა დამაინტერესა, ვერაფერი შემიშლის ხელს მის დამთავრებაში", – პენაკის ეს სიტყვები ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობ განცდას გამოხატავს. მთავარია, ბავშვში მკითხველი გააღვიძოთ და ის საკუთარ თავს თვითონ გაუძღვება, თვითონ გაიკვლევს გზას წიგნების უზარმაზარ ლაბირინთში და გემოვნებაც ნელ-ნელა დაიხვეწება, წიგნზე მსჯელობაც თვითონ მოუნდება და აზრის გამოსახატავად კალამსაც თვითონ აიღებს ხელში. პენაკის ეს რჩევა სკოლის მასწავლებლებსაც ეხება, რომლებიც განუწყვეტლივ ჩივიან მოსწავლეთა გაუნათლებლობაზე. თუკი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ცოტა ხანს დაივიწყებენ სასკოლო პროგრამას, და რამდენიმე გაკვეთილს, თუმდაც 1-2 თვეს წიგნის ხმამაღალ კითხვას მიუძღვნიან, შედეგი უფრო ეფექტური იქნება. ამას დანიელ პენაკი ფრანგი მასწავლებლების გამოცდილების საფუძველზე გვიჩვენებს, ხოლო მოსწავლეები ყველგან ერთნაირები არიან. ძირითადად ახალგაზრდებს წიგნების მიმართ რამდენიმე სახეობის შიში აქვთ, მათ შორის - ნაწარმოების ვერგაგებისა და სიდიდის შიში. ბევრს ეს შიში სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება და წიგნის სამყაროდან გარიყული რჩება - გადაწყვეტს, რომ ეს მისი საქმე არ არის. მასწავლებლის ძალისხმევა - კლასში ხმამაღალი კითხვა, ანდა რომელიმე ნაწარმოების შინაარსის მოყოლა - მათ ამ შიშებს დააძლევინებს, ისე, რომ აღარც საპროგრამო ნაწარმოებების ათვისება გაუჭირდებათ. და როგორია თვითონ საზოგადოება, რომელიც ჩივის, ახალგაზრდებს წიგნი არ უყვართო? თვითონ რას კითხულობენ? სამაგიეროდ, მათ ძალიან უყვართ საუბარი - კომენტატორობა, ინტერპრეტატორობა, ანალიტიკოსობა, კრიტიკოსობა, ბიოგრაფობა. " ამით ვითომდა წიგნის უზენაესობას ვაღიარებთ, მის წინაშე ვიხრით ქედს, სინამდვილეში კი უბრალოდ ვამუნჯებთ მას. საკუთარი კომპეტენტურობის ტყვეობაში მოქცეულნი, წიგნის სათქმელს ჩვენი სათქმელით ვანაცვლებთ. იმის მაგივრად, რომ ჩვენი სახით წიგნი ღაღადებდეს, წიგნს ჩვენი ჭკუის გამოსამზეურებელ ასპარეზად ვხდით", – ეს უკვე დანიელ პენაკის მათრახია, რაზეც ქართველი საზოგადოება, წესით, არ უნდა შეიშმუშნოს. "წიგნები იმისთვის კი არ იწერება, რომ მათზე ილაპარაკონ, არამედ იმისთვის, რომ წაიკითხონ", - ეს დანიელ პენაკის შეხსენების გარეშეც ვიცით, ხოლო იმ პროცესში, რასაც მკითხველისა და წიგნის ურთიერთობა ჰქვია, ფრანგი მწერალი მკითხველის ხელშეუვალ უფლებად ჩამონათვალს გვთავაზობს, რასაც ჩვენი გაზეთის დახმარებით თქვენც გაგაცნობთ: უფლება - არ წავიკითხოთ. უფლება - გამოვტოვოთ გვერდები. უფლება - ბოლომდე არ წავიკითხოთ. უფლება - ხელახლა წავიკითხოთ. უფლება - ვიკითხოთ, რაც გვინდა. უფლება ბოვარიზმისა (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება). უფლება - სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ. უფლება - საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა. უფლება - ხმამაღლა ვიკითხოთ. უფლება - არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე. ასე იქცევიან უფროსები და თუ გვინდა, ჩვენმა შვილებმა იკითხონ, მათ ყველა ის უფლება უნდა მივანიჭოთ, რომლებითაც ჩვენ თვითონ ვსარგებლობთ.



როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა


1898259_558388367590181_489899224_n
თამარ ადამია – ბავშვთა ფსიქოლოგი, მწერალი
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, წიგნისადმი ინტერესმა იკლო. მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ წიგნით მიღებული ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვან კვალს ტოვებს პიროვნების მრავალმხრივ ინტელექტუალურ განვითარებაზე, რომ არაფერი ვთქვათ მეტყველებაზე, აზროვნებაზე… ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროსთან შეგუებას დღეს, მითუმეტეს მომავალში მხოლოდ ხარისხიანი განათლების მქონე, წიგნიერი ადამიანები შეძლებენ. წიგნიერების თემაზე საუბრობს ჩვენი ბლოგის სტუმარი, ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ ადამია.
 _ რა ასაკიდან უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნი?
ბავშვი უკვე ერთი წლიდან უნდა მივაჩვიოთ წიგნთან ურთიერთობას. მაგალითად, ელფს აქვს 12 პატარა, ბავშვის ხელისგულისოდენა შემეცნებითი წიგნი, რომელიც ერთ დიდი ყუთში დევს. ეს წიგნები ბავშვს ამ ასაკიდან შეგვიძლია მივცეთ, თან უნდა ვესაუბროთ წიგნში მოცემულ ილუსტრაციებაზე. მოკლედ, წიგნის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. რადგან, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მცირე ნებისყოფა გააჩნია იმისთვის, რომ მოისმინოს 15-20 წუთიანი ხანგძრლივობის ინფორმაცია, ის უბრალოდ ,,გამორთავს ყურებს” და ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს. არასწორად შერჩეულმა წიგნმა შეიძლება მას საერთოდ დაუკარგოს წიგნისადმი ინტერესი.
_ რა მოცულობის უნდა იყოს ტექსტი?
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ერთი წლის ასაკში ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 30-40-50 სიტყვას.  უკვე 3 წლის ასაკში ბავშვებს მოსწონთ საყოფაცხოვრებო ზღაპრები, რომელშიც ცხოველები და ფრინველები მათთვის ნაცნოს საქმიანობას ეწევიან, მაგალითად თამაშობენ, ცელქობენ, აცხობენ _  ადამიანური ურთიერთობებით დატვირთული სიუჟეტები, ყველა ის საქმიანობა, რასაც ისინი გარშემო ხედავენ. მოკლედ მოსწონთ ცხოველეთა ურების სიუჟეტები.
ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა იცვლება მათი გემოვნება და ისინი უკვე ადამიანებზე, თავიანთ თანატოლებზე გადმოცემული ამბებით ინტერესდებიან, მოგვიანებით კი შემოდის ჯადოსნური ზღაპრები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი მიმბაძველი არსებაა: თუ მის გარშემო უფროსები ხშირად კითხულობენ წიგნებს, ბავშვი ყოველთვის შეეცდება მიბაძოს უფროსებს.

საუბრის დროს  ჩვილებიც კი  არჩევენს ემოციებს., ამიტომ მშობლების საუბარი უნდა იყოს ემოციური. როგორც უკვე აღვნიშნე, რეკომენდირებულია წიგნების კითხვა ერთი წლიდან, ეს უნდა იყოს მუყაოსგვერდებიანი წიგნები. თითოეულ  გვერდზე უნდა ეწეროს მხოლოდ ორი–სამი სიტყვა, დანარჩენი მოცულობა უკავია ილუსტრაციას, ანუ წამყვან როლს ასრულებს ილუსტრაცია და არა ტექსტი, ბავშვის ყურადღებას ილუსტრაცია იქცევს _ ფერები და რამდენიმე ობიექტი. ბავშვს უნდა მივცეთ წიგნის გადაფურცვლის, ილუსტრაციებზე დაკვირვების საშუალება. ასაკის მატებასთან ერთად ტექსტი მატულობს, ილუსტრაციებს ობიექტები ემატება და მოცულობაშიც მცირდება
4 წლიდან რეკომენდებულია წიგნში მოცემული ილუსტრაციების დათვალიერება წაკითხვამდე, კითხვების დახმარებით ილუსტრაციების აღწერა, ვარაუდების დონეზე წიგნში მოთხრობილი ამბის გამოცნობა. მსგავსი სტრატეგია ბავშვს წიგნისადმი დაინტერესებას უძლიერებს და წაკითხულს უფრო მეტი ყურადღებით მოუსმენს. შეგვიძლია ზოგჯერ შეწვიტოთ კითხვა, რათა ბავშვმა თავად გააგრძელოს ამბავი. უკვე 3 წლიდან სჯობს ბავშვი თავად წაიყვანოთ წიგნის მაღაზიაში და მასთან ერთად შეარჩიოთ მისი ასაკის შესაბამისი წიგნები. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყოველთვის წარმატებული და ნაყოფიერია სწორი მიდგომების შემთხვევაში.



წერითი მეტყველების განვითარების გზები დაწყებით კლასებში


მოსწავლეთა მეტყველების დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია და გადაულახავ სირთულედ არის ქცეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სწავლების სისტემაში ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი ბევრია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართაობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის სრულყოფილად გადმოცემისთვის საჭირო საშუალებებისადმი ზერელე დამოკიდებულება ან მათი სრული იგნორირება და სხვ.

ჩვენ არ შევჩერდებით მშობლიური ენის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს როლზე სასწავლო პროცესში; შევეხებით მხოლოდ მისი სწავლების ძირითად საკითხებს დაწყებით საფეხურზე და წარმოგიდგენთ წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის ეფექტურ გზებს.

კვლევა ავითარებს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიის იდეებს. ეყრდნობა პროფ. ბ. ხაჭაპურიძის, აკად. შ. ამონაშვილის, პროფ. თ. გელაშვილის თეორიულ გამოკვლევებს და წლების განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტული მუშაობის შედეგებს.

აღნიშნული მიმართულებით წარმართული საქმიანობის ეფექტი წერითი მეტყველების პროცესის საფუძვლიანმა ანალიზმა განაპირობა.

წერითი მეტყველების განვითარების შინაარსი მოიცავს წერის ჩვევების ფორმირების პროცესსა და წერითი მეტყველების შესაძლებლობათა განვითარებას. გრაფიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ითხოვს სპეციალურ სისტემას. უმთავრესი ის არის, წერის ჩვევა თავიდანვე იბადებოდეს ბავშვში როგორც წერითი მეტყველების აქტის შემადგენელი ნაწილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გრაფიკული ჩვევების ჩამოყალიბების პროცესს თან ახლავს სპეციფიკური სირთულეები: ხელის სწორი მოძრაობა, ასოთა პროპორციის შენარჩუნება, სარკისებური წერის ჩვევის დაძლევა და ა. შ. თუ მთელი ყურადღება წერითი მეტყველების განვითარების შინაარსზე გადავიტანეთ, შესაძლოა, ამან წერის ჩვევების დამახინჯება გამოიწვიოს, ამიტომ ორივე მიმართულებით მუშაობაა საჭირო: ერთი მხრივ - წერითი მეტყველების შინაარსის გამდიდრება; მეორე მხრივ - კალიგრაფიული წერის ჩვევების დაუფლება.

ჩვენ შევეხებით წერითი მეტყველების განვითარების შინაარსს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეტყველების დანიშნულება აზრის სხვისთვის შეტყობინებაა. ეს საკომუნიკაციო ფუნქცია საერთოა როგორც ზეპირი, ისე წერითი მეტყველებისთვის, მაგრამ მეტყველების ამ ორ სახეობაში აზრის შეტყობინების პროცესი სხვადასხვაგვარად ხორციელდება: ზეპირად წარმოთქმულ ნებისმიერ სიტყვას, ფრაზას, წინადადებას თან ახლავს ე. წ. გამაწინადადებებელი საშუალებები (ინტონაცია, პაუზა, მახვილი, ხმის ტონი, ჟესტ-მიმიკა), რომლებსაც მსმენელი სიტყვასთან ერთად, დაუნაწევრებლად, მთლიანობაში აღიქვამს. ეს საშუალებები ხშირად დამოუკიდებლადაც „მეტყველებენ~, მაგ., სათანადო ადგილზე გაკეთებულმა პაუზამ შესაძლოა სიტყვაზე მეტი თქვას; უსიტყვოდ გამოცემულმა სპეციფიკურმა ხმებმა ტკივილი, განრისხება, სიამოვნება გამოხატოს; ასევე უამრავი სათქმელი შეიძლება გადმოიცეს ჟესტ-მიმიკითაც (მოხმობა, დამშვიდობება, მუქარა, სინანული, სიჩუმისკენ მოწოდება და ა. შ.), მაგრამ კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაზე ზეპირმეტყველების ორიენტირებულობის გამო უაღრესად ლაკონიურად გადმოცემული აზრიც კი სავსებით გასაგებია.

წერითი მეტყველება განსხვავებულად, საკუთარი კანონებით იმართება. ის არის შემოქმედების, დისტანციური ურთიერთობისა და ინფორმაციის შენახვის პირობა. მას მეტყველების ალგებრასაც უწოდებენ, რადგან მოკლებულია სიტუაციურობას, ჟღერადობას, ექსპრესიულობას. იგი ზეპირ მეტყველებაზე დასრულებული და სრულყოფილია. აქ ყველაფერი დანაწევრებულად უნდა შესრულდეს: ჯერ დაიწეროს წინადადების სინტაქსური კონსტრუქცია და შემდეგ, ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის შესაბამისად, სპეციფიკური საშუალებების (პუნქტუაციური ნიშნები, შინაარსის გამაძლიერებელი სიტყვები, ავტორისეული კომენტარი) დახმარებით გამოვლინდეს სუბიექტის მიზანდასახულობა და დამოკიდებულება გადმოსაცემი შინაარსისადმი, აქცენტი დაისვას იმ ნაწილზე, რომელზეც სურს მას მკითხველის ყურადღების გამახვილება და ა. შ. სქემატურად ეს ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

როგორც ვხედავთ, მეტყველების ძირითადი საშენი მასალა, სიტყვა ზეპირ მეტყველებაში - გამომსახველობითი საშუალებებით (ამ შემთხვევაში - ჟესტ-მიმიკით), წერაში კი სასვენი ნიშნების დახმარებით იძენს შინარსს. ცალკე აღებული სიტყვა მისი გრაფიკული გამოსახულებაა მხოლოდ და ემოციური შინაარსისგან მთლიანად დაცლილია, თუ იგი, სამეტყველო კონტექსტის შესაბამისად, ექსპრესიული გარსით არ `შეიმოსა~.

წერითი მეტყველების ერთ-ერთი მთავარი სირთულე სწორედ ესაა. `შესამოსელს~ ანუ პუნქტუაციურ ნიშნებს მოსწავლეები დღემდე წერითი მეტყველების მეორეხარისხოვან ელემენტად აღიქვამენ და უმეტესად ან მცდარად იყენებენ, ან სრულიად უგულებელყოფენ. პრაქტიკოსებმა კარგად იციან, რომ ზოგიერთი მოსწავლე თხზულების დასრულების შემდეგ იწყებს სასვენი ნიშნების დასმას.

აღნიშნულ ფაქტს, თავის მხრივ, სხვა მიზეზი განაპირობებს. ეს არის სასვენი ნიშნების გზადაგზა სწავლება. ვინაიდან დაწყებით საფეხურზე ბავშვები, მაღალ საფეხურთან შედარებით, მცირე მოცულობის დავალებებს ასრულებენ, სასწავლო პროგრამა რამდენიმე ნიშნის სწავლებით შემოიფარგლება და ისიც - მარტივი მაგალითებით. წინადადებათა რთული კონსტრუქციების გამოყენებამდე კი, რასაც მაღალ საფეხურზე ნაწერთა მოცულობის ზრდა და დავალებათა შინაარსი განაპირობებს, მოსწავლეებს უყალიბდებათ უსასვენნიშნებოდ ან შეცდომებით წერის ჩვევა. ფსიქოლოგიაში კი ცნობილია, რომ მცდარი ჩვევის დაძლევა გაცილებით ძნელია, ვიდრე რაიმეს თავიდან სწავლება.

კიდევ ერთი რამ: პუნქტუაციის სწავლება დაფუძნებულია თეორიულ ცოდნაზე, სავარჯიშოები კი მათ დასაუფლებლად მექანიკურ მოქმედებებზე იგება. თითქმის ყველა მოსწავლემ ზეპირად იცის წესი, რომ თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილი დაისმის, კითხვითის ბოლოს _ კითხვის ნიშანი. სავარჯიშოებსაც უშეცდომოდ ასრულებენ: თხრობითი წინადადების ბოლოს სვამენ წერტილს, კითხვითადაც გადააკეთებენ, - მაგრამ საკუთრივ წერითი მეტყველების სიტუაციაში, თხზულების წერის დროს, შესაძლოა არც ერთი ნიშანი გამოიყენონ და არც მეორე. მიზეზი ცხადია: სასვენი ნიშნები მათთვის ნაწერის მხოლოდ გრაფიკული გაფორმების საშუალებაა და არა შინაარსის მატარებელი აუცილებელი ელემენტი.

თხრობითი, კითხვითი თუ სხვა სახის წინადადება, თავისთავად, როგორც მოცემულობა, არ არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინადადება ამა თუ იმ შინაარსს მეტყველების აქტში იძენს სუბიექტის შინაგანი დამოკიდებულების საფუძველზე.

თუ მოსწავლე ამას აცნობიერებს, მას აღარ სჭირდება იმაზე ფიქრი, რა სახის წინადადება დაწერა და რა ნიშანი უნდა დასვას მის შემდეგ.

თქმულიდან გამომდინარე, წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის საფუძველი ზეპირ მეტყველებაში უნდა ვეძებოთ, ხოლო ზეპირი მეტყველება განვიხილოთ როგორც წერითი მეტყველების აუცილებელი პირობა და მისი დასაყრდენი. ამიტომ აუცილებელია, წერითი მეტყველების მოქმედიანობიდან გამოიყოს ის შემადგენელი ნაწილები, რომლებზეც მუშაობა ჯერ კიდევ წინასაანბანო პერიოდში ზეპირ პლანში დაიწყება. ბავშვებს ისეთი დავალებები უნდა მიეცეთ, რომელთა შესრულებაც შემდგომ წერითი მეტყველების განვითარებას უზრუნველყოფს.

აქედან გამომდინარე, I ეტაპზე მუშაობის მიზანია:
• მეტყველების საკომუნიკაციო დანიშნულების წვდომა;
• სიტყვისა და სამეტყველო ერთეულების ობიექტივაცია;
• ზეპირმეტყველების გამომსახველობითი საშუალებებისა და მათი დანიშნულების გაცნობიერება;
• ინტონაციურად განსხვავებულ ნათქვამებში აზრის ცვლილების შემჩნევა;
• გადატანითი მნიშვნელობით მარტივი აზრის გაგება;
• სამეტყველო სიტუაციების მოფიქრება და კონტექსტის შესაბამისად წინადადებათა სათანადო ინტონაციით წარმოთქმა;
• განსხვავებული ემოციების გამომხატველი მატერიალიზებული ხერხების გამოყენება;
• ისეთი კითხვითი წინადადებების წარმოთქმა, რომლებშიც არის კითხვითი სიტყვა და რომლებშიც არ არის კითხვითი სიტყვა.
სწავლება ენობრივ თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით და ობიექტივაციის პრინციპის გამოყენებით ხორციელდება. ბავშვი ყოველ სამეტყველო მოვლენას ობიექტივაციის პლანში განიხილავს და ანალიზის საგნად აქცევს. სწავლისადმი ინტეგრირებული მიდგომის საფუძველზე მუშაობაში ფართოდ გამოიყენება მასალის მოდელირების პრინციპი. ბავშვებს მოდელის სახით ეძლევათ განზოგადებული სქემა, ხოლო მისი გაცნობიერება-ათვისება მრავალფეროვან სავარჯიშოებში რეალიზდება. სპეციფიკურად ორგანიზებული სასწავლო მასალისა და მეთოდიკური ხერხების მეშვეობით მოსწავლეები თვითონვე ხდებიან მშობლიური ენის `მკვლევარები~, ენობრივ კანონზომიერებათა `აღმომჩენები~.

მუშაობაში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მატერიალიზაციის ხერხი, რაც საგნის ან მოვლენისთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნის თვალსაჩინოდ, მატერიალიზებულად ჩვენებას გულისხმობს. ამგვარად ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაცნობიერებულად იმოქმედონ და ჩასწვდნენ ამა თუ იმ ენობრივ კანონზომიერებას.

ვიმედოვნებთ, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალა გარკვეულ ორიენტაციას შეუქმნის მასწავლებლებს ამ მიმართულებით მუშაობის ორგანიზებულ თავისებურებებზე, რამაც დასახულ მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს.









