пятница, 8 января 2016 г.

გილოცავთ   ქრისტეს   შობას!


7 იანვარს მართლმადიდებელი მრევლი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინება.
ქრისტეშობაშობის ღამესთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია. ამ ღამეს ფანჯარასთან ანთებენ სანთელს და ამით მოვიხმობთ ყოვლადწმიდა ქალწულს, მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას ჩვენს სახლებში და არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გულებში.
მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ.იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანულ თანამედროვეობაში ორი კალენდარი არსებობს: იულიანური და გრიგორიანული (საეკლესიო და საერო). იულიანური კალენდარი შეიქმნა იულიუს კეისრის მეფობის დროს, ორმოცდაათი წლით ადრე ქრისტეს შობამდე. გრიგორიანული კალენდარი კი – ჩვენი წელთაღრიცხვით xvI საუკუნეში კათოლიკე პაპის, გრიგოლის მიერ. თვითონ კალენდარი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც რაიმე სიწმინდე, ან პირიქით, მაგრამ რადგან ქრისტეს შობის დროს იულიანური კალენდარი მოქმედებდა, აქედან გამომდინარე, ეს კალენდარი მიესადაგა უფლის შობასა და მის შემდგომ პერიოდსაც დღემდე, ამიტომ ის ეკლესიის მიერ ითვლება მისაღებად და წმინდად. ასე, მაგალითად: როდესაც ქვა სადმე მინდორში დევს, იგი უბრალო ქვაა, მაგრამ თუ ამ ქვას ეკლესიის კედლის ასაშენებლად გამოიყენებენ, ის უკვე წმინდაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს ძველი, ანუ იულიანური კალენდრით, 25 დეკემბერს, რომელიც საერო (გრიგორეანული) კალენდრით 7 იანვარს ესადაგება, ე.ი. საერო კალენდრის, ანუ ახალი სტილის 7 იანვარი იგივეა, რაც ძველი სტილის, ანუ საეკლესიო კალენდრის 25 დეკემბერი.
დღეს, მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საზეიმო ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. თბილისის ქუჩებში ალილოს ტრადიციული მსვლელობა იმართება, რომელიც სამების ტაძართან დასრულდება.
  მთელი ძველი აღთქმის პერიოდში უფალი უგზავნიდა ებრაელებს წინასწარმეტყველებს, რომლებიც ადამიანებს მაცხოვრის დასახვედრად და ახალი აღთქმისთვის ამზადებდნენ. ოთხი დიდი და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი იქნა მოვლენილი იუდეველებთან. უფალმა თავიდანვე, სასუფევლიდან ადამის გამოძევების დროს აღუთქვა მათ, რომ მოავლენდა ძეს კაცისას, რომელიც გამოგვიხსნიდა სიკვდილისა და ცოდვის ტყვეობიდან.
   „ბიბლიის“ მიხედვით, ისრაელი იმ დროისათვის რომის იმპერატორს ემორჩილებოდა. ერთხელაც, იმპერატორმა ბრძანება გამოსცა, ყველა ჩემი ქვეშევდრომი იმ ქალაქში ჩაეწეროს, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენო. იოსების და მარიამის მშობლიური ქალაქი ბეთლემი იყო. ისინი გაემგზავრნენ ბეთლემისკენ და როცა ქალაქში მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ხალხის ჩამოსვლის გამო, ბეთლემი გადავსებული იყო. ამიტომ რადგან ბინა ვერ იშოვეს, ქალაქის განაპირას, მწყემსების გამოქვაბულს შეაფარეს თავი. სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო. შვა ვაჟი - ძე ღვთისა. მწყემსებმა, რომელნიც ქალაქის სიახლოვეს ცხვარს აძოვებდნენ, ცაში დაინახეს ნათება და ბრწყინვალე ანგელოზი, რომელმაც ხალხს მაცხოვრის დაბადება ახარა...  
   რა საოცრებაა, როგორი სასწაულია, როგორი საკვირველი თავმდაბლობაა?! ქვეყნიერების მეფე და შემოქმედი ბოლო მდაბიოსავით გამოქვაბულში იშვა და ბაგაში მიიწვინა. აი, უდიდესი მაგალითი ამპარტავნებისა და სიამაყის დასათრგუნად.

  “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი და ღმერთი ისევ შერიგდნენ, რაც საუკუნო სიკვდილიდან გამოხსნასა და ნეტარებას მოასწავებდა. მანამდე ხომ სასუფევლის კარები ყველასთვის დახშული იყო?! მათ ის ვარსკვლავიც იხილეს, რომელიც მოგვებს მოუძღოდათ. მოგვები უბრალო ადამიანები არ იყვნენ, ისინი თავიანთი ქვეყნების მეფეები გახლდნენ. მოგვებმა ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო-როგორც მეფეს, გუნდრუკი-როგორც ღმერთს და მური- როგორც კაცს, ანუ ადამიანს.
   ქრისტეს შობით ახალი ერა დაიწყო. ეს ის ერაა, რომლისთვისაც მთელი ძველი აღთქმა ემზადებოდა. ძველი დრო გაჩერდა და ახალი დაიწყო. აპოკრიფულ წყაროებში ასეთი რამ არის მოთხრობილი: როცა წმინდა მარიამი მშობიარობდა, მოხუცი იოსები ბებიაქალის საძებნელად გარეთ გამოვიდა. ამ დროს მან იხილა, რომ წამიერად ყველაფერი გაჩერდა: გაჩერდა წყალი, ცხოველი, ფრინველი და ადამიანიც და უცებ ყველაფერმა ისევ დაიწყო მოძრაობა, ანუ დამთავრდა ძველი დრო და ახალ ერას დაუთმო გზა.
  მაცხოვრის შობით აღსრულდა უფლის დანაპირები, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმა გააჟღერა: ”აჰა, მიუდგეს ქალწული და შვას ძე და სახელი მისი ემმანუელ,” რაც თარგმანებით ნიშნავს: ”ჩვენთან არს ღმერთი.”
    ქრისტიანის ცხოვრებაში ყველა ეკლესიური მოვლენა ქრისტეს აღდგომას და მის ამაღლებას უკავშირდება. ყველაფერი ამისთვის ხდება. ეს არის მწვერვალი ადამიანის გადარჩენისა, ქრისტესთან ერთად აღდგომისა და ამაღლებისა. რეალურად სწორედ ქრისტეს შობით დაიწყო აღსრულება ჩვენი გადარჩენისა.
  


 


 შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. მას ეგებებიან ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით... საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და ჩვენი ეკლესია მას დღემდე იცავს.
   საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს. უკვე საუკუნეებია, ქართველები ალილოობის მონაწილეებს და მიმლოცველებს სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებიან: „ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.
   ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლემის გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი, ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა.
   შუასაუკუნეების გადმოცემის თანახმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად“
და  ქრისტესა და უწმინდესის კურთხევით სარკმელში ანთებული სანთლით ჩვენს კერასთანაც მოვიწვიოთ უფალი.
   ღმერთმა დაგლოცოთ და მანვე ინებოს, რომ წლევანდელი ქრისტეს შობისთანა იშვას ბედნიერი, გაბრწყინებული და ისევ ქრისტეს დროშის ქვეშ გაერთიანებული საქართველო.”

Комментариев нет:

Отправить комментарий