კლასის მართვის სტრატეგიები

კლასის მართვის სტრატეგიები
 კლასის მართვა და დისციპლინის შენარჩუნება სწავლების თანმხლები უმნიშვნელოვანესი პროცესი.თანმხლები იმიტომ, რომ შეუძლებელია ჯერ კლასში წესრიგის დამყარება, შემდეგ მისი გვერდით გადადება და სწავლების დაწყება. კლასის მართვა გულისხმობსმასწავლებლის ქმედებას, მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ, ხოლო დისციპლინა - მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს არასასურველი ქცევის აღმოფხვრისკენ ან მინიმუმამდე დაყვანისკენ.
დადგენილია, რომ წარმატებულ მასწავლებლებს აქვთ კლასის მართვის სხვადასხვა სტრატეგია და წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმა. კლასის მართვის საბოლოო, გრძელვადიანი მიზანი მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარის აღზრდა, ხოლო მოკლევადიანი - კლასში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა.
სამწუხაროდ, არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, კლასის მართვის რომელი სტრატეგიაა განსაკუთრებით ეფექტური, ისევე როგორც არ არსებობს რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც სამუდამოდ მოგვარდებოდა მოსწავლეთააკადემიური თუ დისციპლინური პრობლემები. სამაგიეროდ, ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის მეცნიერებათახანგძლივი ისტორიის განმავლობაში შემუშავდა კლასის მართვის არაერთი ეფექტური და ძალიან საინტერესო მოდელი, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ და რომელთა ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება მკითხველისთვის მგვინდია.
კლასის მართვის სამი ძირითადი მოდელი არსებობს. პირველი,ჰუმანისტური მოდელის თანახმად, მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას, შექმნას კლასში პოზიტიური კლიმატი, უზრუნველყოს მოსწავლეები საჭირო მასალებით და ნაკლებად ჩაერიოს სწავლის პროცესში. მეორე,დემოკრატიულიმოდელის თანახმად,მასწავლებელმა უნდა იპოვოს ბალანსი მოსწავლის თავისუფლებასა და შეზღუდვას შორის. მესამებიჰევიორისტული მოდელის თანახმად, მასწავლებელს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია: მან უნდა მართოს მოსწავლეთა ქცევა დასჯისა და წახალისების სტრატეგიების მეშვეობით.
თუმცაღა ეს მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება, სამივე მოდელის მომხრეები ერთხმად აღიარებენ რამდენიმე პრინციპდა თანხმდებიან, რომ კლასის მართვისას, ისევე როგორც მედიცინაში, პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორექცია. მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეებს, გრძნობდეს, როდის დაიწყებს მოსწავლე "არევას” და მანამდე ჩაერიოს, ვიდრე კლაში ვითარება დაიძაბება. თანაც უმჯობესია,მასწავლებლის ჩარევა მიმართული იყოს კონკრეტული მოსწავლისკენ, არ იყოს მეტისმეტადთვალშისაცემისხვებისთვის და არ გამოიწვიოს კლასში საქმიანობის შეწყვეტა. კლასში დისციპლინის შესანარჩუნელად პედაგოგი უნდა მიმართავდეს პრევენციულ ზომებს. ამიტომაც არის ძალიან ეფექტური მოსწავლეებში ტოლერანტობის, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების უნარების გამომუშავება.
რაც შეეხება სწავლების პროცესს, ექსპერიმენტებიდადგენილია, რომ კლასში წესრიგი სწავლების სტილსა და სტრატეგიაზედამოკიდებული. რაც უფრო მეტად ცდილობს მასწავლებელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასმათში ინტერესის გამოწვევის გზით, მით უფრო მეტი სიმშვიდეა კლასში და "ჯოხი” ნამდვილად აღარ არის საჭირო
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ალბათ ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდესმასწავლებელი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მოსწავლეებისთვის. ისინი ყოველთვის გამონახავენსაბაბს, რომ უყვარდეთ ან არ უყვარდეთ თავიანთი მასწავლებლებიზოგჯერუმნიშვნელო პიროვნული თვისებების გამო. სასურველი პიროვნული თვისებების შეძენაძნელია, მაგრამ არსებობს მარტივი ჭეშმარიტება - თუ ბავშვები არ გიყვარს,მასწავლებლად მუშაობა არ ღირს.
ახლა კი მოკლედ შევეხებით კლასის მართვის თითოეულ მოდელს.
კლასის მართვის ჰუმანისტური მოდელი. მისი ავტორები არიან კარლ როჯერსი და მაიკლ მარლენდი.
ამმოდელს საფუძვლად უდევს ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ძირითადი კონცეფცია - ადამიანის უნიკალურობა, ინდივიდუალობა, მე-ს ფორმირება, თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა (წარმომადგენლებიკარლ როჯერსი, აბრაამ მასლოუ).
მოცემული მოდელის წარმომადგენელთათვის თითოეული მოსწავლის უნიკალურობა და უნარები ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ სწავლების პროცესში ყურადღების ცენტრში თვითონ მოსწავლეა (სწავლების პროცესი მოსწავლეზეა ცენტრირებული).
ჰუმანისტური მოდელის მიმდევარი პედაგოგის მიზანია,მოსწავლეებშინაგანი დისციპლინგამომუშაოს. კარლ როჯერსი და აბრაამ მასლოუ მიიჩნევდნენ, რომ განვითარება, თვითრეალიზაცია ყველა ადამიანის მიზანია,ამიტომ აღმზრდელებმა მოსწავლეებს მხოლოდ განვითარების პირობები უნდა შეუქმნან.
ჰუმანისტური მოდელის მიმდევარი პედაგოგი კი არ უნდა მართავდეს კლასს, არამედ განვითარებაში ეხმარებოდეს მოსწავლეებს.
მაიკლ მარლენდმა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ტრადიციებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა კლასის მართვის სტრატეგიები და 5 რეკომენდაცია პედაგოგებისთვის:
მოსწავლეთა სიყვარულიმასწავლებელმა უნდა აგრძნობინოს მოსწავლეებს, რომ უყვარს ისინი. მარლენდი ამისთვის ერთ უმარტივეს რჩევას აძლევდა პედაგოგებს: დაიმახსოვრონ მოსწავლეთა სახელები და სახელით მიმართონ მათ.
წესების შემუშავებაკლასის მართვა და დისციპლინის შენარჩუნება უფრო იოლია, როდესაც პედაგოგი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს კლასში ქცევის წესებს. კარგია, როდესაც ქცევის წესებს თან ახლავს იმ აქტივობათა (წახალისებისა თუ სასჯელის) ჩამონათვალიომლებიცმოყვება მოსწავლეების მხრიწესების დაცვას ან დარღვევას. თანაც წესები არ უნდა იყოს მეტისმეტადზოგადი, უნდა ეხებოდეს ყველა მნიშვნელოვან სასკოლო აქტიობას (ჩანთების, წიგნების შენახვის ადგილსა და წესს, კითხვის დასმისა და მასზე პასუხის ფორმას). სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად მაშინღა მახვილებენ ყურადღებას სკოლაში არსებულ წესებზე, როდესაც მოსწავლე მათ არღვევს, მანამდე კი "იგულისხმება”რომ მოსწავლემ ეს წესები უნდა იცოდეს.
დამსახურებული ქებაება მასწავლებლის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღიაამიტომ მასწავლებლებმა კლასში ხშირად უნდა შექმნან სიტუაცია, სადაც მისი სამართლიანი გამოყენება შეეძლებათ. ქების გამოყენებისას პედაგოგმა ორი რამ უნდა გაითვალისწინოს:
ა) ქება თვითშეფასებაზე მოქმედებს, ამიტომ სასურველია მოსწავლის ქება საჯაროდ, ღიად, მოსწავლეების, სხვა პედაგოგების ან მშობლების წინაშე;
ბ) კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა სასურველია ცალკე.
ქება ან კრიტიკა უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტულ საქციელს, არ უნდა იყოს ზოგადი. ნაცვლად ამისა: "ნუ იქცევი ცუდად”, - უმჯობესია ვუთხრათ მოსწავლეს: "გთხოვგვერდზე გადადე პენალი, რომელსაც ხელში ათამაშებ, ეს ხელს მიშლის გაკვეთილის ახსნაში”.
იუმორი კლასშიკარგია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლის საქციელზე სპონტანურად იუმორითა და ღიმილით რეაგირებს.
საკლასო გარემოეფექტური გაკვეთილისთვის მნიშვნელოვანია როგორც მერხების განლაგება (მოცემული მიდგომა სადისკუსიო სტილით განლაგებას მჯობინებს:მოსწავლები და მასწავლებელი სხედან U-ს ფორმის მაგიდის ირგვლივ ისე, რომ ერთმანეთს ყველა კარგად ხედავს და მასწავლებელი ყველა მოსწავლისგან თითქმის თანაბარი მანძილითაა დაშორებული), ისე კლასის მორთვა საჭირო თვასაჩინოებებით: პლაკატებით, მოსწავლეთა ნამუშევრებით (არამხოლოდ დაწყებით კლასებში). რაც უფრო ესთეტიური და თბილი სამუშაო გარემოა კლასში, მით უფრო მშვიდად მიმდინარეობს გაკვეთილები.
კლასის მართვის დემოკრატიული მოდელიმოცემული მოდელიც აქცენტს აკეთებს მოსწავლთა ინდივიდუალობის და უფლებების გათვალისწინებაზე, მაგრამჰუმანისტური მოდელისგან განსხვავებით, მასწავლებელს მმართველის როლს აკისრებს. კლასის მართვის მოდელი ფსიქოლოგ ალფრედ ადლერის პიროვნების თეორიას ეფუძნება. ამ თეორიის თანახმად, ადამიანის ქცევის მოტივი გარკვეული მიზნის მიღწევაა. ადლერისაზრით, ბავშის ქევას საფუძვლად ოთხი ძირითადი მიზანი უდევს, უკეთ, ოთხი მოთხოვნილება: ყურადღების ცენტრში ყოფნის, ძალაუფლების გამოვლენის, რევანშის და არაადევატურად ქცევის. მოცემული მიზნები იერარქიულადაა განლაგებული. ბავშვები ჯერ ყურადღების მიქცევას ცდილობენ, თუ არ გამოუვიდათ, მიმართავენ ძალაუფლების დემონსტრირებას - იწყებენ დაპირისპირებას აღიარებულ ავტორიტეტებთან (მშობლებსა და პედაგოგებთან)ურჩობენ, ჯიუტობენ, კამათობენწარუმატებლობის შემთხვევაში გადადიან რევანშზე - აგრესიას ამჟღავნებენ, სხვების დაჩაგვრას იწყებენ ანპირიქითგულჩათხრობილები ხდებიან. თუ ასეთი ქცევაუყურადღებოდ დარჩა, მაშინ ბავშვები არაადევატურად იქცევიან, გრძნობენ უსუსურობას, ავლენენ ადამიანისთვის დამახასიათებელ ღრმად ჩამჯდარ არასრულფასოვნების კომლექსს.
რუდოლფ დრეიკერსმა ადლერის შეხედულებები განავრცო. მას მიჩნდა, რომ ბავშვები მაშინ იქცევიან ცუდად, როდესაც მიზნის მისაღწევად არასწორ საშუალებებს მიმართავენ. ყურადღების მიპყრობის მისაღები ფორმაა კარგად სწავლა ან სოციალურად მისაღები ქცევის განხორციელება (სპექტაკლის გათამაშება უფროსების თვალწინ, ვინმეს დახმარება). მაგრამსამწუხაროდბავშვებს ჰგონიათ (ან ნეგატიურიგამოცდილება აქვთ - მათ მხოლოდ ცუდისაქციელის გამო აქცევდნენ ყურადღებას), რომ ყურადღების მიქცევის საუკეთესო გზაა დისციპლინის დარღვევა, სიზარმაცე, ტირილიჩხუბი. დრეიკერსმა პედაგოგებისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავაიმის თაობაზე,როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირება.
დრეიკერსი ურჩევს პედაგოგებს, არ მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება ბავშვის ცუდ საქციელს, თუ ის სწორედყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად; სამაგიეროდ, არ დატოვონ უყურადღებოდ და შეაქონ მოსწავლეროდესაც ის კარგად იქცევა და არ არღვევს დისციპლინას. მასწავლებელი, რომელიც დაუფარავად გამოხატავს გაღიზიანებას და ბრაზს მოსწავლის არასასურველი ქცევის გამო, უბრალოდ განამტკიცებს ამ ქვევას. სასურველია, მასწავლებლებმა მაშინ შეაქონ მოსწავლეები, როდესაც ისინი უსმენენ მასწავლებელს, ასრულებენ დავალებას. ასეთ დროს სასურველი ქცევის განმტკიცება მოხდება.
თუმოსწავლე ჯიუტობს, ინიანობს და მასწავლებელს მიაჩნია, რომ მისი ქცევის მთავარი მიზანი ძალაუფლების გამოვლენაა, ბავშვს არც უნდა დაუპირისპირდეს და არც დაუთმოსანუ მიმართოს ასეთ სტრატეგის: ა) აღიაროს, რომ მოსწავლეს აქვს გარკვეული უფლებები და გავლენის მოხდენის უნარი; ბ) როდესაც შესაძლებელიადააკისროს მოსწავლეს ცენტრალური როლი (დაავალოს პრეზენტაციისმოწყობა, გუნდური თამაშის დროს დანიშნოს კაპიტნად);გ) თავი არიდოს მოსწავლესთან დაპირისპირებას; დ) ზოგჯერ მას დახმარებაც სთხოვოს (მაგალითად,რვეულების დარიგება, ქოთნის ყვავილების მორწყვა); ე) პატივისცემით მოეპყრს მოსწავლეებს; ვ) მასწავლებელი და მოსწავლე უნდა მივიდნენ ურთიერთშეთანხმებამდე ლოგიკური არგუმენტების გამოყენებით.
რევანშის აღების, შურისძიების სურვილი მოსწავლეს მაშინ უჩნდება, როდესაც ის ვერ ექცევა ყურადღების ცენტრში. სასურველია, მასწავლებელმა არ გამოამჟღავნოს, რომ მოსწავლის საქციელმა ანაწყენა, ამიტომ დრეიკერსი მასწავლებლებს სთავაზობსარ განახორციელონ მოსწავლეთათვის მოსალოდნელი ქცევა. თუ მოსწავლე შეგნებულად იქცევა ცუდად, მასწავლებელმა აუხსნას, რომ მაინც ძალიან უყვარს.
არაადევატურად მოსწავლეები მაშინ იქცევიან, როდესაც უსუსურობასა და არასრულფასოვნებას გრძნობენ (უარსამბობენ დავალების შესრულებაზე, გუნდურ თამაშში მონაწილეობაზე)ამიტომ სასურველიამასწავლებელმა მოსწავლეს აგრძნობინოს, რომ მასზე გული არ ასცრუებია,წაახალისოს მისი ძალისხმევა, მაშინაც კითუ ძალისხმევამარცთუ ისე კარგი შედეგი გამოიღო.
რ. დრეიკერსს მიაჩნდა, რომ მასწავლებლებმა ხშირად უნდა აუხსნან მოსწავლეებს ლოგიკური შედეგიკლასთანერთად წინასწარ იმსჯელონ იმის თაობაზე, რა საქციელს რა შედეგი მოჰყვება.
კლასის მართვის ბიჰევიორისტული მოდელი. აქამდე განხილული კლასის მართვის მოდელები უშუალოდ მოსწავლეებზე იყო ორიენტირებული და ძირითადად პრევენციული ხასიათი ჰქონდა. ბიჰევიორისტული მიდგომა ქცევის კორექციისკენაა მიმართული, ხოლო მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. მოცემული მოდელი ეყრდნობა ბიჰევიორიზმის, ქცევის მეცნიერების თეორიას (წარმომადგენლები ჯ. უოტსონი, ე. თორნდაიკი, ბ. სკინერი).
მოცემული თეორიის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ქცევის მოდიფიკაციის (ცვლილების) მოდელს და სისტემური განმტკიცების პროგრამას.
ქცევის მოდიფიკაციის მოდელი
მოცემულ მოდელზე დაყრდნობით პრისლენდმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:
ა) არასასურველი, პრობლემური ქცევის განსაზღვრა. პირველ რიგშიმასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რა არისარასასურველი ქცევა. არასასურველია ქცევა, რომელიც ხდება მეტისმეტად ხშირად (ხმამაღლა საუბარი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს) ან მეტისმეტად იშვიათად (მოსწავლეები არ იწევენ ხელს პასუხის დროს). პრობლემური ქცევის განსაზღვაში შესაძლოა მონაწილეობა მოსწავლეებმაც მიიღონ.
ბ) არასასურველი, პრობლემური ქცევის სერიოზულობის განსაზღვრაასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად სერიოზულია ეს ქცევა, გაანალიზოს თითოეული შემთხვევა.
გ) ქცევის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრამასწავლებელი უნდა დააკვირდეს, რა სიტუაცია უძღვის წინ არასასურველ ქცევას, რა მოსდევს მასხომ არ იწვევს რაიმე ან ვინმე არასასურველი ქცევის პროვოცირებას.
დ) არასასურველი, პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ცვლილება. საჭიროა იმაზედაკვირვებაქცევის რაგვარი შედეგი იწვევს მის განმტკიცებას (მაგალითად, როდესაც მოსწავლე ძალიან ცუდად იქცევა, მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას)ამიტომ ქცევის შედეგიუნდა შეიცვოს. მასწავლებელმა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლის ცუდ ქცევას.
ე) ცვლილებათადაგეგმვა. მას შემდეგ, რაც ზუსტად განისაზღვრებარა იწვევდა არასასურველი ქცევის პროვოცირებას და რა შედეგი განმტკიცებდა მას, უნდა მოიფიქრონ ახალი ქცევები.
ვ) სრულყოფაუკანასკნელ ეტაპზე უნდა მოხდეს ახალიშეცვლილი სიტუაციის გაანალიზება: შენარჩუნებულია თუ არა არასასურველი ქცევა, რამდენად ეფექტურია სტრატეგია, რომელსაც მასწავლებელი მიმართავს არასასურველი ქცევის შემდგომეფექტობის შემთხვევაში ახალი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.
სისტემური განმტკიცების პროგრამა.მასწავლებლები ხშირად მიმართავენ მოსწავლეთა წახალისებას ქებით, ნიშნებით, ყურადღებითმაგრამ ხდება ხოლმე, რომ განმტკიცების ასეთი სისტემა საკმარისი არ არის, მოსწავლეები ცუდად იქცევიან და საჭიროა უფრო სერიოზული ჩარევა. ასეთ დროს ჟეტონების სისტემას მიმართავენ. კარგი ქცევის შემთხვევაში მოსწავლე ღებს ჟეტონს, ცუდი ქცევის შემთხვევაში კი ართმევენ მას (ეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთსტიკერები ან მედალიონები, რომლებზეც გაცინებული და მოწყენილი სახეებია გამოსახული).როდესაცმოსწავლეგანსაზღვრული რაოდენობის ჟეტონს შეგროვებს, გადაცვლის მათ მატერიალურ განმამტკიცებლზე,იღებს პრიზს. პრიზად, განმამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტკბილეული,სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები. ასევე - სოციალური განმამტკიცებლებიქებაღიმილი, თავზე ხელის გადასმა. ამასთან,მნიშვნელოვანია, პრიზი მოსწავლისთვის სასურველი იყოს, წინააღმდეგ შემთვვევაში ის ქცევის განმტკიცებას არ გამოიწვევს.





სასკოლო ასაკის თავისებურებანი


უნდა მივიყვანოთ თუ არა სკოლაში 6 წლის მოზარდი
თქვენს პატარას 6 წელი შეუსრულდა და შესაბამისად ოჯახში გახშირდა საუბარი მის სკოლაში მიყვანაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია სწორი არჩევანის გაკეთება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც მოზარდის სკოლაში შეყვანისათვის მზადყოფნას განსაზღვრავს. ხსენებული კრიტერიუმები შემდეგში მდგომარეობს –პირველ რიგში ასაკი, შემდგომ თავად მოზარდის სურვილი, წავიდეს სკოლაში, მისი ზოგადი განათლების დონე და ბოლოს, ჯანმრთელობა. ბუნებრივია, ნებისმიერ ოჯახში ისმება საკითხი, ჩამოთვლილთაგან რომელ კრიტერიუმს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელი კრიტერიუმია ყველაზე მთავარი? ამ კრიტერიუმებს შორის მთავარი, ექსპერტთა და სპეციალისტთა განმარტებით, ფიზიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების დონეა. ერთ-ერთი მათგანის შეუსაბამო მდგომარეობა, შესაძლოა მოზარდის სკოლასთან შეუთავსებლობის სერიოზული მიზეზი გახდეს. ბავშვის სკოლაში შეყვანის მზადებისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მისი განვითარების შესაბამისობაში მოყვანა, რომლის მეშვეობითაც ის იოლად გაართმევს თავს დაწყებითი სასკოლო განათლების მოთხოვნებს, იოლად მოახდენს ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან და თავისთავად იგულისხმება თანაკლასელებთანაც.
მაშ ასე, – ჯანმრთელობა – ეს გახლავთ პირველი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს, უნდა შეიყვანოთ თუ არა თქვენი პატარა სკოლაში. მშობელი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა მოზარდის სკოლაში შეყვანა იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს, ან კიდევ 6 წლამდე ასაკში მძიმე დაავადება აქვს გადატანილი. ეს გარემოებები ბავშვის იმუნიტეტს ასუსტებს და ზრდის იმის რისკს, რომ სკოლაში სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას რომელიმე სხვა დაავადებითაც დასნებოვანდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია. ამასთანავე სასურველია მშობელს ახსოვდეს, რომ სასკოლო განათლებასთან ადაპტაცია, ჯანმრთელი ორგანიზმისათვისაც კი შესაძლოა ძნელად გადასატანი აღმოჩნდეს, ვინაიდან გარემოს შეცვლა და ახალ რეგულაციებში შესვლა საკმაოდ დიდ დატვირთვას იწვევს ნებისმიერ ორგანიზმზე, იწვევს იმუნიტეტის შესუსტებას, რაც შესაძლოა რიგი დაავადებების გამომწვევი გახდეს.
არსებობს ე.წ. "საპასპორტო" და "ბიოლოგიური" ასაკის ცნება. "ბიოლოგიური ასაკი" – ეს გახლავთ მოზარდის შინაგანი ორგანოების სამზადისი მის წინაშე დამდგარი ცვლილებების მიმართ, "საპასპორტო ასაკი" კი, უბრალოდ ბავშვის ამქვეყნად მოვლინების დღიდან აითვლება. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც "საპასპორტო და ბიოლოგიური ასაკი" ერთიმეორესთან თავსებადობაში არ მოდის. სამწუხაროდ, მშობლების უმრავლეობა ყურადღებას არ აქცევს, რომ 6-7 წლის ბავშვის ორგანიზმის განვითარება არ შეესაბამება მის წლოვანებას. აღნიშნულ ასაკში მოზარდის ორგანიზმი ძალიან სწრაფად იზრდება და ფორმირდება. გოგონები გაცილებით უფრო სწრაფად ყალიბდებიან, ვიდრე ვაჟები და ეს პროცესი განსაკუთრებული სისწრაფით ზაფხულში ვითარდება. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია და მოცემულ შემთხვევაში ხშირია მოზარდის წონაში დაკლება, რაც უთუოდ მიუთითებს, რომ მისი ორგანიზმი სასკოლო სწავლების დატვირთვას ვეღარ აუდის და შესაბამის რეაქციასაც იძლევა.
სკოლამდელი ასაკის მოზარდის ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია. ფორმირებას განიცდის მისი სახსრები, ხერხემალი, სისხლძარღვთა სისტემა და კუნთოვანი ქსოვილები. აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვნად იზრდება ძვლოვანი სისტემაც და თუ 6-7 წლის მოზარდში ჯერაც არ გახლავთ დასრულებული და ჩამოყალიბებული ხსენებული პროცესები, მაშინ ნათელი ხდება, თუ რატომ ვერ ახერხებენ მოზარდები თუნდაც მცირე ხნის მანძილზე სასკოლო მერხთან მშვიდად და ცმუკვის გარეშე ჯდომას. მოზარდის სტატიკური, ანუ მერხთან წყნარად ჯდომის მოცემულობა გაცილებით ძნელი წარმოსადგენია, ვიდრე მისი, ვთქვათ ფიზიკური მომზადების გაკვეთილზე აქეთ-იქით სირბილი. რაც უფრო მცირე ასაკისაა მოზარდი, მით მეტია მის ცნობიერებაში მოთხოვნილება მოძრაობისადმი, ხოლო ხანგრძლივი იძულებითი `დამუხრუჭება~ მის ცნობიერებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. სხეულის ზრდის დაუსრულებელ პროცესში უხეში ჩარევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ორგანიზმზე, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს, - მათ შორის ხერხემლის გამრუდებასა და სხვა დაავადებებამდე.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მოზარდის ხელის მტევნის კუნთებიც ასევე ჩამოუყალიბებელია და მათმა დაძაბვამ წერის პროცესში, შესაძლოა ხელის კუნთის გარკვეული პათოლოგიები გამოიწვიოს. ამიტომ, წერითი ვარჯიშები 8-12 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
6-7 წლის ასაკში მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჩამოყალიბებას განაგრძობს. აღნიშნულ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი უკიდურესად მგრძნობიარეა და მასზე ზედმეტი დატვირთვა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს. დღის რეჟიმის გონივრული გათვლა, სწავლის, შრომისა და დასვენების სწორი დაგეგმვა უზრუნველყოფს პატარას ნორმალურ ჩამოყალიბებას.
მოზარდის ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციის საკითხში უმთავრესი როლი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ენიჭება. 6-7 წლის ბავშვების ფსიქიკა უკვე მზადაა, მიიღოს ინფორმაციისა და სიახლეების მნიშვნელოვანი ნაკადი. ამ ასაკში უკვე ფორმირებულია ყურადღების განსაკუთრებული ნიშან-თვისებები. თუმცა, მხოლოდ 8-9 წლის ასაკში ახერხებენ ბავშვები კონცენტრაციასა და განსაკუთრებული ყურადღების მობილიზებას. ერთია, რომ ამა თუ იმ საგნის სიტყვიერი ახსნა-განმარტება გაცილებით არაეფექტურია, ვიდრე ვიზუალური. ბავშვის ცნობიერება ელვის უსწრაფესად ხტის ერთი საგნიდან მეორეზე და ამიტომაც მოზარდისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიზუალური ახსნა, ვიდრე ვერბალური.
ბავშვის საერთო აქტივობას მისი ფსიქოლოგიური აქტივობა, ემოციურობა, ინტენსიურობა, არსებობის ახალ სახეობაზე გადართვა და მისი რეაქციები განსაზღვრავს. მოზარდის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნისადმი მისი ცნობიერება განსაზღვრავს. საკუთარ ასაკთან ფიზიოლოგიურად ე.წ. "ჩამორჩენილი" ბავშვები ხშირად ყურადღების გაფანტულობითა და ინტერესის არქონით გამოირჩევიან. სამწურად, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემები თავს იჩენს არა დაწყებით, არამედ მეორე და მესამე კლასებში.
მშობლების ყველაზე ხშირი შეცდომა შვილის სკოლაში მიყვანისას საერთო განვითარების არასრულფასოვანი შეფასება გახლავთ. დღეისათვის "ინფორმაციის საუკუნეში", როდესაც მოზარდი უამრავ რამეს იგებს ტელევიზიის, ინტერნეტისა თუ სხვა საშუალებებით, მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილის ცნობიერება უკვე საკმაოდ მომზადებულია სასკოლო განათლების მისაღებად.
არსებობენ ასევე "სულსწრაფი პირველკლასელები", რომელთათვისაც სკოლაში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. თუმცა, მოზარდების ეს კატეგორია გაცილებით სწრაფად იღლება, ისინი პრეტენზიულები და კონფლიქტურები ხდებიან თანაკლასელებთან. ამასთანავე, საკმაოდ ხშირად ექმნებათ პრობლემები ანბანის ათვისებასთან, ზოგადად კითხვასთან და ციფრების გამრავლებასთან.
მშობელს სპეციალისტის დახმარების გარეშე შეუძლია განსაზღვროს, მზადაა თუ არა მისი შვილი სკოლაში შესასვლელად.
მაშ ასე, მომავალ პირველკლასელს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:
ჩამოყალიბებული აღქმის უნარი – უნდა შეეძლოს მოიძიოს შესაბამისი ფიგურა ერთიმეორეზე აგებული სხვადასხვა ფორმისა თუ ფერის ნახატებიდან;
უნდა შეეძლოს გაამახვილოს ყურადღება ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი მისთვის საინტერესო სულაც არ არის;
ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარებული კოორდინაციის უნარი, რაც მდგომარეობს შემდეგში: მოზარდს აუცილებლად უნდა შეეძლოს სახაზავის და მისთანების გარეშე სწორი ხაზების გავლება (ზიგზაგების გარეშე), უნდა შეეძლოს საბავშვო მაკრატლის საშუალებით ამა თუ იმ ნახატის გამოჭრა, ასევე უნდა ეხერხებოდეს მარტივი ნახატების საკუთარი ხელით კოპირება და რა თქმა უნდა, არჩევდეს მარცხენა და მარჯვენა მხარეებს;
მოზარდისათვის აუცილებელია ჰქონდეს მეხსიერების გარკვეული რესურსი, დაიხსომოს მიცემული დავალება და შესრულების ბოლომდე არ დაივიწყოს ის;
აღნიშნულ ასაკშვი ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს საკუთარი გვარი, სახელი და მშობლების ვინაობა, ასევე ქალაქის სახელწოდება, რომელშიც ის ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროზე, ასევე მსოფლიოს ცნობილ ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებზე;
მოზარდს აუცილებლად უნდა გააჩნდეს "ემოციური ცნობირება", ანუ იმპულსური ქმედებების შემცირების უნარი. ეს კი მდგომარეობს შემდეგში – ბავშვმა უნდა შესძლოს ორიენტირება სასკოლო მოთხოვნილებებზე – ანუ მხედველობაში გვაქვს ის მომენტი, როდესაც ცნება "საჭიროა" გაცილებით აჭარბებს ცნებას "მინდა".
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოზარდის შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კროტერიუმებს, სულაც არ არის საჭირო საგონებელს მივეცეთ. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამედიცინო სფეროს უამრავი სპეციალისტი ჰყავს (მათ შორის ლოგოპედები, ბავშვთა ფსიქოლოგები, პედაგოგები და ასე შემდეგ). ნუ დაივიწყებთ, რომ ბავშვთა ფსიქოლოგია 6-7 წლის ასაკში საკმაოდ არამდგრადია და დროული ჩარევის შემთხვევაში ნებისმიერი შეცდომის გამოსწორებაა შესაძლებელი. 





წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლება დაწყებით საფეხურზე


მოსწავლეთა მეტყველების დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია და გადაულახავ სირთულედ არის ქცეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სწავლების სისტემაში ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი მრავალია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართაობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის სრულყოფილად გადმოცემისთვის საჭირო საშუალებებისადმი ზერელე დამოკიდებულება ან მათი სრული იგნორირება და სხვა.

არ შევჩერდები მშობლიური ენის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს როლზე სასწავლო პროცესში; შევეხები მხოლოდ მისი სწავლების ძირითად საკითხებს დაწყებით საფეხურზე და გაგაცნობთ წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის ეფექტურ გზებს.

სწავლების პროცესში წინასაანბანო პერიოდშივე გამოვყოფთ იმ ნაწილებს, რომლებზე მუშაობასაც ზეპირად ვიწყებთ. ბავშვებს ისეთი დავალებები ეძლევათ, რომელთა შესრულებაც შემდგომ წერითი მეტყველების განვითარებას უზრუნველყოფს. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვებმა "წერა" ანბანის შესწავლამდე მათთვის ხელმისაწვდომი და სახალისო ფორმით უნდა დაიწყონ. ამ თვალსაზრისით ძალზე ეფექტურია ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ანუ „მასწავლებელი კალამი", კარგად შერჩეული მეთოდი კი მიზნის მიღწევის გზაა.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი - რა უნდა იცოდეს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობაც და სწავლების მეთოდიც.
მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:
·დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი აქტივობას;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
· ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამ რაოდენობის მოსწავლით მეთოდის ეფექტიანად განხორციელება).
სწავლის სავარაუდო შედეგების ჩამოყალიბებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს მას ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციისა, პრეზენტაციისა, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობას, ინტერესებს, სწავლების სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის - ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.
წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისას კარგია ერთობლივი წერა. ენობრივი პრაქტიკა გულისხმობს მოსწავლეთა მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას. ეს მეთოდი ითვალისწინებს ტექსტთან მრავალმხრივ მიბრუნებას და მრავალფეროვანი სავარჯიშოების დაგეგმვასა და შესრულებას. თავად მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე, მეთოდი სახალისოა და მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებიან მუშაობის პროცესში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ენობრივი პრაქტიკის ეფექტურობა ენების სწავლებაში. ჩემ მიერ განხილული მეთოდი კარგად გამოიყენება პირველ და მეორე კლასებში, თუმცა მისი გამოყენება სხვა ფორმით შეიძლება მეოთხესა და მეხუთეშიც. ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის დამყარება და ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება, რაც მოსწავლეებს ეხმარება წერა-კითხვის კონცეპტუალური საფუძვლების გაცნობიერებაში, კერძოდ, იმისა, რომ რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას, რასაც ვამბობთ, შეიძლება დაიწეროს, რასაც ვწერთ, შეიძლება წავიკითხოთ, ანუ მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც დავწერე და აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.
თუ თვალს გადავავლებთ ეროვნული სასწავლო გეგმით მონიშნულ მიზნებს, აღმოვაჩენთ, რომ ენობრივი პრაქტიკის გამოყენება თითქმის ყველა სასწავლო მიზნის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს, ტექსტის კონცეპტების დაუფლება იქნება ეს, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ამოცნობილი ლექსიკური ერთეულების მარაგის შევსება თუ სხვა. ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ეფექტურად გამოიყენება წინასაანბანო პერიოდიდანვე, როცა მოსწავლეები წერა-კითხვის ბუნებრივი, არაფორმალური ათვისების ბაზიდან ფორმალურად შესწავლის საფეხურზე გადადიან.
ახლა განვიხილავ უშუალოდ გაკვეთილის მსვლელობას. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიმარაგოს რესურსები, განსაკუთრებით - თვალსაჩინოება: ილუსტრაცია, სათამაშო თუ სხვა რამ, - რის შესახებაც მოსწავლეებმა ტექსტი უნდა შექმნან. ენობრივი პრაქტიკა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად. მთავარია, რომ დამწყები მკითხველები ეცნობიან ტექსტის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სათაური, აბზაცი, სტრიქონი და ა. შ. იმავდროულად მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზია, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და თხზვის უნარები.
კითხვის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის ავთენტურობას, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: კითხვის დაწყებამდე მოტივაციის აღძვრა საფუძველია იმისა, რომ მოსწავლე შემდეგ ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთვება კითხვის პროცესში და აქტიურად შეასრულებს კითხვის სავარჯიშოებს.
გამოწვევის მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას: რას აკეთებენ მწერლები? მოსწავლეთა პასუხების შემდეგ სთავაზობს მათ, გახდნენ მწერლები და მოიგონონ ამბავი. შემდეგ აჩვენებს თვალსაჩინოებას, რომლის შესახებაც უნდა იყოს ტექსტი, მაგალითად, სათამაშო სპილოს, ჟირაფს - შეიძლება ილუსტრაციაც - და ეკითხება, რა არის ეს. სთავაზობს მოსწავლეებს, ისაუბრონ სოფელზე, გაიხსენონ, როგორია, წელიწადის რომელ დროს უფრო მოსწონთ და რატომ. ამის შემდეგ გადადიან ამბის შეთხზვაზე. ყველა მოსწავლე გამოთქვამს თავის ნააზრევს, ჯერ - ზეპირად. მომდევნო ეტაპია წერა. მასწავლებელი ახსენებს ბავშვებს, რომ თავად იქნება კალამი და მოსწავლეების ნააზრევს დაფაზე დაწერს.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები და მასწავლებელი შეთანხმდებიან, რის შესახებ აპირებენ წერას, არჩევენ სათაურს, შემდეგ - პირველ წინადადებას. თუ მოსწავლეებს დაწყება უჭირთ, პირველი წინადადება შესაძლოა მასწავლებელმა შესთავაზოს. შემდეგ მასწავლებელი კითხვების მეშვეობით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას. ასეთი დავალებები ერთობლივ ფიქრთან ერთად საინტერესო და სახალისო გამოწვევაა მოსწავლეებისთვის.
თავდაპირველად უნდა დაიწეროს სათაური. ბავშვები ასახელებენ ვერსიებს, არჩევენ საუკეთესოს და მასწავლებელი იწყებს წერას. მოსწავლეები ადგილს ურჩევენ სათაურს. მასწავლებელი წერს მას შუაში. შემდეგ გადადის ტექსტზე და ეკითხება მოსწავლეებს, საიდან დაიწყოს წერა. მოსწავლეები ახსენებენ, რომ პირველი სიტყვა აბზაცით იწერება. რომელია სიტყვის პირველი ასო? მასწავლებელი აგრძელებს მოსწავლეთა ნააზრევის დაფაზე გადატანას. სტრიქონის დასრულების შემდეგ კვლავ ეკითხება, სად გააგრძელოს წერა ან როგორ გაკვეთოს სიტყვა მეორე სტრიქონზე გადასატანად. მოსწავლეები თანდათან აცნობიერებენ წერის მნიშვნელოვან მხარეებს. პატარა მწერლები, ერთი მხრივ, აკვირდებიან, როგორ წერენ გამოცდილი მწერლები, ამ შემთხვევაში - მასწავლებელი დაფაზე, მეორე მხრივ კი უშუალოდ მონაწილეობენ ასოების დასახელება-დაწერაში, სასვენი ნიშნების სწორად დასმაში და ძალდაუტანებლად იძენენ, იუმჯობესებენ წერის უნარებს.
ეს არის სწავლების მოდელი, რომელიც პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემას ეფუძნება. მასწავლებელი ზოგიერთ მოსწავლეს წერტილს დაასმევინებს, ზოგს ამა თუ იმ სიტყვის ან სათაურის ადგილმდებარეობას შეარჩევინებს, ზოგიერთს ასოს დააწერინებს, ზოგს - სიტყვას ან მთელ წინადადებას.
ერთობლივი წერის პროცესზე საუბრისას ხაზგასასმელია წერის დროს ბავშვების მიერ დაშვებული შეცდომები. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თვითონ კი არ შეასწოროს, არამედ კითხვების საშუალებით მიუთითოს და მისცეს მოსწავლეს შეცდომის დამოუკიდებლად გამოსწორების საშუალება.
ვინაიდან ენობრივი განვითარება თანმიმდევრული პროცესია და ბავშვები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ ენობრივ სტრუქტურებს, მასწავლებელმა ზოგიერთი შეცდომა, კერძოდ, იმ ტიპის შეცდომები, რომელთა თეორიული არსი ბავშვებისთვის უცხოა, ამ ეტაპზე რეაგირების გარეშე უნდა დატოვოს.
ბოლოს მასწავლებელი წაუკითხავს მოსწავლეებს დაწერილ ტექსტს და სთხოვს, ყურადღებით მიადევნონ თვალი. შემდგომ თავად მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ერთობლივი კითხვის ვარიაციებით. მაგალითად, ჯერ - მხოლოდ ბიჭები, ან მხოლოდ გოგონები, შემდეგ - ვისაც და ჰყავს ან ვისაც ტორტი უყვარს და სხვა. კითხვის დროს მასწავლებელი ხელს უნდა აყოლებდეს ამოსაკითხ სიტყვებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა აქ არ დაამთავროს ამ ტექსტზე მუშაობა, იმავე ან მომდევნო გაკვეთილებზეც აქტიურად გამოიყენოს იგი, სხვადასხვა მიზნით მიუბრუნდეს მას და ამით მოსწავლეებს ტექსტის დამოუკიდებლად აღქმის საშუალება მისცეს. მომდევნო გაკვეთილისთვის მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ შექმნილ ტექსტს დიდი ფორმატის ქაღალდზე გადაწერს და დაფაზე გააკრავს ნიმუშად. შემდეგ გადაწერილი ტექსტის მეორე ეგზემპლარს დაჭრის წინადადებებად და სთხოვს მოსწავლეებს, ააწყონ წინადადებები დაფაზე გაკრული ნიმუშის მიხედვით.

მეორე აქტივობა ანუ ტექსტის სიტყვებად დაშლა შედარებით გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბავშვებს სიტყვებად დანაწევრებული ტექსტის გამთლიანება უწევთ. ისინი შეადარებენ სიტყვების ბარათებს ტექსტის დედანს, რომელიც კვლავ დაფაზეა გაკრული. მნიშვნელოვანია, რომ ენობრივი პრაქტიკის დროს გამოყენებული სიტყვები მასწავლებელმა სხვა აქტივობებშიც ჩართოს. მაგალითად, ფონოლოგიურ სავარჯიშოებში, სიტყვების კლასიფიცირებასა თუ ახალი წინადადებების შედგენაში. სასურველია, მოსწავლეებმა თავადვე დაასურათონ თავიანთი ტექსტი. ამისთვის მასწავლებელი ტექსტს ნაწილებად ყოფს და ურიგებს ჯგუფებს ან წყვილებს შესაბამისი ილუსტრაციის შესაქმნელად. კარგი იქნება, თუ შემდეგში მასწავლებელი ბავშვების მიერ ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით შექმნილ ტექსტებს შეაგროვებს, გადააწერინებს მათ თაბახის ფურცლებზე ან, თუ წერა არ იციან, თავად დაეხმარება გადაწერაში, დაასურათებინებს და წიგნებად აკინძავს. ამგვარად მოსწავლეებს ექნებათ საკუთარი წიგნები, რომლებიც მათთვის ძვირფასი გახდება როგორც მათი შრომის შედეგი და, ამასთანავე, იქცევა მოტივაციის წყაროდ. სასურველია, ეს წიგნები კლასში გამოიფინოს, სახლში წაიღონ და მშობლებს აჩვენონ ან სკოლაში გაიმართოს პრეზენტაცია, რაც კიდევ უფრო აუმაღლებს მოტივაციას თითოეულ მოსწავლეს.
მე-5 და მე-6 კლასში ეს მეთოდი შედარებით გართულებული ვარიანტით შეიძლება გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ამ კლასებში ყურადღებას აღარ გავამახვილებთ იმაზე, რომელი ასოს შემდეგ რომელი დავწეროთ ან სად იწერება სათაური - აქ უკვე გრამატიკული ნორმების დაცვას, შედარებით რთული წინადადებების ჩამოყალიბებას და მსჯელობას ექცევა ყურადღება. გარდა ამისა, დღეს, როცა კომპიუტერი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია, ამ მეთოდის ფინალი - გააჩნია, რომელ კლასში ვიყენებთ მას - შეიძლება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ. დაფაზე დაწერილი მოთხრობა თუ ჩანახატი სხვადასხვა ჯგუფმა შეიძლება სხვადასხვა პროგრამაში მოამზადოს საპრეზენტაციოდ.
დასასრულ, მინდა, რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. ცალკე უნდა აღინიშნოს მოსწავლის მოტივაცია როგორც მკითხველის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყარო. მოტივაციის აღძვრა და მისი შენარჩუნება სწავლის, ამ შემთხვევაში - კითხვის პროცესის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღიქვა და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს წერას, კითხვასა და აზროვნებას ვასწავლი". ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინაპირობა ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე როგორც მოქმედ მასწავლებელს ზემოთ დასახელებული მეთოდი და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისათვის.









ტიპური შეცდომები ოჯახურ აღზრდაში


ის, რომ ოჯახის როლი და მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში განუზომელია, დავას ნამდვილად არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან ტრადიციულად აღზრდის მთავარ ინსტიტუტს სწორედ ოჯახი წარმოადგენს. იმას, რასაც ბავშვი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ოჯახში იძენს, მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. ოჯახის, როგორც აღზრდის ინსტიტუტის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ აქ ბავშვი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ატარებს. სწორედ ამიტომ, ბავშვზე ზემოქმედების ხანგრძლივობით, აღზრდის ვერცერთი სხვა სოციალური ინსტიტუტი მას ვერ შეედრება. სწორედ ოჯახში იწყება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი და ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მშობლების პიროვნული მახასიათებლები და ხასიათი გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, შფოთიანი დედების შვილები თავადაც შფოთიანები არიან. პატივმოყვარე მშობლები ისე თრგუნავენ შვილებს, რომ თავისდა უნებურად, მათში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების ხელშემწყობნი ხდებიან. თავშეუკავებელი მამა, რომელიც უმნიშვნელო მიზეზითაც კი გამოდის წონასწორობიდან, ქცევის მსგავს ტიპს, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარ შვილებშიც აყალიბებს. ასე რომ, ოჯახი, აღზრდის პროცესში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ფაქტორის როლში შეიძლება მოგვევლინოს. არცერთ სხვა სოციალურ ინსტიტუტს არ შეუძლია ბავშვის აღზრდის პროცესისთვის იმდენი ზიანის მიყენება, რამდენიც ოჯახს. ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა ბავშვის აღზრდის პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, როგორ მოვიქცეთ, რომ აღზრდის პროცესში ოჯახის დადებითი გავლენა გავაძლიეროთ, უარყოფითი კი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისათვის აუცილებელია კარგად გავაცნობიეროთ და გავაანალიზოთ ის შესაძლო და მოსალოდნელი შეცდომები, რასაც ბავშვის აღზრდის პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მართალია, ყველა ოჯახი თავისებური და განსხვავებულია, ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი, ინდივიდუალური, გამორჩეული სტილი აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიკვეთოს ის ტიპური შეცდომები, რომლებიც, როგორც წესი, ბევრ ოჯახში გვხვდება.
ოჯახურ აღზრდაში მშობლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა ჰიპერმზრუნველობაა. არცთუ იშვიათად, შეიძლება ის გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე მზრუნველობის და ყურადღების დეფიციტი. ჰიპერმზრუნველობა ეს ზრუნვის არაბუნებრივი, მომატებული დონეა. ის გამოიხატება მშობლების სურვილით მუდმივი ყურადღების ქვეშ ჰყავდეს ბავშვი, ყოველთვის დაიცვას ის, აკონტროლოს, თვალყური ადევნოს მის ყოველ ნაბიჯს. ასეთი მშობლების ტიპური გამონათქვამებია: „ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ჩემი შვილისთვის ვაკეთებ"; „ჩემი შვილი ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მთავარია"; „ჩემი შვილის გამო მე ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა ცხოვრებში"; „მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემს შვილზე, მის საქმეებზე, ჯანმრთელობაზე" და ა.შ. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ბავშვს უჩნდება სურვილი მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. ისინი ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის შიში. ასეთი ბავშვები ჭირვეულობით გამოირჩევიან, აკლიათ დამოუკიდებლობა, რის გამოც რეალურ ცხოვრებაში ხშირად განიცდიან წარუმატებლობას და მარცხს. არ შეუძლიათ მობილიზება რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ჰიპერმზრუნველობას საკმაოდ დიდხანს აგრძელებენ, რის გამოც საკუთარ მოზრდილ შვილს თანატოლებთან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. ერთ-ერთი ქალბატონი შეწუხებული იყო იმით, რომ მისი 22 წლის ვაჟი მეგობრის აგარაკზე თანატოლებთან ერთად რამდენიმე დღით აპირებდა წასვლას. "როგორ უნდა გავუშვა, იქ ისინი მარტო, უფროსების გარეშე იქნებიან", - შეშფოთებას ვერ მალავდა დედა. ის მხოლოდ მაშინ დანებდა და წავიდა დათმობაზე, როცა შვილისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: „დედა, მინდა რომ მენდობოდე, მე რომ რაიმე ცუდის გაკეთება მინდოდეს, ამას აქ, შენ გვერდით მოვახერხებდი".
ბავშვის პიროვნულ განვითარებაში უარყოფითი შედეგების მომტანი ხდება ასევე ჰოპერმზრუნველობის საწინააღმდეგო პოზიცია - ავტორიტარიზმი - მკაცრი, სისასტიკემდე მისული ძალაუფლება ბავშვებზე, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ავტორიტარული სტილი ხასიათდება უზომო სიმკაცრით და მომთხოვნელობით. დაშინება, იძულება, დასჯა აღზრდის ამ სტილის მთავარი საშუალებებია. ბავშვებში ის იწვევს შიშის, დაუცველობის გრძნობას. როცა ბავშვი სკოლიდან კარგი ნიშნებით ბრუნდება, მას არ აქებენ. ნაცვლად ამისა, უკითხავენ მორალს, თუ რისკენ უნდა ისწრაფოდეს ცხოვრებაში. დაბალი ნიშნების მიღების შემთხვევაში კი - სჯიან. ბავშვთან ურთიერთობაში ხშირად ადგილი აქვს ირონიას, დაცინვას. ასეთ ოჯახებში ბავშვებს არა აქვთ ემოციური უსაფრთხოების განცდა. მათ უჩნდებათ უნდობლობა ადამიანების მიმართ, თავს არიდებენ მათთან ურთიერთობას. ასეთი ბავშვები მოზრდილობაში ხდებიან სასტიკები, უხეშები, მატყუარები, ფარისევლები, უნებისყოფოები, მხდალები, ზარმაცები, გაბოროტებულები და შურისმაძიებლები.
ბავშვის პიროვნების ფორმირებისათვის არანაკლებ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება მშობლების მხრიდან. ისინი ხშირად, საკმაოდ ადრეული ასაკიდან, სრულ თავისუფლებას ანიჭებენ ბავშვს. მშობლების ასეთი პოზიციის მიზეზი შეიძლება იყოს მათი დაკავებულობა საკუთარი საქმეებით და პრობლემებით, გულგრილობა ბავშვების მიმართ, ასევე სურვილი ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ ბავშვი დამოუკიდებლობას. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად ბავშვს უჩნდება სიმარტოვის და უსუსურობის განცდა ისეთი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისას, რომელთაც, მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში ადვილად გაართმევდა თავს. მშობლიური სითბოსა და ყურადღების დეფიციტის პირობებში შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას ბავშვის ინტელექტუალურ და ფსიქიკურ განვითარებას. გარდამავალ ასაკში ასეთმა ბავშვებმა შეიძლება თავი მიანებონ სწავლას დ მოხვდნენ არაკეთილსაიმედო გარემოში. სწორედ ამიტომ, მშობლების უმთავრეს ამოცანას ბავშვისთვის კეთილგანწყობილი და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნა უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სიყვარულის სწავლება. მხოლოდ მშობლებთან მჭიდრო კონტაქტმა შეიძლება აგრძნობინოს ბავშვს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ. მშობლების მხრიდან ყურადღების, ზრუნვისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში მყოფი ბავშვები ხშირად ავადმყოფობასაც კი ნატრობენ, რომ იქნებ მაშინ მაინც მოიცალონ მშობლებმა და გარვეული დრო დაუთმონ მას. ალბათ ბევრისთვის საყურადღებო იქნება ერთი მეშვიდეკლასელი გოგონას სიტყვები; მან ჩემ მიერ მიწოდებულ დაუსრულებელ წინადადებას - „მე რომ დედა ვიყო..." - ასეთი გაგრძელება მოუძებნა - „მე რომ დედა ვიყო, ჩემ შვილს პირველ რიგში სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი". გოგონას ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურვებდა. ერთადერთი, რის დეფიციტსაც განიცდიდა, დედის სითბო, სიყვარული და ყურადღება იყო. ამ ბავშვის დედის მსგავსად, ბევრი მშობელი თავის უყურადღებობას შვილის მიმართ სამსახურში დაკავებულობით ხსნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვისთვის ხშირად დედასთან ათწუთიანი ურთიერთობაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს მის სიყვარულში დასარწმუნებლად. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხარისხი და არა იმ დროის ხანგრძლივობა, რასაც ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა მოიცავს.
ხშირად, აღმზრდელობითი თვალსაზრისით, დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არათანამიმდევრულობა ბავშვთან დამოკიდებულებაში. როდესაც მშობელი, საკუთარი გუნება-განწყობილებიდან გამომდინარე, ხან სჯის და ხან ხმას არ იღებს ბავშვის ერთსა და იმავე ქცევაზე. ასეთი მშობლები არაპროგნოზირებადი ემოციური რეაქციებით გამოირჩევიან. ბავშვმა არ იცის, რას უნდა ელოდოს მშობლისგან, ვინაიდან ერთი და იმავე საქციელის გამო მას ხან სჯიან და ხან ეფერებიან. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება დაურწმუნებლობის განცდა, ეჭვი ეპარება მშობლის სიყვარულში. მოზრდილობის ასაკში ისინი ძალიან არასტაბილურები არიან პიროვნებათა შორის ურთიერთობებში, აკლიათ სიმტკიცე, სიმყარე და თანმიმდევრულობა ადამიანებთან ურთიერთობაში.
ოჯახური აღზრდის პრობლემები კიდევ უამრავი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც იმას ამტკიცებს, რომ ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესი ოჯახში საკმაოდ რთული დ მრავალფეროვანია. საჭიროა ბავშვთან დამოკიდებულებაში მოიძებნოს ის „ოქროს შუალედი", რომელიც ბევრ პრობლემას აგვაცილებდა თავიდან.







პირველკლასელთა ადაპტაცია სკოლასთან და სასკოლო სწავლება


ყველა იმ პრობლემას შორის, რომელსაც შეიძლება სასკოლო ცხოვრების დასაწყისში წავაწყდეთ, სკოლასთან პირველკლასელის ადაპტაცია სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მისთვის სკოლა და სწავლა.

გავრცელებული განმარტებით, ადაპტაცია – ეს არის შეგუება, „ჩაწერა" რაიმე გარემოში. ადაპტაციის პერიოდი 2-3 კვირიდან ნახევარ წლამდე გრძელდება. ერთხელ ერთმა პედაგოგმა შეწუხებულმა შემომჩივლა: „უკვე ერთი თვე გავიდა, ადაპტაციის პერიოდმა გაიარა, მაგრამ გიორგი მაინც ვერ შეეგუა სკოლას, არც სწავლა უნდა და თავისი ქცევითაც ბევრს აწუხებს". უნდა ითქვას, რომ ადაპტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ამასთან, არ არსებობს მზამზარეული რეცეპტები, რომლებიც ყველასთვის საერთო იქნებოდა და ამ საფეხურზე მყოფი ნებისმიერი ბავშვისთვის ეფექტური აღმოჩნდებოდა. თუმცა შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათსა და ხანგრძლივობაზე.

სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები
·ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი, ტემპერამენტი აჩქარებს ან ანელებს ადაპტაციის პროცესს.
·სასწავლო დაწესებულების ტიპი ასევე თავისებურ გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის მიმდინარეობაზე. კლასში ბავშვების სიმრავლე საკმაოდ ართულებს აღნიშნულ პროცესს. ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა კერძო სკოლებში, სადაც კლასში ბავშვების რაოდენობა ათ-თხუთმეტს არ აღემატება, თუმცა ასეთ სკოლებში დამკვიდრებული დღის რეჟიმი, ბავშვების მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ყოფნა ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათზე.
· საგანმანათლებლო პროგრამების სირთულის ხარისხი. ექვსწლიანთა ფსიქოფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია, სასწავლო წლის პირველ ნახევარში მათ დღეში მხოლოდ სამი გაკვეთილი უტარდებოდეთ, თუმცა იმის გამო, რომ პირველკლასელთა სასწავლო პროგრამები საკმაოდ გადატვირთულია, სამის ნაცვლად მათ ოთხი, ხშირად კი ხუთი გაკვეთილიც უტარდებათ. უფრო მეტიც: იმისთვის, რომ წლის ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიოს, პედაგოგი პატარებს არცთუ იშვიათად საშინაო დავალებებითაც ტვირთავს. ყოველივე ეს კი უფრო მეტად ართულებს და ახანგრძლივებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს.
· სკოლისათვის ბავშვის მზაობის დონე. როგორც წესი, მიზეზთა გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობაც. ხშირად პედაგოგისთვის სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ ცალკეულ ბავშვებს ასაკის შესაფერის დონეზე არ აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა ფსიქიკური პროცესები, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები - არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. პირველკლასელების ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე განუვითარებელი აქვს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგალითად, მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: „გადაშალე რვეული პირველ გვერდზე, გადათვალე მარცხნიდან მარჯვნივ ორი უჯრა, ზემოდან ქვემოთ ორი უჯრა და დასვი წერტილი", - ბავშვმა შესაძლოა ვერ შეასრულოს. ასეთ დროს მასწავლებელი იძულებული ხდება, ყველა ბავშვს სათითაოდ მოუნიშნოს რვეულში მითითებული ადგილი, რაც მას 35–წუთიან გაკვეთილზე უამრავ დროს აკარგვინებს და სასწავლო პროცესსაც საკმაოდ უშლის ხელს. სისტემატური მარცხი და წარუმატებლობა ბავშვს სასწავლო მოტივაციასაც უქვეითებს, სკოლასთან პირველკლასელთა წარმატებული ადაპტაციისთვის კი სასწავლო მოტივაცია აუცილებელია.

ალბათ, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი დასრულებულად და წარმატებულად.

სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნები
·ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
·სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
·სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
·დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
·მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
·დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.);
·არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.

სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები
·ბავშვი სწრაფად და ხშირად იღლება;
·შესაძლოა, უჩიოდეს თავის ტკივილს, უმადობას;
·უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;
·ხშირად საყვედურობს, ემდურის თანაკლასელებს;
·წუწუნებს მასწავლებლის მოთხოვნებზე;
·აქვს შინაგანი პროტესტის განცდა, ისეთ სიტუაციებშიც კი ჭირვეულობს, სადაც ადრე სიმშვიდით გამოირჩეოდა;
·უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ იცავს სასკოლო წესებს.
წესისამებრ, ასეთ ბავშვები განიცდიან სირთულეებს და აქვთ პრობლემები სასწავლო საქმიანობაში.
ვინაიდან სკოლასთან ადაპტაციის პროცესში წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მშობლებზე, კარგი იქნება, თუ ისინი გაითვალისწინებენ ქვემოთ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ამით ისინი დიდ დახმარებას გაუწევენ როგორც შვილებს, ისე მათთან მომუშავე მასწავლებლებსაც, რაც, თავის მხრივ, სასწავლო პროცესში წარმატების გარანტად შეიძლება იქცეს.

რეკომენდაციები მშობლებისთვის სკოლასთან ადაპტაციის ხელშესაწყობად
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ვაჩუქოთ შვილს, ჩვენი ყურადღებაა;
მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;
 აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში დავეხმაროთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების, საკუთარი შესაძლებლობების;
 სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის ძილის ორგანიზება. საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, ბავშვს უნდა რჩებოდეს დრო მულტფილმების საყურებლად, სასეირნოდ და ა.შ.
 განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშებს. პატარები ყველაზე დიდი გატაცებით მოძრაობით თამაშებს თამაშობენ. შემთხვევითი არ არის, რომ პირველკლასელებისთვის საგაკვეთილო პროცესში ყველაზე სასიამოვნოა წუთშესვენებები, როდესაც ისინი სხვადასხვაგვარ ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებენ. ერთხელ, როდესაც გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა ეთქვათ, რა მოეწონათ გაკვეთილზე ყველაზე მეტად, პატარა ლუკამ დაუფიქრებლად წამოიყვირა: „წუთშესვენება, მასწავლებელო!" თუმცა, სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად, გაკვეთილებზე დამკვიდრებული წუთშესვენებების მიუხედავად, ბავშვის მოძრაობითი აქტივობა შესამჩნევად მცირდება, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისი ზრდისა და განვითარებისთვის, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის იმუნიტეტსა და გუნება-განწყობაზეც. ფიზკულტურის გაკვეთილები, რომლებიც სასკოლო პროგრამით არის გათვალისწინებული, ამ ასაკის ბავშვისთვის საჭირო მოძრაობითი აქტივობის 10%-საც კი ვერ ანაზღაურებს. ამდენად, აუცილებელია, ბავშვი სკოლის გარეთაც იყოს დაკავებული მოტორული აქტივობებით და თამაშებით. განვავითაროთ ბავშვის მოძრაობითი აქტივობა, ვინაიდან ამტანი ბავშვი, რომელიც შეჩვეულია ფიზიკურ დატვირთვას, ადაპტაციას უფრო იოლად ახერხებს, ვიდრე სუსტი და ნაკლებად მოძრავი ბავშვი;
 სასკოლო ცხოვრების დაწყებით ეტაპზე სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებელია შევამციროთ თვალის დატვირთვა - ბავშვმა რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროს ტელევიზორსა და კომპიუტერთან. საწერი მაგიდა დავუდგათ ფანჯარასთან. ოთახი, რომელშიც ბავშვს უწევს მუშაობა, კარგად უნდა იყოს განათებული. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორ ზის ბავშვი - მანძილი თვალსა და წიგნს ან რვეულს შორის მკაცრად უნდა იყოს დაცული;
 ანგარიში გავუწიოთ სათამაშოებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ხშირად პირველკლასელები სათამაშოს სკოლაში წაღებას ითხოვენ. ამის აკრძალვა ნამდვილად არ ღირს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება დიდი ზომის სათამაშოებს, კონსტრუქტორებს, ბარბის სახლებს; თუ სათამაშო პატარაა, შეიძლება, დავრთოთ ბავშვს მისი სკოლაში წაღების ნება, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ გაკვეთილზე სათამაშოს ადგილი არ არის და თამაში მხოლოდ შესვენებაზე შეიძლება. გავითვალისწინოთ, რომ სათამაშო იმ კომფორტული და ნაცნობი გარემოს ნაწილია, რომელსაც ბავშვი სახლში ტოვებს. ამდენად, სათამაშოს გვერდით ყოფნა პატარას უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს თავს;
 ხელი შევუწყოთ ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ვასწავლოთ მას სასკოლო სირთულეებისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევა;
 ეცადეთ უპასუხოთ ბავშვის ყველა კითხვას, ვინაიდან ცნობისმოყვარეობას ამ ასაკში საზღვრები არ გააჩნია;
 ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. ეცადეთ, მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგან პატარა მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას. ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო ან ვერ გააკეთა;
 დაეხმარეთ ბავშვს თანატოლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. გამოიჩინეთ ინტერესი სკოლისა და კლასის მიმართ, რომელშიც სწავლობს თქვენი შვილი. კარგი იქნება, თუ მას უბრალოდ მოუსმენთ. ეს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს;
 ნუ გააკრიტიკებთ თქვენს პატარას, მაშინაც კი, თუ ცუდად წერს, ნელა ითვლის, აკლია სიფაქიზე. კრიტიკა, განსაკუთრებით – უცხოს თანდასწრებით, მხოლოდ გაამწვავებს მის პრობლემებს;
 გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. აქტიურ ბავშვებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, დინჯი ბავშვებისთვის კი რთულია სასკოლო რიტმთან შეგუება;
 წაახალისეთ ბავშვი დადებითი კომენტარებით, გამოხმაურებებით, და არამხოლოდ სასწავლო წარმატებების გამო. უფროსების მხრივ მორალური სტიმულირება, მხარდაჭერა ეხმარება ბავშვს, ამა თუ იმ საქმიანობაში თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს;
 არასოდეს არავის შეადაროთ საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დავაკარგვინოთ და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან;
 გვახსოვდეს, რომ ბავშვების პრობლემები უფროსების პრობლემებზე მარტივი არ არის. კონფლიქტი მასწავლებელთან ან თანატოლთან ემოციური დაძაბულობითა და შედეგებით შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ოჯახის უფროსი წევრების კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან სამსახურში.
დაბოლოს, სკოლასთან ადაპტაციის პროცესში ბავშვის ქცევაში აღმოჩენილი სირთულეების გამო მშობლებს ხშირად უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა და ამას არც ბავშვთან მალავენ, რაც პატარას შფოთვას და შიშს უძლიერებს – იმის შიშს, რომ მშობლებს ის ადრინდელივით აღარ უყვართ, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ართულებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს. ამიტომ მუდამ გვახსოვდეს აღზრდის ოქროს წესი: ბავშვს ჩვენი სიყვარული ყველაზე მეტად მაშინ სჭირდება, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ამას.






გონებრივი იერიში


გონებრივი იერიშის მეთოდს წარმატებით რომ ემუშავა, პირველი ეტაპისთვის ოსბორნმა შემოიღო რამდენიმე ძირითადი კანონი, რომლებიც კრეატიული იდეების შეგროვების გარანტია უნდა ყოფილიყო:
1. არ გააკრიტიკო არც ერთი იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებულია.
2. რაც უფრო მეტი იდეა წამოვა ჯგუფიდან, მით უკეთესი.
3. შევავსოთ და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული იდეები.
4. რაც უფრო უჩვეულო და ორიგინალურია იდეა, მით უკეთესი.
5. ნუ შეგეშინდებათ, იყავით თამამი, ორიგინალური.
6. ჩამოაყალიბეთ იდეა მოკლედ, ლაკონურად და ნათლად.
ამ ეტაპზე მოდერატორის ძირითადი ფუნქციაა:
1. მოითხოვოს ჯგუფისგან რაც შეიძლება მეტი იდეა;
2. დაეხმაროს მონაწილეებს იდეების ლაკონურად ჩამოყალიბებაში;
3. მიუთითოს ჩანაწერების გამკეთებელს, როგორ გადაიტანოს იდეა მოკლედ ფლიფჩარტზე/დაფაზე;
4. შეაწყვეტინოს მონაწილეებს იდეის კრიტიკა და კიდევ ერთხელ შეახსენოს მათ, რომ მომდევნო ეტაპზე ყველას ექნება საშუალება, გააანალიზოს ნებისმიერი იდეა და შეაფასოს მისი ღირებულება.



გონებრივი იერიში განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის შეტანისას. მისი მეშვეობით მასწავლებელს შეუძლია, სწრაფად გაიგოს, რა იციან მოსწავლეებმა განსახილველი თემის შესახებ და როგორია მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რაც მას გაკვეთილის სწორად აგებაში დაეხმარება და თავიდანვე უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
მეთოდი ეფექტიანია მაშინაც, როდესაც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი საკვლევი თემისა და პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე. გონებრივი იერიშის საშუალებით მრავალი კრეატიული და ინოვაციური იდეისგან კონსენსუსის საფუძველზე გამოიყოფა რამდენიმე ყველაზე ღირებული, რომლებიც პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას წარმოადგენს.






მასწავლებლის დღიური

მე დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ვარ!
ბევრს ჰგონია, ყველაზე ადვილი დაწყებითი კლასების მასწავლებლობაა. განა რა არის იმაში ძნელი, ანბანი და წერა–კითხვა ასწავლო?! ჩემი აზრით კი სკოლის პირველ მერცხლებთან მუშაობა საძირკვლის გაჭრას ჰგავს. თუ საფუძველი სათანადოდ არ გაამაგრე, სახლს სუსტი ქარიც კი ჩამოანგრევს.
დავიწყებ თავიდან...
პირველკლასელთა მშობლები ყველაზე რთული საზოგადოებაა მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ. ეჩქარებათ შედეგის დანახვა, ერთი სული აქვთ, სანამ მათი შვილი სქელტანიან წიგნებს სხაპასხუპით წაიკითხავს და მაღაზიაში ხურდას ელვის სისწრაფით დაითვლის. შვილის წარუმატებლობას ხშირად მასწავლებელს აბრალებენ, გამუდმებით ცდილობენ პასუხისმგებლობის ჩამოცილებას და კლასის დამრიგებლისთვის გადაბარებას, განსაკუთრებით კერძო სკოლებში – მიაჩნიათ, რომ რაკი ბავშვი ანაზღაურებად სასწავლო დაწესებულებას მიაბარეს, მათ არც თავიანთი შვილების პირადი ნივთების მოწესრიგება ევალებათ და არც საშინაო დავალების შესრულების პროცესში ჩართვა. გაკვირვებული უყურებენ მასწავლებელს, რომელიც მათ სახელმძღვანელოებისთვის დამცავი ყდის შემოკვრას ან დამატებითი სასწავლო ნივთების შეძენას სთხოვს (საჭირო ნივთებს სკოლა არ დაგვახვედრებს? დამრიგებელი ჩანთას არ აწესრიგებს?). გამოდის, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამ ჯერ მშობელი უნდა ,,მოამზადოს" მოსწავლეობისთვის, აუხსნას ორმხრივი ვალდებულებები და წინასწარ განსაზღვროს სკოლის/მასწავლებლის ფუნქციებში ჩარევის დოზა.
მშობლები ხშირად აპროტესტებენ სკოლის შინაგანაწესის სხვადასხვა პუნქტს: ბავშვის საგაკვეთილო პროცესიდან საპატიო მიზეზის გარეშე გაყვანას, სკოლის მენიუს, გარემოსა და სანიტარიულ ნორმებს, მერხსა და დაფას შორის მანძილს, ყველაზე ხშირად კი – სასკოლო ფორმას, რომელშიც უმეტესად თეთრი მაისური ფიგურირებს. გამოგიტყდებით, როგორც მშობელს, მეც ხშირად გამიპროტესტებია ეს საკითხი, რადგან ძნელია, თეთრი ტანსაცმლისა და ბავშვის შეუთავსებლობას დიდხანს გაუძლო. არადა, სასკოლო ფორმა ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს, რომ ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ". ასეთი მესიჯები მოსწავლეს საგრძნობლად უადვილებს ადაპტირებას. გარდა ამისა, ვის არ ახსოვს, როგორი ამრეზით შესცქეროდნენ შეძლებული ოჯახების გამოპრანჭული შვილები ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელსა და გაცრეცილ ქურთუკში ჩამალულ თანატოლებს?! ასეა თუ ისე, სასკოლო ფორმა დღემდე აქტუალურია მთელ მსოფლიოში.
ბევრს ავიწყდება, რომ სკოლა არა მარტო საგნობრივი ცოდნით, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებითაც ამარაგებს ადამიანს. დედისა და მამის „ყველაზე ნიჭიერი" ნებიერები პირველად სკოლაში ხვდებიან, რომ ყველა გზა მათკენ არ მიდის და ძალიანაც უჭირთ ამასთან შეგუება. სკოლა კი მათ ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავებაში უნდა დაეხმაროს.
მარტო ბავშვებს კი არა, ხშირად მშობლებსაც ეჩვენებათ, რომ მათ შვილებს უსამართლოდ ექცევიან (ნიშანს/ყურადღებას აკლებენ) და ნამდვილ „უფროს ძმებად" გვევლინებიან, იწუნებენ ყველაფერს: სასწავლო მასალას, სწავლების მეთოდს, მასწავლებლის ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებს... სწორედ ასეთი მშობლები ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელთა განეიტრალებაც უმეტესად მასწავლებლებს უწევთ.

მოუსმინე, უთანაგრძნე და განმუხტე!
მასწავლებლის მთავარი იარაღი აქტიური მოსმენაა (თომას გორდონი აქტიური მოსმენის მეთოდს „კარის გაღებას" უწოდებს). მას უნდა შეეძლოს დაშიფრული სათქმელის ამოცნობა, თავად კი ყოველთვის ცხადად და გარკვევით ილაპარაკოს, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ მის მიერ დაშიფრულ ინფორმაციას სწორად „თარგმნიან".
მაგალითად, თუ მშობელი გეუბნებათ, რომ მის შვილს ჯერ კიდევ უჭირს კითხვა, ამით მიგანიშნებთ, რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბავშვს ან თქვენს პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს. ასეთ დროს თქვენი ინფორმაცია მოსწავლის განსხვავებული სასწავლო უნარების შესახებ კონტრარგუმენტად არ გამოდგება, რადგან მშობლების უმრავლესობა შვილის წარუმატებლობას სკოლას აბრალებს.
პირადი გამოცდილების საფუძველზე გეტყვით: თუ მასწავლებლობას აპირებთ, კამათის ხელოვნებასაც უნდა დაეუფლოთ. ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდე მთავარ იარაღად გამოიყენეთ. რაც უნდა აბსურდული მოგეჩვენოთ მშობლის პრეტენზია, შეეცადეთ, ბოლომდე მოუსმინოთ – დაე, უარყოფითი ენერგიისგან დაიცალოს. პასუხი დაიწყეთ ჯადოსნური სიტყვებით: „მესმის თქვენი" (თანაგრძნობა), – მერე აუცილებლად გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება საკითხის შესახებ (დაასაბუთეთ ფაქტებით) და ბოლოს ისევ ჯადოსნური სიტყვები მოიშველიეთ: „აუცილებლად გავითვალისწინებთ/განვიხილავთ თქვენს შენიშვნას" (განმუხტვა). მრავლობით რიცხვში ნათქვამი წინადადებები მშობელს ტაქტიანად შეახსენებს, რომ თქვენ სკოლის ერთი პატარა ნაწილი ხართ და მის შვილზე ერთი ადამიანი კი არა, პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, როგორი განწყობით ამზადებთ სათქმელს. საუბრისას აუცილებლად გაგცემთ სიტუაციისადმი თქვენი ნამდვილი დამოკიდებულება, რომელიც მზერიდან, ჟესტებიდან, დგომის მანერიდან დაუკითხავად ჟონავს და კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტის უფსკრულს. ნათქვამია, რომ „თუ ვერ ცვლი გარემოს, უნდა შეიცვალო დამოკიდებულება მის მიმართ". ურთიერთობის წარმართვისას განწყობას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საკუთარ თავზე მუშაობა კი არა მარტო სკოლაში, არამედ ყოველგვარ გარემოში ადამიანის პიროვნული ზრდის უმთავრესი კომპონენტია.

მასწავლებელი მოსწავლეები
მასწავლებლის მთავარ აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენენ. მათი ყურადღების მობილიზება გაუხედნავი ცხენის მორჯულებასავით ძნელია. ბევრს ჰგონია, რომ მოსწავლეთა მუდმივი კონტროლის ფონზე კლასი მართული ხდება. სინამდვილეში საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში აღვირის მოჭერა–მოშვება ერთმანეთს ისე უნდა ენაცვლებოდეს, როგორც ამას გაწაფული მხედარი აკეთებს. გამიგონია, ცხენზე ჯდომისას მის ნაწილად უნდა იქცე, თუ გსურს, შენგან კარგი მოჯირითე დადგესო. სკოლაშიც ასეა, მასწავლებელი კლასის გულისცემას უნდა გრძნობდეს – ისინი ხომ ერთად უნდა მივიდნენ ფინიშამდე.
მეორე მხრივ, კლასის მართვა არც კი დაგჭირდება, თუ გაკვეთილის დაწყების წინ სწორად განსაზღვრავ მოტივაციას. მასწავლებელი, რომელიც სათანადოდ აფასებს მოსწავლეთა მოტივირების მნიშვნელობას, გაკვეთილის ბოლოს ყოველთვის სასურველ შედეგს იღებს.
ჩაგიტარებიათ გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით? გიკითხავთ ბავშვებისთვის, რისი შესწავლა სურთ თავად? გიფიქრიათ, რას ნიშნავს ბავშვისთვის „სწავლის პროცესი" ან სად გადის ზღვარი სავალდებულოსა და საინტერესოს შორის? ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, რადგან სწავლა თითოეული ბავშვისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. საგაკვეთილო პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, თუ მოსწავლე მასში თავის წვლილს შეიტანს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მასწავლებლის როლის მორგება, ამ დროს ერთდროულად სწავლობენ და ასწავლიან. მოზარდები ხომ საუკეთესო მაძიებლები არიან – თუ სკოლა მუდმივად დაუკმაყოფილებს ძიების წყურვილს, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა სტაბილური იქნება.
ზემოაღნიშნული საკითხები განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სწავლების დაწყებით საფეხურზე, რადგან თვითგამოხატვა და პროცესის თანამონაწილეობა პატარებს და მათ მშობლებს სკოლადმი ნდობას უნერგავს და თანამშრომლობისთვის განაწყობს. სამწუხაროდ, სკოლის ძირითადი რესურსი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე იხარჯება, არადა დაწყებით კლასებში თითოეული ინდივიდის შესწავლას, მისი განსხვავებული უნარებისა და ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ვარ და წელს ისევ თავიდან ვიწყებ ყოველი ახალი კარის გასაღების მოსაპოვებლად ბრძოლას. წარმატება მისურვეთ!








ბლუმის ტაქსონომია აქტუალობას ინარჩუნებს


სპეციალისტებს შორის დღემდე გრძელდება კამათი ბლუმის ტაქსონომიის ნიუანსების ირგვლივ, თუმცა დავას არ იწვევს საგანმანათლებლო პროცესში მისი მნიშვნელოვნება. ახლაც საუბარია ბლუმის ტაქსონომიის მორიგ გააქტიურებაზე, ანუ ბლუმის ტაქსონომია აქტუალობას ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ის გამოიყენება არა მარტო ტრადიციული განათლების ჩარჩოში, არამედ სრულიად ახალ მოდელებში, რომლებიც გვთავაზობენ ინტერაქტიურ განათლებას და მის მიმღებლობას ახალ ტექნოლოგიებში.
ამ თემას ეხება ალან კარინგტონის ბლოგზე (http://www.unity.net.au/allansportfolio/edublog/?p=324) გამოქვეყნებული საინტერესო მოდელი სახელწოდებით ,,პედაგოგიური ბორბალი", რომელშიც ავტორი გვაცნობს თანხვედრის წერტილებს ბლუმის ტაქსონომიის დონეებსა და ,,I Pad"-ის სასარგებლო დამატებების ჯგუფებს შორის.
მაგალითად, დამახსოვრებისა და გაგების დონისათვის ავტორის აზრით, მშვენივრად გამოდგება ისეთი დამატება, როგორიცაა Facebook, Google Search, Twitter, Blog Docs, Mental Case, DocsToGo, QuizCast, FeedlerRSS და სხვა. გამოყენების დონის განვითარებისა და სრულყოფისათვის - Evernote, AudioBoo, Explain Everything, Keynote. ანალიტიკური უნარების განვითარებისათვის – Mind Mush, Syrvey Pro, Poplet, Inspiration Maps, Pages, DropVox, Comic Life. სინთეზის უნარს ყველაზე უკეთ WikiNodes, Web to PDF, Share Board, Prompter Pro ავითარებს. ხოლო შეფასებისა და რაიმე ახლის შექმნის უნარი ყველაზე უფრო აქტუალურია ისეთ დამატებებში, როგორიცაა - Creative Book Builder, Interview Assistant, Aurasma, Fotobabble, iMovie, WordPress, Skype, Tapose, Google+, Student Pad...

ბლუმის ტაქსონომია საგანმანათლებლო მიზნების იერარქიული სისტემაა, რომელიც მოღვაწეობის სამ სფეროს - კოგნიტურს (ვიცი), აფექტურსა (ვგრძნობ) და ფსიქომოტორულს (ვქმნი) - მოიცავს.
მისი მიზანია, პედაგოგების მოტივირება, რომ სწავლების პროცესში მათ ფოკუსირება მოახდინონ სამივე სფეროზე და ამით უზრუნველყონ სწავლების ყველაზე სრულყოფილი ფორმა.
ტაქსონომიის პირველი ნაწილი, რომელიც 1956 წელს გამოქვეყნდა ნაშრომში,,საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომია - შემეცნების სფერო", მოიცავს კოგნიტური სფეროს საგანმანათლებლო მიზნებს. იგი მოამზადა მეცნიერთა ჯგუფმა ბენჯამენ ბლუმის ხელმძღვანელობით.
განათლების სფეროში ბლუმის ტაქსონომია მიჩნეულია საბაზო და არსებით თემად. თუმცა, პრაქტიკაში ხშირია ერთგვარი დაბნეულობა ამ თემასთან მიმართებაში. შეიძლება, ეს განაპირობა ტაქსონომიის არსის ინტერპრეტირებული გაგებისა და გადაცემის ტენდენციამ. თავის დროზე ბლუმი საკუთარ წიგნზე წერდა, რომ ეს იყო ,,ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი და ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კითხვადი წიგნი აშშ-ს პედაგოგიკაში".
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბლუმი და მისი ჯგუფი შეეცადა პასუხი გაეცა კითხვაზე, რომლის პასუხზეც ხშირად უფიქრია უამრავი თაობის უამრავ პედაგოგს: რა მიზანსა და ამოცანებს ისახავს პედაგოგი კლასში შესვლამდე? როგორ არის დაკავშირებული ეს მიზნები და ამოცანები ერთმანეთთან და როგორ შევამოწმოთ, მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს?
ბლუმი შეეცადა ერთიან სისტემაში მოექცია დანაწევრებული მიზნები და ამოცანები. ფაქტია, მან შექმნა თეორია, რომელიც უკვე მესამოცე წელია არ კარგავს აქტუალობას და მწვავე კამათსა და განსჯას აღძრავს მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ახალ-ახალ თაობებში.
ტაქსონომიის განახლებული ვერსია ანდერსონისა და კრატვოლის მიერ 2001 წელს გამოქვეყნდა. ამ ვერსიით კოგნიტურ სფეროში საგანმანათლებლო მიზნების იერარქიას აქვს ორი განზომილება - ცოდნა (4 დონე) და კოგნიტური პროცესები (6 დონე). ეს ვერსია, დარგის სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, უფრო მოქნილი და ტევადია.
თავის დროზე, ბლუმი შეეცადა საგანმანათლებლო მიზნების სტრუქტურირებით აეგო იერარქია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერდა ადამიანური აზროვნების დონეებს და მისგან მომდინარე სასწავლო მიზნებს.
ტაქსონომიის მიხედვით, თითოეული დონის შესაბამისად, გარკვეული მიზნების გათვალისწინებით შესაძლებელია ამოცანათა ნაკრების შეთავაზება. ეს პედაგოგისათვის ხელსაყრელ ჩარჩოს წარმოადგენს მუშაობის თანმიმდევრულად დასაგეგმავად.
მაგალითად, ცოდნა (დამახსოვრება) - ამ დონეს შეესაბამება ამოცანები, რომელთა ფორმულირებისთვის შემოთავაზებულია შემდეგი ზმნები: დაიმახსოვრეთ, გაიმეორეთ, ჩამოთვალეთ, დაასახელეთ, ჩამოწერეთ, მოახდინეთ იმიტირება, განსაზღვრეთ, ისწავლეთ...
გაგების შეაბამისი ამოცანების შესადგენად გამოიყენება ზმნები: ახსენით, აღწერეთ, განსაზღვრეთ, განიხილეთ, მოახდინეთ ფორმულირება, ილუსტრირება, დემონსტრირება...
გამოყენებისაკენ მიმართული ამოცანები ფორმულირდება ზმნებით: გადაწყვეტა, დაგეგმვა, ახსნა, გამოსახვა, ექსპერიმენტირება, ვარჯიში, ჩვენება, დასაბუთება, გამოყენება, სწავლება-დემონსტრირება...
ანალიტიკური შესაძლებლობები ფორმულირდება ისეთი ამოცანებით, რომლის საკვანძო ზმნებია: გამოკვლევა, შედარება, შეპირისპირება, დანაწევრება, განასხვავეთ, ინტერპრეტირება, ანალიზი, დაჯგუფება, ამორჩევა, გამოყოფა, კლასიფიცირება...
თავის მხრივ, სინთეზის უნარი ვითარდება ამოცანებით, რომელიც ფორმულირდება შედგენის, შეთხზვის, კონსტრუირების, წარმოსახვის,ფორმულირების, გამოსახვის შესაბამისი ამოცანებით.
უკანასკნელი დონე მიმართულია დამოუკიდებელ ინტელექტუალურ საქმიანობაზე და ითხოვს შეფასების, გამართლების, მხარდაჭერის, რეკომენდირების, კრიტიკის, დასკვნის გაკეთების უნარებს.
ამავდროულად კოგნიტური პირამიდის ყველა დონე , ბლუმის მიხედვით, ემყარება წინა დონეს ან დონეებს. ყველაფრის საფუძველი არის ცოდნა (დამახსოვრება), ხოლო კოგნიტური უნარებისა და ასევე საგანმანათლებლო მიზნების უმაღლესი წერტილია დამოუკიდებელი შეფასების უნარი.
ერთი შეხედვით იდეა ცხადია: დამახსოვრებისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია გაგება, მის გარეშე კი - გამოყენება. საწყისი დონეების დაძლევის გარეშე კი შეუძლებელია ანალიზი და სინთეზი. ყველა დასახელებულის გარეშე კი წარმოუდგენელია ფაქტებისა და მოვლენების შემოქმედებითი შეფასება.
მაგრამ ოპონენტთა აზრით, სწორედ აქ იმალება ბლუმის ტაქსონომიის ხარვეზი. უხეშად რომ ვთქვათ, ამ იერარქიაში ერთმანეთშია აღრეული სხვადასხვა კატეგორიის ცნებები. სახელდობრ, სწავლების კონკრეტული შედეგები (დამახსოვრება, გაგება, გამოყენება) და აზროვნებითი ოპერაციები, აუცილებელი ამ შედეგების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) მისაღწევად.
თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს გაურკვევლობა ხელს არ უშლის სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგებს, შეთავაზებული იერარქიის გამოყენებით შექმნან გააზრებული და სისტემატიზებული ამოცანები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე. ზემოთ დასახელებული ,,პედაგოგიური ბორბლის" ვერსიაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ბლუმის ტაქსონომია ახალ გარემოებებშიც არ კარგავს აქტუალობას.








მოსწავლის ქცევის წესები და რჩევები მასწავლებლებს

მოსწავლის ქცევის წესები, სასკოლო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავის დროზე დაამტკიცა ”მოსწავლის ქცევის კოდექსი”, რომელიც არეგულირებს მოსწავლის როგორც სკოლაში, ასევე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ქცევის წესების.

სასკოლო ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები, რითაც ხელს შეუწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, დისციპლინა, ურთიერთპატივისცემას და სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

კოდექსის თანახმად, მოსწავლე ყოველთვის თავაზიანი უნდა იყოს მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირების მიმართ, ამასთან იგი უნდა ემორჩილებოდეს სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. პარალელულად მოსწავლე ვალდებულია თავაზიანად ეპყრობოდეს სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

”მოსწავლის ქცევის კოდექსით” მოსწავლე დროულად უმდა ცხადდებოდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე; უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები; არ უნდა უშლიდეს მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; არ უნდა იყენებდეს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს; პატივს უნდა სცემდეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს; არ აქვს უფლება სხვისი ინტელექტუალური პროდუქტ საკუთრად გაასაღოს;

მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე და ა.შ.. რაც შეეხება სკოლაში აკრძალული ნივთებს, კოდექსით გათვალისწინებული სია ასეთია - მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები და ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე დაარღვევს კოდექსით განსაზღვრულ ქცევის ნორმებს, მის მიმართ დაიწყება დისციპლინური დევნა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

თუმცა, მოსწავლის ქცევასთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე საუბრობს ბლოგი ”ორიონი” და მოზარდის ქცევაში გარკვეულ პასუხისმგებლობას მასწავლებლებსაც უწესებს. სპეციალისტთა განმატრებით, სასწავლო წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს განვუმარტოს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და როგორი ქცევაა მათთვის შესაფერისი.

არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინება ქცევის წესებს გაცილებით ეფექტურს ხდის.
ექსპერტების აზრით, ქცევის წესების შემუშავება სასწავლო წლის პირველივე კვირას უნდა მოხდეს.

როგორ უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი ჯგუფური მუშაობით: პირველი ეტაპია საკლასო დისკუსია -
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქცევის წესებზე. ამ საუბარში მოსწავლეების აზრის ფორმირება ხდება. მათ ჩართულობას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასურველია, გაიმართოს დისკუსია.

მასწავლებელმა უნდა მოისმინოს მოსწავლეების აზრი; გაარკვიოს რას ფიქრობენ ისინი ამ თემაზე. უნდა გაიხსენოს მაგალითები, როცა ცუდად შემუშავებულმა წესმა ან წესების უგულებელყოფამ არასასურველი შედეგი გამოიღო.
პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა გაახსენოს, რომ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა ქცევა როგორც გაკვეთილზე, ასევე შესვენების დროს დერეფანში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები ნეგატიური ფორმით არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, "არ ვაგვიანებთ გაკვეთილზე" – წესის ამგვარ ფორმულირებას გაცილებით სჯობს – "გაკვეთილზე შევდივართ დროულად, ზარის დარეკვისთანავე" და ა.შ.
მეორე ეტაპი – ჯგუფური მუშაობა
მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა გაყოს რამდენიმე ჯგუფად (სასურველია ჯგუფში 3–4 მოსწავლე ერთიანდებოდეს) და დაურიგოს წინასწარ გამზადებული ფორმები. მაგალითად, ჯგუფური მუშაობის დროს მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება პროცესს. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფს ყურადღების მიღმა დარჩენილ საკითხს ახსენებს. სამუშაო ფორმის ნიმუშზე გამოყოფილია კუთხე, სადაც მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი სახელი და გვარი. ეს ერთგვარად ზრდის მათ პასუხისმგებლობას და სამუშაოს მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან.
მესამე ეტაპი – დასკვნითი ნაწილი
წესების ჩამოწერის შემდეგ თითოეულმა ჯგუმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტატორი (ან პრეზენტატორები), რომელიც (რომლებიც) საკუთარ ნამუშევარს გააცნობენ კლასს.

მასწავლებელმა შევსებული ფორმები ყურადღებით უნდა გაეცნოს მოსწავლეებს და დააკვირდეს მათ განწყობასა და სურვილებს. შემდეგ უნდა შეაჯეროს საკუთარი ვარიანტი მოსწავლეთა ნამუშევართან და ბოლოს გაკვეთილზევე უნდა გამოაკრას ლამაზად დაბეჭდილი და გამზადებული "ქცევის წესები". სპეციალისტთა აზრით, სასურველია, თუ კედელზე გაკვრამდე თითოეული მოსწავლე საკუთარი ხელისმოწერით დაადასტურებს, რომ ეს წესები მათ შეიმუშავეს და მზად არიან ისინი სისრულეში მოიყვანონ.






მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები


მრავალი პედაგოგი თანხმდება, რომ მოსწავლეთა მოტივირება ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია პედაგოგიკაში. მოსწავლეები კოგნიტურად, ემოციურად თუ ქცევით ჩართულნი უნდა იყვნენ პროდუქტიულ საკლასო აქტივობებში. დავიწყოთ საკითხით, რა არის მოტივაცია, მოვიძიოთ პასუხები, რომლებიც მოიცავს შინაგანი და გარეგანი მოტივაციის საკითხს, მოტივაციის ოთხ ძირითად თეორიას: ბიჰევიორისტულს, ჰუმანისტურს, კოგნიტურსა და სოციოკულტურულს.

მოტივაციას, როგორც წესი, ასეთნაირად განმარტავენ: ესაა შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ფსიქოლოგები, რომლებიც მოტივაციას სწავლობენ, აქცენტს ხუთ ძირითად საკითხზე აკეთებენ:
1. როგორ არჩევანს აკეთებენ ადამიანები საკუთარ ქცევასთან დაკავშირებით? რატომაა რომ, მაგალითად, ერთი მოსწავლე გულმოდგინედ აკეთებს დავალებას, მეორე კი ტელევიზორის ყურებას არჩევს?
2. რა დრო უნდა გავიდეს, რომ მოტივაცია ამოქმედდეს? რატომ იწყებს ზოგი მოსწავლე დავალების შესრულებას მაშინვე, ზოგი კი დროს ფლანგავს?
3. რა ხარისხით ან ინტენსივობით არის ჩართული ადამიანი არჩეულ ქცევაში? ყურადღებით ასრულებს მოსწავლე დავალებას თუ მექანიკურად?
4. რა აიძულებს ინდივიდს იყოს შეუპოვარი ან ადვილად დანებდეს? მაგალითად, რას იზამს მოსწავლე, მთლიანად წაიკითხავს შექსპირის ნაწარმოებს თუ მხოლოდ მის რამდენიმე გვერდს?
5. რა გრძნობები აქვს და რაზე ფიქრობს ინდივიდი, როცა ქცევას ახორციელებს? მაგალითად, მოსწავლე სიამოვნებას იღებს შექსპირის კითხვით, თუ მოსალოდნელ გამოცდაზე ნერვიულობს?

შინაგანი და გარეგანი მოტივაცია

ყველამ კარგად ვიცით, როგორ გამოიყურება მოტივირებული ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად მიიწევს მიზნისკენ ან მუშაობს მუყაითად მაშინაც კი, როცა სამუშაო მოსაწყენად ეჩვენება. რა წარმართავს ქცევას და რა ანიჭებს მას ამ ენერგიას? ამის ახსნა უნდა ვეძიოთ მოთხოვნილებებში, სტიმულებში, შიშებში, მიზნებში, სოციალურ ზეწოლაში, თვითრწმენაში, ინტერესებში, ცნობისმოყვარეობაში, რწმენაში, ღირებულებებში, მოლოდინებში და ა.შ. ზოგიერთი ფსიქოლოგი მოტივაციას პიროვნული ნიშან-თვისებების ტერმინებით ხსნის. ზოგიერთ ადამიანს მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვს, ეშინია გამოგდების, აინტერესებს ხელოვნება, ამდენად, ისინი ბევრს მუშაობენ, რომ მეტს მიაღწიონ, თავს არიდებენ გამოცდებს და საათობით ათვალიერებენ გამოფენებს. სხვა ფსიქოლოგები მოტივაციას განიხილავენ როგორც მდგომარეობას, დროებით სიტუაციას. თუ თქვენ, მაგალითად, რაიმეს კითხულობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი, თქვენ სიტუაციით ხართ მოტივირებული. რა თქმა უნდა, მოტივაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში, ნიშან-თვისებებისა და მდგომარეობის ერთგვარი კომბინაციაა. თქვენ შეიძლება სწავლობდეთ იმიტომ, რომ სწავლა თქვენთვის დიდი ღირებულებაა და იმიტომაც, რომ გამოცდისთვის ემზადებით.
როგორც ხედავთ, მოტივაციის ზოგიერთი განმარტება ეყრდნობა შინაგან, პიროვნულ ფაქტორებს, როგორიცაა მოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა. სხვა განმარტებებში აქცენტი ექსტერნალურ, გარეფაქტორებზეა აღებული - ჯილდო, სოციალური ზეწოლა, დასჯა და ა.შ. მოტივაციის კლასიკური დაყოფა ასეთია: შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაცია არის ტენდენცია - მიღწეულ იქნეს მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებულნი, ჩვენ არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა, რამდენადაც თვითონ აქტივობა თავისთავად წარმოადგენს ჯილდოს.
ამის საპირისპირო შემთხვევაა, როცა რაღაცას კარგი შეფასებისათვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მასწავლებლის სიამოვნებისათვის ან ამოცანასთან ნაკლებად დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ. ეს გარეგანი მოტივაციაა. რეალურად ჩვენ ქცევას იმიტომ არ ვახორციელებთ, რომ თავად იგი გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რას მოგვიტანს ეს ქცევა.
ფსიქოლოგები, რომლებიც იზიარებენ მოტივაციის შინაგანად და გარეგანად დაყოფის კონცეფციას, ამბობენ, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელია განვსაზღვროთ, მოტივაცია შინაგანია თუ გარეგანი. არსებითი განსხვავება ამ ორ ტიპს შორის ინდივიდის ქცევისათვის წარმმართველი მიზეზია, ანუ მიზეზობრიობის ლოკუსი ინტერნალურია თუ ექსტერნალური - პიროვნების შიგნითაა თუ მის გარეთ. ინდივიდი შეიძლება იმიტომ კითხულობდეს, ცურავდეს ან ხატავდეს, რომ მან ქცევის თავისუფალი არჩევანი პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა (მიზეზობრიობის ინტერნალური ლოკუსი/შინაგანი მოტივაცია), ან ასე იმიტომ იქცევა, რომ გარედან, ვიღაცის ან რაღაცის გავლენას განიცდის (მიზეზობრიობის ექსტერნალური ლოკუსი/გარეგანი მოტივაცია)
როდესაც თქვენ საკუთარ მოტივაციაზე ფიქრობთ, ალბათ გეჩვენებათ, რომ ეს დიქოტომია შინაგან და გარეგან მოტივაციას შორის ძალიან მარტივია. ერთი ახსნა ისაა, რომ ქცევა მიჰყვება ერთგვარ კონტინუუმს აბსოლუტური თვითგანსაზღვრულობიდან (შინაგანი მოტივაცია) სხვათა მიერ აბსოლუტურ განსაზღვრულობამდე (გარეგანი მოტივაცია). მაგალითად, სტუდენტი შეიძლება აკეთებდეს თავისუფალ არჩევანს, მუყაითად იმუშაოს ისეთ სფეროში, რომელიც მისთვის არცთუ მიმზიდველია, იმიტომ, რომ ეს საჭიროა საბოლოო ღირებული მიზნის მისაღწევად; ვთქვათ, საათობით უჯდეს განათლების ფსიქოლოგიას იმისათვის, რომ გახდეს კარგი მასწავლებელი. შინაგანი მოტივაციაა ეს თუ გარეგანი? რეალურად, ის სადღაც მათ შორისაა - პიროვნება თავისუფალ არჩევანს აკეთებს გარე ფაქტორების (მაგალითად ლიცენზიის მისაღებად საჭირო მოთხოვნები) გათვალისწინებით და შემდეგ ცდილობს მეტი სარგებელი მიიღოს აქედან. ანუ პიროვნებამ ექსტერნალური მიზეზის ინტერნალიზაცია მოახდინა.
ცოტა ხნის წინ საკამათო გახდა საკითხი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის, როგორც კონტინუუმის საწყისი და საბოლოო წერტილების შესახებ. ალტერნატიული ახსნა შემდეგია: რამდენადაც მოტივაცია მოიცავს როგორც პიროვნული ნიშნის, ისე გარემოს ფაქტორებს, ის ასევე შეიძლება მოიცავდეს, როგორც შინაგან, ისე გარეგან ფაქტორებს. შინაგანი და გარეგანი ტენდენციები - ესაა ორი დამოუკიდებელი შესაძლებლობა დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში და ჩვენ შეიძლება მოტივირებული ვიყოთ თითოეული მათგანით. სწავლებამ შეიძლება შექმნას შინაგანი მოტივაცია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით და კომპეტენტურობის მნიშვნელობის ხაზგასმით. თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს ყოველთვის ვერ იმუშავებს. ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა თქვენთვის ქვეშმიწერით გაყოფა? ყოველთვის აღგიძრავთ ცნობისმოყვარეობას არაწესიერი ზმნები? თუ მასწავლებლებს მუდმივად ექნებათ შინაგანი მოტივაციის იმედი, იმედგაცრუება ელით. არის სიტუაციები, როცა წამახალისებელი სტიმულები და გარემხარდაჭერა აუცილებელია. მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე, როცა დარწმუნდებიან, რომ გარეგანი მოტივაციაც მუშაობს და ჩართულია სწავლის პროცესში. ამისათვის მათ უნდა იცოდნენ მოტივაციაზე გავლენის მქონე ფაქტორების შესახებ.

ოთხი ძირითადი მიდგომა მოტივაციისადმი

მოტივაცია საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას მოიცავს. ამ თეორიებიდან ზოგიერთი ლაბორატორიებში ცხოველებთან მუშაობისას განვითარდა, ზოგი კი ადამიანებთან ისეთ სიტუაციაში მუშაობისას, სადაც გამოყენებული იყო თავსატეხების შემცველი ამოცანები. სხვა თეორიები კლინიკური ან ინდუსტრიული (შრომის) ფსიქოლოგიის ფარგლებში გაწეული სამუშაოების საფუძველზე წარმოიქმნა.
მოტივაციისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა. ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, მოსწავლის მოტივაციის გაგება უნდა დავიწყოთ წამახალისებელი სტიმულებისა და ჯილდოების დაკვირვებული ანალიზით. ჯილდო ის მიმზიდველი ობიექტი ან მოვლენაა, რომელიც შედეგად მოსდევს გარკვეულ ქცევას. იმპულსი ის ობიექტები ან მოვლენებია, რომლებიც აღძრავს ან, პირიქით, ახშობს ქცევას. მაგალითად, დამატებითი ქულების დაპირება წამახალისებელი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისთვის.
თუ ჩვენ მუდმივად წაგვახალისებენ გარკვეული ქცევის გამო, ჩვენ განგვივითარდება გარკვეული ჩვევა ან ტენდენცია - განვახორციელოთ ხოლმე გარკვეული ტიპის ქცევა. მაგალითად, თუ მოსწავლე ფეხბურთის თამაშის გამო ჯილდოდ მიიღებს ხან ფულს, ხან საჩუქრებსა და პრივილეგიებს, ხოლო მის სწავლას ნაკლები ყურადღება მიექცევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი დიდ დროს დაუთმობს ფეხბურთში ვარჯიშს და არა გეომეტრიის სწავლას. კარგი ნიშნები, ვარსკვლავები, სტიკერები და სხვა საშუალებები განმტკიცებისათვის ან გარკვეული დამსჯელი ღონისძიებები ცუდი საქციელისათვის - ეს ყველაფერი არის მცდელობა მოსწავლეთა მოტივირებისათვის გარეგანი იმპულსის, ჯილდოების ან დასჯის გამოყენებით.
მოტივაციისადმი ჰუმანისტური მიდგომა. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მომხრეები, მათ შორის კარლ როჯერსი, ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგიის ვერცერთი დომინანტური სკოლა, ვერც ბიჰევიორული და ფროიდისეული, ადეკვატურად ვერ ხსნიდა ადამიანის ქცევას. მოტივაციის ჰუმანისტური ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს ისეთ შინაგან წყაროებს, როგორიცაა პიროვნების „თვითაქტუალიზაციის" მოთხოვნილება, თანდაყოლილი „აქტუალიზაციის ტენდენცია" ან „თვითგანსაზღვრის" მოთხოვნილება. ასე რომ, ჰუმანისტურ ჭრილში, მოტივირება ნიშნავს ადამიანების შინაგანი რესურსების - მათი კომპეტენტურობის, თვითშეფასების, ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის წაქეზებას. მასლოუს თეორია მოტივაციის ცნობილი ჰუმანისტური ახსნაა.
მასლოუს იერარქია. აბრაჰამ მასლოუ ვარაუდობდა, რომ ადამიანებს გააჩნიათ მოთხოვნილებათა იერარქია მთელი დიაპაზონით - დაბალიდან (მაგ. უსაფრთხოება) მაღალი რანგის მოთხოვნილებებამდე (თვითაქტუალიზაცია). თვითაქტუალიზაცია მასლოუს მიერ შემოტანილი ტერმინია, რითაც იგი პიროვნების სრულ თვითრეალიზაციას, მისი პოტენციალის სრულ რეალიზებას აღნიშნავდა. სანამ მოთხოვნილებათა შემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ, უნდა დაკმაყოფილდეს უფრო დაბალი რანგის მოთხოვნილებები.
მასლოუ ოთხ შედარებით დაბალი რანგის მოთხოვნილებას: ფიზიოლოგიურს, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითშეფასების მოთხოვნილებებს დეფიციტურს უწოდებდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მათი რეალიზების მოტივაცია იკლებს. მან სამ ზედა, მაღალი რანგის მოთხოვნილებას - ინტელექტუალური მიღწევების, ესთეტიკურ და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებს ზრდის მოთხოვნილებები უწოდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები კმაყოფილდება, პიროვნების მოტივაცია არ იკარგება, პირიქით, იგი იზრდება და დაკმაყოფილების მორიგი საშუალებების ძებნას იწყებს. დეფიციტური მოთხოვნილებებისაგან განსხვავებით, ეს მოთხოვნილებები ბოლომდე არასდროს კმაყოფილდება. მაგალითად, რაც უფრო წარმატებულია თქვენი მცდელობა, გახდეთ კარგი მასწავლებელი, მით უფრო მეტად გინდათ მიაღწიოთ მეტს.
მასლოუს თეორია იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ადამიანები აშკარად ყოველთვის ისე არ იქცევიან, როგორც ეს თეორიის მიხედვით არის მოსალოდნელი. ადამიანების უმრავლესობა ხშირად ბრუნდება უკან, დაბალი რანგის მოთხოვნილებებისაკენ და ერთდროულად შეიძლება მოტივირებული იყოს სხვადასხვა საფეხურის მოთხოვნილებებით. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება უარსაც ამბობდეს უსაფრთხოებაზე, მეგობრობაზე და განათლებისათვის, უფრო მეტი თვითაქტუალიზაციისათვის ზრუნავდეს.
კრიტიკის მიუხედავად, მასლოუს თეორია საშუალებას გვაძლევს მთლიანობაში აღვიქვათ მოსწავლე, რომლის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან. ბავშვი, რომლის უსაფრთხოებისა და მიკუთვნებულობის განცდას საფრთხე მშობლების გაყრის გამო ექმნება, ნაკლებ ინტერესს გამოამჟღავნებს წილადების გაყოფის სწავლაში. თუ სკოლა საშიშ, არაპროგნოზირებად ტერიტორიაზე იმყოფება, იქ უფრო მეტი ყურადღება უსაფრთხოებას მიექცევა, ვიდრე სწავლას ან სწავლებას. სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობა და ამ ჯგუფის შიგნით თვითშეფასების განმტკიცება მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის. თუ იმის გაკეთება, რასაც მასწავლებელი მოსწავლისაგან ითხოვს, ეწინააღმდეგება ამ ჯგუფის დადგენილ წესებს, მაშინ მოსალოდნელია, რომ მოსწავლე ყურად არ იღებს მასწავლებლის სურვილს და შეიძლება დაუპირისპირდეს კიდეც მას.
მოტივაციისადმი კოგნიტური და სოციალურ-კოგნიტური მიდგომა. კოგნიტურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე აკეთებენ. მოტივაციის კოგნიტური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული შეხედულებების საპასუხოდ განვითარდა. კოგნიტივისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ამასთან დაკავშირებით დაგვაჯილდოვეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებული და რეგულირებულია გეგმების, მიზნების, სქემების, მოლოდინებისა და ატრიბუციების მიერ.
მოლოდინი X ღირებულების თეორიებზე. თეორიებს, რომლებიც ითვალისწინებენ როგორც ბიჰევიორისტების აქცენტებს ქცევის გავლენებისა და შედეგების შესახებ, ასევე კოგნიტივისტების ინტერესს ინდივიდის აზროვნების გავლენის მიმართ, შეიძლება ვუწოდოთ მოლოდინის/ღირებულების თეორიები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქცევა აღქმულია როგორც ორი მთავარი ფაქტორის პროდუქტი: მიზნის მიღწევის მოლოდინისა და ამ მიზნის ღირებულების პროდუქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხებია: „მივაღწევდი თუ არა წარმატებას, რომ მეცადა?" და „იქნება თუ არა შედეგი ღირებული და ჩემთვის რაიმე ჯილდოს მომტანი, თუ წარმატებას მივაღწევ?" მოტივაცია სწორედ ამ ორი ფაქტორის პროდუქტია. თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლი იქნება, მოტივაციაც, რომ მუყაითად იმუშაო მიზნის მისაღწევად, არ იარსებებს. მაგალითად, თუ მე მჯერა, რომ დიდი შანსი მაქვს შევქმნა კალათბურთის გუნდი (მაღალი მოლოდინი) და ამ გუნდის შექმნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია (მაღალი ღირებულება), ჩემი მოტივაცია ძლიერი იქნება. მაგრამ თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლია (მჯერა, რომ არ შემიძლია გუნდის შექმნა და დიდად არც მაღელვებს კალათბურთის თამაში), მაშინ მოტივაციაც ნულის ტოლი იქნება.
ჟაკლინ ეკლსსა და ალან ვიგფილდს დამატებით შემოაქვთ კიდევ დანახარჯის ცნება. ღირებულებები განხილული უნდა იყოს აგრეთვე იმ კონტექსტში, თუ რა ჯდება მათი აღსრულება; რა ენერგია იხარჯება; კიდევ რის გაკეთება შეიძლება ამის ნაცვლად; რა რისკი არსებობს მარცხის შემთხვევაში; სულელად ხომ არ გამოვჩნდები;
მოტივაციის სოციოკულტურული კონცეფციები. მოტივაციისადმი სოციოკულტურული შეხედულება ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. ამდენად, მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ისწავლონ, თუ ისინი არიან წევრები იმ საკლასო ან სასკოლო ჯგუფისა, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. როგორც სოციალიზაციის პროცესში ჩვენი კულტურის უფრო გამოცდილი წევრებისაგან ვსწავლობთ ლაპარაკს, ჩაცმას, სუფრასთან მოქცევის წესებს, ასევე იმათზე დაკვირვებით, ვინც ჩვენი სასკოლო ჯგუფის წევრია, ვსწავლობთ, როგორი მოსწავლეები უნდა ვიყოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვსწავლობთ იმ ჯგუფისგან, რომლის წევრებიც ვართ.
იდენტობის კონცეფცია ცენტრალური საკითხია მოტივაციისადმი სოციოკულტურულ მიდგომაში. როდესაც თავს აღვიქვამ ფეხბურთელად, სკულპტორად, ინჟინრად, მასწავლებლად ან ფსიქოლოგად, მე მაქვს იდენტობა ამ ჯგუფთან. სოციალიზაციის ერთ-ერთი ნაწილია ლეგიტიმური პერიფერიული მონაწილეობის საფეხურიდან ჯგუფის ცენტრალური წევრის პოზიციაზე გადასვლა. ლეგიტიმური პერიფერიული მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ დამწყებნი ჩართული არიან ჯგუფის საქმიანობაში მაშინაც კი, თუ მათი შესაძლებლობები არასაკმარისადაა განვითარებული. ახალბედა მქსოველი ჯერ მატყლის შეღებვას სწავლობს, სანამ რთვასა და ქსოვას ისწავლიდეს. ახალბედა მასწავლებელი სანამ მთელ ჯგუფს აიყვანდეს, ჯერ ერთ ბავშვთან მუშაობას უნდა მიეჩვიოს. თითოეული ამოცანა ექსპერტის მთლიანი სამუშაოს ნაწილია. როგორც ახალბედას, ისე ექსპერტის იდენტობა მჭიდრო კავშირშია ჯგუფში მათ ჩართულობასთან. ისინი მოტივირებულნი არიან ისწავლონ და შეითვისონ ჯგუფის ღირებულებები და გამოცდილება, რათა ჯგუფის ნამდვილ წევრებად იგრძნონ თავი.







მეცადინეობის სირთულეები



„სანამ გაკვეთილებს არ ისწავლი, ეზოში ვერ ჩახვალ!" - ეს ისტორიული ფრაზა მშობლებისგან ალბათ ყველა ჩვენგანს გაუგონია. ზოგიერთი შინ დარჩენაზეც თანახმაა, ოღონდ მეცადინეობას თავი აარიდოს.

რატომ ჭირვეულობენ პატარები მეცადინეობის დროს? რატომ ვერ უდებენ გულს საშინაო დავალებებს? იქნებ ამის მიზეზი დაღლილობაა და მცირეოდენმა განტვირთვამ მათ ენერგია და ხალისი დაუბრუნოს? იქნებ არ ესმით ესა თუ ის საგანი და მისი შესწავლა მათთვის სტრესია?
იმისთვის, რომ პატარებს სწავლის სურვილი დაუბრუნდეთ, მშობლების აქტიური ძალისხმევაა საჭირო. ისინი ბავშვის ქცევაზე უდიდეს გავლენას ახდენენ. რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში, მით უკეთესად უვითარდება ბავშვს სწავლისა და სოციალიზაციის უნარები. გარდა ამისა, მოსწავლე მშობლის დახმარებით იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სწავლის სწორი გზის მისაგნებად. ასეა ნათქვამი კვლევაში, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციამ, PISA-მ ჩაატარა.
ცნობილი ფსიქოლოგი ასკელ უილიამსი ჟურნალ TIME-ის მეშვეობით უხსნის მშობლებს, როგორ იპოვონ კორექტული მეთოდები შვილების დასახმარებლად. უილიამსი წერს, რომ სკოლასა და ოჯახში ყურადღებას არ ამახვილებენ მოსწავლის წვრთნაზე, იმაზე, როგორ მიიყვანონ ისინი შინაარსის გაგებამდე და არ აზეპირებინონ ტექსტი, რომელიც, ცხადია, მოკლე ხნის შემდეგ აღარ ემახსოვრებათ.
·მეცადინეობისას დაუხატეთ პატარებს სურათები და დაუხაზეთ დიაგრამები – ეს მათ შინაარსის გაგებაში დაეხმარება. აქ განსაკუთრებით მხედველობითი მეხსიერება ჭრის.
·შეუდგინეთ კითხვები და დაეხმარეთ, რომ სწორ პასუხებს მიაგნონ.
·როცა რაიმე ახალს შეისწავლიან, ეცადეთ, ის იმ დადებით ემოციასთან დააკავშიროთ, რომელიც მათ უკვე აქვთ. მაგალითად, გამოიყენეთ მათი საყვარელი კომპიუტერი და მოუძებნეთ ინტერნეტში ინფორმაცია ახალი თემის შესახებ.
·ნუ იქნებით ზედაპირულები. მანამდე აუხსენით, სანამ კარგად არ გაიგებენ საკითხს.
·მათთან ერთად გააკეთეთ ჩანაწერები, რომლებიც მათ ერთი შეხედვით გაახსენებს მნიშვნელოვან საკითხებს და დადებით ემოციასაც მოჰგვრის იმის გამო, რომ დაეხმარეთ.
ასკელ უილიამსმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც ამ სტრატეგიებს არ მისდევენ, საშინაო დავალების შესრულება უჭირთ.

ივლისში TEDx-მა თბილისში ბავშვებს დაუთმო სცენა. პატარებმა მათთვის საინტერესო არაერთ საკითხზე ისაუბრეს. გიორგი ზიბზიბაძემ თავისი საუბრის თემას ასე დაარქვა: „როგორ ვაქციოთ მოსაწყენი საქმე გასართობ აქტივობად". საუბარი იმით დაიწყო, რომ ყველა ადამიანს დედამიწაზე საკუთარი პრობლემა აქვს. ერთის გასაჭირი მეორისთვის შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს, მაშინ როდესაც პირველს დეპრესია იპყრობს. გიორგის სკოლაში თურმე ქართული ლიტერატურის სწავლა უჭირდა – ვერაფრით იზეპირებდა ლექსებს, რაც უფრო და უფრო აძულებდა ამ საგანს. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს ხატვა – დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ სიტუაციაში. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და პრობლემაზე სერიოზულად დაფიქრდა, გიორგიმ ორი აქტივობა - საყვარელი და საძულველი – ერთმანეთს შეუხამა და ყველაფერი დალაგდა. წაკითხულ ლექსებს გონებაში საგნებთან აკავშირებდა და ხატავდა. ასე დახატა ლექსი „მზეო თიბათვისა" და ნახატზე დაკვირვებით იოლად წაიკითხა დაფასთან. გიორგი ამბობს, რომ პრობლემა უკვე საბოლოოდ მოაგვარა და „ლექსების ხატვა" ძალიან კარგად გამოსდის.

ამ ბმულზე გიორგი ზიბზიბაძე თავად გიამბობთ მეცადინეობის სირთულეების გადალახვის შესახებ:














თვითეფექტიანობისა და თვითრეგულირებული სწავლის სწავლება


მასწავლებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მოსწავლეებმა უნდა განივითარონ უნარ-ჩვევები დამოუკიდებელი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის (თვითრეგულირებული სწავლა და სწავლის მიმართ თვითეფექტიანობის განცდა). საბედნიეროდ, არსებობს მრავალი კვლევა, რომლებიც ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს და გვაწვდის ინსტრუქციებს იმის შესახებ, როგორ შევადგინოთ დავალებები, სტრუქტურირებული საკლასო ინტერაქციები მოსწავლეებისთვის თვითრეგულირებული სწავლის უნარის განსავითარებლად. კვლევებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებს მაშინ უვითარდებათ აკადემიურად უფრო ეფექტიანი თვითრეგულირებული სწავლის უნარი და სწავლის ეფექტიანობის განცდა, როცა მასწავლებლები რთავენ მათ ხანგრძლივ პერიოდზე გაწერილ კომპლექსურ შინაარსიან დავალებებში. თვითრეგულირებული სწავლისა და თვითეფექტიანობის განსავითარებლად მოსწავლეები საკუთარი სწავლის პროცესსა და პროდუქტებზე ერთგვარ კონტროლსაც უნდა ახორციელებდნენ. ვინაიდან თვითშეფასება და თვითმონიტორინგი ეფექტიანი თვითრეგულირებული სწავლისა და თვითეფექტიანობის განცდის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ მოსწავლეებს ამ უნარების განვითარებაში. ამისთვის უნდა ჩართონ ისინი სასწავლო პროცესისა და შედეგების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში და შემდეგ მათვე მისცენ საშუალება, ამ სტანდარტების მეშვეობით გამოიტანონ დასკვნები საკუთარი პროგრესის შესახებ. დაბოლოს, ეს ეხმარება მოსწავლეებს, დაამყარონ თანამშრომლობითი ურთიერთობა თანატოლებთან, ეძებონ უკუკავშირი. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეს ნაბიჯი.
კომპლექსური დავალებები. მასწავლებლებს არ სურთ, მისცენ მოსწავლეებს მეტისმეტად ძნელი დავალებები და ამით მათი სასოწარკვეთილება გამოიწვიონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მოსწავლეებს უჭირთ სწავლა ან დარღვეული აქვთ დასწავლის უნარი. მეტიც – კვლევა გვიჩვენებს, რომ მოტივაციის ყველაზე მეტად გამაძლიერებელი და აკადემიურად მომგებიანი დავალება მოსწავლეთათვის არის ის, რომელიც დააფიქრებს, მაგრამ ზედმეტად არ დატვირთავს მათ.
კომპლექსური დავალებები მეტისმეტად რთული არ უნდა იყოს. ტერმინი „კომპლექსური" ეხება დავალების დიზაინს (ჩანაფიქრის გაფორმებას) და არა მისი სირთულის დონეს. დიზაინის თვალსაზრისით დავალებები კომპლექსურია, როცა მათში რამდენიმე კითხვაა დასმული და მოიცავს შინაარსის დიდ ნაწილებს. ასეთებია პროექტები და თემატური თავები. ამასთან, კომპლექსური დავალებები გრძელდება დიდხანს და რთავს მოსწავლეს მთელ რიგ მეტაკოგნიტურ და კოგნიტურ პროცესებში. მაგალითად, ეგვიპტის პირამიდების შესწავლამ შესაძლოა მოითხოვოს წერილობითი მოხსენებების, რუკების, დიაგრამებისა და მოდელების მომზადება.
ნაკლებად მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალებებიც კი საკმაო ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს მათი სასწავლო პროგრესის შესახებ. ეს დავალებები მათგან მოითხოვს ღრმა აზროვნებასა და საგულდაგულოდ დამუშავებულ პრობლემების გადაჭრაში ჩაბმას. ამ პროცესში მოსწავლეები ვითარდებიან და ხვეწენ თავიანთ კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს. მეტიც – ამგვარ დავალებაში წარმატების მიღწევა ზრდის მოსწავლის თვითეფექტიანობის განცდას და შინაგან მოტივაციას.
კონტროლი. მოსწავლეებისთვის არჩევანის მიცემით მასწავლებლებმა მათ შეიძლება მიანიჭონ თანაკონტროლის უფლება. როცა მოსწავლეებს აქვთ არჩევანი (მაგალითად, როგორ, სად, ვისთან ერთად იმუშაონ და ა.შ.), უფრო მოსალოდნელია, წარმატებას მიაღწიონ (ეს ზრდის თვითეფექტიანობას). ისინი უფრო და უფრო მეტი ძალისხმევით, უფრო და უფრო შეუპოვრად ეჭიდებიან პრობლემებს. ასევე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვით დაგეგმვის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის და შედეგების შეფასების დროს მასწავლებლები მათ უნაწილებენ სწავლის პასუხისმგებლობას. სწორედ ამას გულისხმობს მაღალეფექტიანი თვითრეგულირებული შემსწავლელის თვისებების გამომუშავება.
არჩევანის უფლების მიცემა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეცვალოს მოცემული დავალების სირთულის დონე (მაგალითად, აირჩიოს უფრო მარტივი ან რთული საკითხავი მასალა, განსაზღვროს წერითი დავალების სახე და ოდენობა, გამოიყენოს წერისას ნასწავლი გამოთქმები და ა.შ.). მაგრამ რა ხდება, როცა მოსწავლე მცდარ არჩევანს აკეთებს? მაღალეფექტიანი, მაღალი დონის მასწავლებლები ძალიან ფრთხილობენ იმ არჩევანის განხილვისას, რომელსაც მოსწავლეს აძლევენ. ისინი თავდაპირველად რწმუნდებიან, რომ მოსწავლეს აქვს დამოუკიდებლად მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და უნარები. მაგალითად, როცა მოსწავლეები სწავლობენ ახალ უნარ-ჩვევებსა და რუტინულ ქცევებს, მასწავლებლებმა მათ შეიძლება გარკვეული საზღვრებში მოქცეული არჩევანი მისცენ (მაგალითად, დაწერონ, სულ მცირე, ოთხი წინადადება, აბზაცი, თავი, ფურცელი და ა.შ., მაგრამ შეუძლიათ დაწერონ მეტიც).
ამასთანავე, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები მოსწავლეებს ასწავლიან სწორი გადაწყვეტილების მიღებას და აჩვენებენ ამის ნიმუშს. მაგალითად, როცა მოსწავლე პარტნიორს, მეწყვილეს ირჩევს, მასწავლებელი სთხოვს, დაფიქრდეს და გაითვალისწინოს, რას მოელის მისგან (მაგალითად, საერთო ინტერესსა და მონდომებას თუ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაც თავად სჭირდება). როცა მოსწავლე დროის რაციონალური გამოყენების თაობაზე აკეთებს არჩევანს, მასწავლებელი ეკითხება: „რა შეგიძლია გააკეთო, როცა საქმეს დაასრულებ? რა შეგიძლია გააკეთო ჩემი დახმარების მოლოდინში?" ხშირად სამუშაო გრაფიკი კედელზეა გამოკრული, რათა მოსწავლეებმა გამოიყენონ მუშაობის დროს.
დაბოლოს, მაღალეფექტიანი მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ უკუკავშირს მათ მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და საკუთარ რჩევებს მიუსადაგებენ შემსწავლელის უნიკალურ ხასიათსა და თავისებურებებს. მაგალითად, შესაძლოა წაახალისონ ზოგი მოსწავლე, შეარჩიონ მოხსენების თემა იმ მომენტისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და მისაღები რესურსებიდან, ზოგი – ერთობლივი მუშაობისთვის, ნაცვლად დამოუკიდებლად მუშაობისა, იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ წარმატების მისაღწევად მეტი მხარდაჭერა აქვთ.
თვითშეფასება. მოსწავლე ამჩნევს, რომ თვითრეგულირებული სწავლის მეთოდების გამოყენება არ არის სახიფათო. ისინი ჩართულნი არიან მიმდინარე საქმიანობაში, აანალიზებენ როგორც თავად პროცესს, ისე მის შედეგებს, კონცენტრირდებიან პიროვნულ პროგრესზე და ეხმარებიან მათ შეცდომების ინტერპრეტაციაში. ეს მომავალში სწავლის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. ამ კონტექსტში, მოსწავლეებს მოსწონთ და ეძებენ კიდევაც რთულ დავალებებს, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში მონაწილეობის საფასური მცირეა. მოსწავლეების ჩართვა შეფასების კრიტერიუმების დადგენასა და საკუთარი პროგრესის შეფასებაში ამცირებს მათ შფოთვას, რომელიც ხშირად თან ახლავს შეფასებას, რადგან მოსწავლეებს შედეგის კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეებმა შესაძლოა თვითონვე შეაფასონ თავიანთი ნამუშევარი იმ ნამუშევრის კრიტერიუმებთან მიმართებით, რომლებიც მათ თავად, მასწავლებლებთან ერთად, აღიარეს „კარგად". ისინი განიხილავენ სწავლის მათეულ მიდგომათა ეფექტიანობას და ცვლიან თავიანთ ქმედებას მის გასაუმჯობესებლად.
მაღალი დონის თვითრეგულირებული სწავლის კლასებში მოსწავლეებს საკუთარი სწავლის შესაფასებლად აქვთ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური შესაძლებლობა. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა სთხოვა მეოთხე-მეხუთეკლასელებს, ეწარმოებინათ რეფლექსიის ჟურნალი, სადაც აღწერდნენ მეწყვილესთან ან მცირე ჯგუფთან ერთად შექმნილ ალბათობისა და სტატისტიკის თამაშებს. ამ ჟურნალებში აღწერილი იყო ჯგუფურ პროცესსა და შედეგებში მათ მიერ შეტანილი წვლილი, ასევე – რა ასწავლა მათ ამ პროცესში მონაწილეობამ. თამაშების შეფასებისას მასწავლებელმა გაითვალისწინა ეს რეფლექსიები.
მასწავლებლები მოსწავლეებს უსვამენ არაფორმალურ კითხვებს: „რა შეიტყვე დღეს საკუთარი თავის როგორც მწერლის შესახებ?" „რას აკეთებენ კარგი მკვლევრები და მწერლები?" „ისეთის რისი გაკეთება შეგიძლია, რაც წინათ არ შეგეძლო?" ამ და მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლეებს მეტაკოგნიციის, მოტივაციისა და სტრატეგიული ქმედებისკენ უბიძგებს, რომლებიც თვითრეგულირებული სწავლის კომპონენტებია.
თანამშრომლობა. საშუალო სკოლის მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლების კომიტეტმა 2004 წელს დაასკვნა, რომ აზრების ურთიერთგაზიარებისას მოსწავლეები უკეთესად ითვისებენ, ადვილად აღიქვამენ რთულ და გამომწვევ დავალებებს –დავალებებს, რომლებიც თვითრეგულაციას ავითარებს.
დასკვნის თანახმად, ჯგუფურ სამუშაოს ასევე შეუძლია, მოსწავლეებს თანამშრომლობის უნარების განვითარებაში დაეხმაროს. მეტიც – ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ერთობის შექმნას, სადაც მოსწავლეები პასუხისმგებელნი იქნებიან ერთმანეთის სწავლაზე და არ იქნებიან ორიენტირებულნი კონკურენტულ გარემოზე, რომელიც აუცხოებს ბევრ მოსწავლეს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც თანატოლებივით წარმატებულნი არ არიან.
თვითრეგულირებული სწავლის მხარდასაჭერად ყველაზე ეფექტიანია ის გზები, რომლებიც ასახავს თანამშრომლური ურთიერთობების გამოყენებას, ერთობის კლიმატს და პრობლემების ერთობლივ გადაჭრას. ამ კონტექსტში მოსწავლეები მასწავლებლების დახმარებით რეალურად არეგულირებენ ურთიერთსწავლას, სთავაზობენ ერთმანეთს მხარდაჭერას, განურჩევლად იმისა, ინდივიდუალურად მუშაობენ, წყვილებად თუ მცირე ჯგუფებში. ეს ინდივიდუალური განვითარების პრაქტიკული მხარდაჭერაა. იგი მეტაკოგნიციის, შინაგანი მოტივაციისა და სტრატეგიული ქმედებებისთვის გამოიყენება (მაგალითად, იდეათა გაზიარებისთვის, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შესადარებლად, თითოეულის ექსპერტობის არეალის დასადგენად). მაღალი დონის მასწავლებლები ყოველი წლის დასაწყისს რუტინების სწავლასა და გაკვეთილში მონაწილეობის ნორმების დადგენას უთმობენ (მაგალითად, როგორ განახორციელოს მოსწავლემ კონსტრუქციული უკუკავშირი და როგორ მოახდინოს თანატოლის მოსაზრების ინტერპრეტაცია, რა რეაქცია ჰქონდეს მასზე). მას შემდეგ, რაც რუტინებს და ურთიერთქმედების ნიმუშებს გაითავისებენ, მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ სწავლაზე კონცენტრაცია. მასწავლებლებს კი შეუძლიათ დაიწყონ აკადემიური უნარ-ჩვევების სწავლება და სასწავლო გეგმის შესრულება.








 აღმზრდელთა შეთანხმებული მოქმედება როგორც აღზრდაში წარმატების წინაპირობა

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ყოველგვარი საქმის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ამ საქმეში ჩართული ადამიანების შეთანხმებული მოქმედება. ეს მტკიცებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვის აღზრდის და მეტადრე ოჯახური აღზრდის პროცესში იძენს. ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისთვის ყველაზე საყვარელ და მახლობელ ადამიანებს შორის თანხმობას და ერთსულოვნებას ხედავდეს. ასეთ გარემოში აღსაზრდელი გაცილებით მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს, აღმზრდელები კი ნაკლებ პრობლემას აწყდებიან. ხოლო იქ, სადაც უფროსები ვერ თანხმდებიან, როგორ მოეკიდონ ბავშვის ამა თუ იმ საქციელს, როგორ წარმართონ მისი აღზრდის პროცესი, მუდმივი დაძაბულობაა. ბავშვი ხშირად ხდება უფროსების ჩხუბისა და კამათის მოწმე. ყოველივე ეს კი შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს როგორც აღსაზრდელისთვის, ისე აღმზრდელებისთვისაც. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ოჯახური უთანხმოების მიზეზი ხშირად სწორედ ბავშვის აღზრდის საკითხებზე შეუთანხმებლობაა. რაც მთავარია, უფროსები ვერც კი ხვდებიან, რამხელა ზიანს აყენებენ ბავშვს, რომელიც გამუდმებით კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფება. ასეთ დროს ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს, რომ მისი ქცევა ორივე მშობლისთვის მოსაწონი აღმოჩნდეს, ორივეს ასიამოვნოს და ორივე კმაყოფილი დატოვოს. მას დედა და მამა ერთნაირად უყვარს, ამიტომ ძალიან უჭირს, როცა არჩევანის წინაშე აყენებენ. მშობლების სიყვარულში არჩევანის გაკეთება ბავშვისთვის თითქმის შეუძლებელია, ამიტომ შესაძლოა ისეთ გზას დაადგეს, რომელიც აღზრდის ინტერესებისთვის ძალზე საზიანო იქნება. როცა ბავშვი ხედავს, რომ დედა ერთს ამბობს, მამა კი მეორეს, როცა მშობლები უკრძალავენ, ბებია კი მათი არყოფნისას უფლებას აძლევს, აკეთოს ის, რაც აკრძალულია, აღსაზრდელი უფრო ლმობიერი აღმზრდელით მანიპულირებას და თავისი ინტერესებისთვის მის გამოყენებას იწყებს.

ერთხელ ერთ ოჯახში 6 წლის თამუნამ, რომელსაც დედა უწყრებოდა იმის გამო, რომ სათამაშოები ოთახში მიმოაბნია და აღარ აალაგა, დედიკოს „დასჯა" გადაწყვიტა და მას ნიშნის მოგებით მიმართა: „მოვიდეს ჯერ მამიკო, ვუთხრა, რომ ასე მეჩხუბები!" საღამოს შინ დაბრუნებულმა მამამ მოისმინა თავისი ნებიერას „საჩივარი", უსაყვედურა მეუღლეს და სასტიკად აუკრძალა მისი საყვარელი გოგონასთვის შენიშვნების მიცემა, აკრძალვების დაწესება და მასთან ხმამაღალი ლაპარაკი.
არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ორივე მშობელზე განაწყენებული ბავშვი ბებიას აფარებს თავს, მასში ეძებს მფარველს და მისი სახით შესანიშნავ დამცველს პოულობს. ფაქტია, უფროსების ასეთი შეუთანხმებლობისა და დაპირისპირების შემთხვევაში აღსაზრდელისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება საკმაოდ რთულდება.
აღმზრდელთა შეთანხმებული მოქმედება აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და მისი პიროვნების ფორმირებისთვის. მკითხველისთვის საინტერესო იქნება აღმზრდელთა შეუთანხმებლობის მიზეზების გაცნობა.

1. ამ მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასახელდეს მშობელთა არასათანადო ინფორმირებულობა ბავშვის აღზრდის, ასევე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის საკითხებზე. ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ მშობლობა პროფესიაა და, ამასთან, ერთ-ერთი ურთულესი პროფესიათა შორის. თუმცა ამ პროფესიის დასაუფლებლად მომავალი მშობლები არავითარ მომზადებას არ გადიან და არც რაიმე დახმარებას იღებენ ამ კუთხით. ბავშვის აღზრდის პროცესში ისინი ძირითადად საკუთარი მშობლებისგან მიღებული გამოცდილებით ხელმძღვანელობენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღზრდაში მზამზარეული რეცეპტები არ არსებობს, რომ ყველა ცალკეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას და პრობლემის ინდივიდუალურ გადაწყვეტას მოითხოვს, ამასთან, წლებთან ერთად ბავშვის ფსიქოლოგია და გარშემო მყოფებთან მისი ურთიერთობა იცვლება, ცხადი გახდება, რომ 20-30 წლის წინანდელი აღზრდის მეთოდები და მიდგომები დღეს შესაძლოა აღარ იძლეოდეს სასურველ შედეგს.
2. აღმზრდელთა მიერ საკუთარი მშობლების აღზრდის მეთოდების კოპირება ან, პირიქით, სრული უარყოფა. ზოგიერთი მშობელი ცდილობს, ისე აღზარდოს შვილი, როგორც მას ზრდიდნენ, ზოგი კი, პირიქით, სხვა გზას ირჩევს, ვინაიდან ძალზე არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებს თავის ბავშვობასთან, ახსოვს, რა ხშირად და მკაცრად სჯიდნენ და არ სურს, მისი შვილიც ასე იზრდებოდეს. ყველაფრის უფლებას აძლევს მას, რაც მეორე მშობლის სერიოზულ უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს.
3. აღმზრდელთა შორის სერიოზული უთანხმოების მიზეზად შეიძლება იქცეს მათი მიზნების სხვადასხვაობა. მაგალითად, ერთს სურს, რაც შეიძლება მცოდნე და განათლებული შვილი ჰყავდეს და ადრეული ასაკიდან ასწავლის ყველაფერს, დაჰყავს სხვადასხვა წრეზე, ბევრს ამეცადინებს, რაც მეორე მშობლის უკმაყოფილებას იწვევს. ის ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს მეუღლეს, რათა მისმა შვილმა ბავშვობის წლები ბედნიერად გაატაროს.
4. არის შემთხვევები, როცა აღმზრდელთა უთანხმოების მიზეზად იქცევა მათი განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება და შეხედულებები აღზრდაზე. შესაძლოა, ერთ-ერთი მშობელი ოჯახის შექმნამდე დისშვილის ან ძმისშვილის აღზრდაში მონაწილეობდა. თუ, ამასთან ერთად, მას პედაგოგიური განათლება და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, დიდი ალბათობით, შეეცდება დაუმტკიცოს მეუღლეს თავისი უპირატესობა პედაგოგიკაში და აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე კამათის დროს თავისი პოზიციის განმტკიცებას მოინდომებს, რამაც შესაძლოა მეუღლეებს შორის დაძაბულობა წარმოშვას და დაამძიმოს ოჯახური ატმოსფერო.
5. უთანხმოების მიზეზად შესაძლოა იქცეს მშობლების სხვადასხვანაირი ხასიათი და მცდელობა, ხასიათის საკუთარი თვისებები აღზარდონ ბავშვში. მაგალითად, თუ მამა მკაცრია, შეუვალი, თუ მისთვის უცხოა სიბრალულის გამოხატვა, დათმობა, მგრძნობიარე, ლოიალური, რბილი ხასიათის დედისთვის ადვილი არ იქნება მეუღლის მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდების მიღება და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს მას. თუ მშობლები უკმაყოფილებას ბავშვის თანდასწრებით, ამასთან, უხეშად და შეურაცხმყოფელი ტონით გამოხატავენ, ბავშვი შფოთავს და მის ფსიქიკურ განვითარებაში სერიოზული, ხშირად უმართავი სირთულეები იჩენს თავს.

უნდა ითქვას, რომ აღმზრდელთა შორის განსხვავებული შეხედულებების არსებობა თავისთავად არ არის ტრაგედია და ის პრობლემად არ უნდა ვაქციოთ. პირიქით, გარკვეული აზრით, ეს უკეთესიც კია, ვინაიდან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები, თუ საქმეს გონივრულად მიუდგებიან, შესაძლოა საკმაოდ მომგებიან და ეფექტურ ვერსიაზე შეჩერდნენ, რომელიც მომავალში დიდ წარმატებას მოიტანს. აღზრდაზე განსხვავებული შეხედულებები პრობლემად იმ შემთხვევაში იქცევა, თუ აღმზრდელები კომპრომისს ვერ მოახერხებენ.

რეკომენდაციები აღმზრდელთა შორის შეთანხმების მისაღწევად
1. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მშობელთა მეტი ინფორმირებულობა აღზრდის საკითხებზე. ამისათვის აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული პრესა, რადიო, ტელევიზია. სასურველია, მომზადდეს უფრო მეტი რადიო და ტელეგადაცემა, ასევე – პოპულარული საკითხავი ლიტერატურა ბავშვთა აღზრდის საკითხებზე, სადაც მშობლებისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხები იქნება გაშუქებული.
2. განსხვავებული პოზიციებისა და შეხედულებების არსებობის შემთხვევაში გაუმართლებელია ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა ბავშვის თანდასწრებით.
3. პრობლემაზე საუბრის დროს ბოლომდე მოვუსმინოთ ოპონენტს. გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ვენდოთ, დავუჯეროთ და დავუთმოთ ერთმანეთს. დათმობა ხშირად ძლიერებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე სისუსტეზე.
4. გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს აღზრდის ერთი, უნიკალური და უნივერსალური მეთოდი. პატივი ვცეთ ოპონენტის აზრს და ვაღიაროთ განსხვავებული, შესაძლოა, ჩვენი მოსაზრების სრულიად საპირისპირო შეხედულება. აღიარება დათანხმებას არ ნიშნავს.
5. უარი ვთქვათ კატეგორიულ ტონზე. ვიყოთ უფრო მომთმენი მოწინააღმდეგის მიმართ. აღზრდის ერთიანი ტაქტიკის შემუშავებისას მოვუსმინოთ ერთმანეთის ყველა არგუმენტს. ვეცადოთ, პრობლემას ოპონენტის თვალითაც შევხედოთ.
6. სასურველია, ორივე მშობელმა გაიაზროს, რაოდენ საზიანოა ბავშვისთვის მათი მეტოქეობა. შვილს ერთნაირად უყვარს დედაც და მამაც და სურს, ოჯახში მშვიდობა და თანხმობა იყოს.
7. არ არის სასურველი მეუღლეებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარებაში ახლობლებისა და ნათესავების ჩართვა და, მით უმეტეს, მათი თანდასწრებით კამათი – ეს ხშირად ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.
8. ნუ აქცევთ ბავშვს მანიპულირების ობიექტად.
9. პრობლემის განხილვისას ისაუბრეთ მხოლოდ იმ საკითხზე, რომლის გადაწყვეტაც გსურთ. ნუ განვავრცობთ საკამათო საკითხს.
დაბოლოს, მუდამ გახსოვდეთ, რომ თუ დედა და მამა ჩხუბობენ და შეურაცხყოფენ ერთმანეთს, უპატივცემულობას ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ, დიდია ალბათობა, ბავშვს უსიამოვნო მოგონებები დარჩეს მშობლების ურთიერთობასა და საკუთარ ბავშვობაზე და პირად ცხოვრებაში პრობლემები გაუჩნდეს. ასე რომ, მშობელთა შეთანხმებული მოქმედება ბავშვის ბედნიერი მომავლის საწინდრადაც შეიძლება მივიჩნიოთ.





ანეტ ბრე: მოაწონეთ თავი მოსწავლეებს

ანეტ ბრეს მიერ თოდ უაიტეკერთან ერთად გამოცემული წიგნი „10-წუთიანი ტრენინგები მასწავლებლებისათვის. 40 სწრაფი ტრენინგი ეფექტური სწავლებისათვის" მრავალი ქვეყნის დარგობრივმა მკითხველმა 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის საჭირო წიგნად აღიარა.

სასწავლო წლის დასაწყისში კარგი იქნება, ჩვენც გავეცნოთ ერთ ამონარიდს ამ წიგნიდან სახელწოდებით „იმიტომ, რომ მე შენ მომწონხარ!" აქ თითქოს უცხოს და ახალს ვერაფერს წავიკითხავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ყველაფერს მოსწავლეებთან ურთიერთობის შესახებ.
ალბათ, შეგხვედრიათ სიტუაცია, როცა ვიღაცისთვის დახმარება გითხოვიათ და პასუხად უთქვამთ: „ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ მე თქვენ მომწონხართ!"
ასეთი ახსნა, რომ „მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ შენ მომწონხარ", ნამდვილად შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილს პედაგოგებისათვის, რაც ხშირად მათი ყურადღების მიღმა რჩება. არადა, სისტემატურად ვართ მოწმე იმისა, რომ ადამიანები მზად არიან გააკეთონ თითქმის ყველაფერი მათთვის, ვინც მოსწონთ. თუმცა ჩვენს გარემოცვაში არ გაგვიჭირდება აღმოვაჩინოთ კოლეგები, რომლებიც იტყვიან: „მასწავლებლობა ეს არ არის კონკურსი პოპულარულობაში. ჩემთვის სულ ერთია, მოვწონვარ თუ არა მოსწავლეებს". სამწუხაროდ, ამ მოსაზრების მქონე კოლეგები ღრმად ცდებიან - პედაგოგობა გარკვეულწილად პოპულარობის კონკურსიცაა. თუ თქვენ არ მოსწონხართ მოსწავლეებს, ნაკლებად სარწმუნოა, მათ თქვენგან რაიმე სასარგებლო ისწავლონ. მასწავლებლის კარგ თუ ცუდ ურთიერთობაზე მოსწავლეებთან დამოკიდებულია მათ მიერ ათვისებული ცოდნის ოდენობა.
დაიწყეთ კოლეგებთან საუბარი წინა აბზაცის ხმამაღლა გამეორებით და თქვენ აუცილებლად მიიქცევთ ყურადღებას. შემდეგ ჩამოშალეთ აბზაცი პუნქტებად და იმსჯელეთ თითოეულზე:
1.უთქვამთ თუ არა თქვენთვის როდისმე „მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ შენ (თქვენ) მომწონხართ?
2.როცა მოსწავლე იყავით, განა თქვენ განსაკუთრებულად არ ცდილობდით იმ საგნების სწავლას, რომლის პედაგოგებიც მოგწონდათ?
3.ვაღიარებთ თუ არა, რომ ჩვენ გამორჩეული მოთმინებით ვიტანთ იმ ადამიანების ნაკლოვანებებს, რომლებიც მოგვწონს?
4.გვყავს თუ არა თითოეულ ჩვენგანს ერთგული მეგობრები, რომლებიც თითქმის ყველაფერს გააკეთებენ ჩვენთვის, რადგან ჩვენ მოვწონვართ?
5.შეგხვედრიათ თუ არა მასწავლებელი, რომელიც ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია, მოვწონვარ თუ არა მოსწავლეს" და თვლით თუ არა ასეთ მიდგომას არასწორად?
6.თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება?
7.თქვენი აზრით, გაყიდვების სფეროს ეფექტური სპეციალისტები რატომ ცდილობენ უმნიშვნელო თემებზე საუბრით დაიმსახურონ თქვენი კეთილგანწყობა, სანამ საკუთარი პროდუქტის შეძენას შემოგთავაზებენ?
8.როგორ აღწევენ ცნობილი ტრენერები, რომ საშუალო შესაძლებლობის სპორტსმენები საუკეთესო შედეგებზე გაიყვანონ?
9.როგორ აღწევს ზოგიერთი მასწავლებელი, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს გააკეთებინოს ის, რაც საჭიროა?
დიახ, პედაგოგობა მართლაც კონკურსია პოპულარობაში. მოსწავლეებისაგან საუკეთესო შედეგების მისაღწევად მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა მოსწონდეთ. მასწავლებლებს ამოცანად უნდა დავუსახოთ, რომ გახდნენ უფრო საინტერესო, მიმზიდველი ადამიანები მოსწავლეებისათვის. თუ ამ მიმართულებით სიძნელეები შეიმჩნევა, დავიხმაროთ ასეთი ჩამონათვალი:
რჩევები მოსწავლეებთან თქვენი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად:
·ხშირად გაიღიმეთ;
·უკეთ გაიცანით თქვენი მოსწავლეები;
·აგრძნობინეთ მათ, რომ ენდობით;
·წაახალისეთ ისინი;
·გამოხატეთ თანაგრძნობა მოსწავლეების მიმართ;
·რამდენადაც შეგიძლიათ, შეეცადეთ გამოიყურებოდეთ ყველაზე სასიამოვნო ადამიანად;
·რამდენადაც შეგიძლიათ, შეეცადეთ გამოიყურებოდეთ ყველაზე კეთილგანწყობილ ადამიანად;
·დახმარება აღმოუჩინეთ ჩამორჩენილ მოსწავლეებს;
·იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ საკუთარი ქმედებები;
ასეთია ანეტ ბრესა და მისი თანაავტორის მიერ შემოთავაზებული ერთი ათწუთიანი ტრენინგის პროგრამა, რომელიც პედაგოგმა თავისი პროფესიული უნარების გასააქტიურებლად წარმატებით შეიძლება გამოიყენოს და კოლეგებსაც გაუზიაროს ერთობლივი განსჯისათვის.