вторник, 31 мая 2016 г.

გილოცავთ ნინოობას!


“მოქცევაი ქართლისაი”
ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.
1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 

დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება..
ნინოობაკაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო.
როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ნინოს მამა ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს – სარა ნიაფორს მისცეს. იგი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც მაცხოვარს თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა.
ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: “წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე შენი მფარველი ვიქნები”.
ამაზე ნინომ უპასუხა: “როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?”
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: “მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა”.
გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან საკუთარი თმებით შეკრა იგი.
იერუსალიმიდან წამოსული ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე-ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. ამის შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა.
მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ნასხლავისაგან გაკეთებული ჯვარი. თავისი ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად “ტყვესაც” ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია.
მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნინოს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც განუგრძია. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთში ასულა და წილკნელები, ჭართლელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ნინო ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვალა. წმინდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო”.
ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნენი ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ.
მამა კახაბერ შურღაია (წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): “ნინოობა, წმიდა ნინოს ხსენება, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგანაც ის ქართველთა განმანათლებელია.
როდესაც ღვთისმშობელს საქართველოში ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქრისტიანობის ქადაგება წილად ხვდა, მაცხოვარი გამოეცხადა მას და ამცნო, რომ მოახლოებული იყო ჟამი, როცა წმიდა ქალწული მარიამი უფლის წინაშე უნდა წარმდგარიყო. სწორედ ამიტომ ქართლში ქადაგება სხვისთვის უნდა გადაებარებინა და ეს მისია ანდრია პირველწოდებულს ერგო. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ღვთისმშობელმა საქართველო მიატოვა, პირიქით, რადგან მას წილხვედრად ერგო, ამის შემდგომ წმიდა მარიამს არასოდეს მიუტოვებია საქართველო. ანდრია პირველწოდებულს თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა. იგი საქართველოში შემოვიდა, ქრისტიანობა იქადაგა და ეკლესია დააფუძნა.
შემდეგ ღვთისმშობლის გამოცხადებით წმიდა ნინოს დაევალა ქართლის მოქცევა. როდესაც მან ნახა ერი, რომელიც წარმართულ ღვთაებას სცემდა თაყვანს, ცხარე ცრემლით ტიროდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ეს ერი ქრისტეს სჯულზე მოექცია.
საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლა სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ: შემოსვლა-გაცნობის, დამკვიდრებისა და განმტკიცების.
ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლითა და მისი ქადაგებით ქართველმა ერმა, ფაქტობრივად, გაიცნო ჭეშმარიტი სარწმუნოება.
როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წმიდა ნინომ ქართლში იქადაგა და ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია გამოცხადდა, ეს მეორე ეტაპი იყო. წმიდა ნინო რომ შემოვიდა, მაშინ ქართველებმა უკვე იცოდნენ ქრისტიანობა რა იყო, თუნდაც დაწყებული ქრისტეს კვართიდან, რომელიც ებრაელებმა ჩამოიტანეს. ანდრია პირველწოდებულის მიერ უკვე ნაქადაგები იყო ქრისტიანული და თემებიც კი არსებობდა. წმიდა ნინოს შემოსვლით კი მოხდა ქრისტიანობის დამკვიდრება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
მესამე ეტაპი კი ასურელი მამების მოღვაწეობას უკავშირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში მაზდეანობა ჭარბობდა და ქრისტიანებს სდევნიდნენ, ამ დროს ცამეტი ასურელი მამა მოვიდა, რათა სარწმუნოება განემტკიცებინათ.
წმიდა ნინოს შემოსვლა არის უდიდესი ეტაპი ქართველი ერისათვის, რადგან ქრიტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. წმიდა ნინო კი ჩვენი ერის უდიდესი მფარველია”.

воскресенье, 22 мая 2016 г.

19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე

19 დეკემბერს, მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ნიკოლოზობის დღესასწაულს ზეიმობს.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე.wm.nikoloziმართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.
ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს.
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. როცა წმიდანი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა, მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან. სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დას. ევროპისა და ჩრ. ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს. თუმცა, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.
წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.
წმ. ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმინდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: “ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს; კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს… და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება.”
წმიდა ნიკოლოზი პრესვიტერი იყო, როცა ბიძამ ეპარქიის გამგებლობა ჩააბარა და თვითონ წავიდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში. წმიდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არც ერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან.
პათარის ეპისკოპოსის დაბრუნების შემდეგ წმ. ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა. გემზე ყოფნისას მან სასწაული ორჯერ აღასრულა: ჯერ გამძვინვარებული სტიქია ჩააწყნარა ლოცვით, შემდეგ კი ანძიდან ჩამოვარდნილი მეზღვაური ფეხზე უვნებლად წამოაყენა.

იერუსალიმში ჩასულმა წმიდა ნიკოლოზმა ლოცვით მოვლო წმიდა ადგილები. შორიდან მოსული დიდი მლოცველის წინაშე სიონის მთაზე ეკლესიის დახშული კარები ღამით თავისით გაიღო. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი მოილოცა, წმ. ნიკოლოზი უდაბნოში აპირებდა წასვლას, რათა იქ განდეგილის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ღვთაებრივმა ხმამ მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

მირონ–ლუკიაში დაბრუნებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ განმარტოებისაკენ ისრაფვოდა, მაგრამ უფლის ნებით მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა. მას თვითონ უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ომოფორი უწყალობა. სულ მალე ამ ჩვენებიდან წმიდა ნიკოლოზი მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. უსჯულო დიოკლეტიანეს მეფობის დროს, ქრისტიანების გააფრთებული დევნისას, მღვდელმთავარი ნიკოლოზიც დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, სადაც იგი ქრისტიანებს ჭეშმარიტი რწმენით განამტკიცებდა და ეხმარებოდა, მხნედ გადაეტანათ მიყენებული ტანჯვა–წამება.
მოციქულთასწორის კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. სხვა წმიდა მამებთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებული ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ერეტიკოსის უტიფრობამ თვით სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება. ცრუ მოძღვარს, რომელიც თავისას ჯიუტად ამტკიცებდა, მან კვერთხი ჩაარტყა, რისთვისაც მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხეს, რის შედეგადაც მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.
წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ–ლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.




წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ტროპარი

“კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და 
მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა 
შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე 
სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე,
 წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე
 ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა 
ჩვენთათვის.”



понедельник, 2 мая 2016 г.




გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 

აღდგომა არის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიმბოლურად წითელი კვერცხითა და პასქით ვხვდებით. სააღგომო კვერცხის სიმბოლურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ლიტერატურა მოგვითხრობს: ”ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ვღორძინდებით.” 




სააღდგომო კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემაც არსებობს: ზეცად ამაღლებამდე უფალმა იესო ქრისტემ მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნა, რათა ყველასათვის ეხარებინათ უფლის მკვდრეთით აღდგომა. საქადაგებლად წავიდა მარიამ მაგდალინელიც. მან რამდენიმე ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ბოლოს იტალიაში, იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგა, კვერცხი გაუწოდა და მიმართა: ,,ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა კი უპასუხა: ”ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდებაო”. მოულოდნელად კვერცხმა იწყო გაწითლება, ბოლოს კი სულ გაწითლდა. იმდროინდელი ქრისტიანებისათვის ამ ამბავს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია და იმპერატორ ტიბერიუსზე კვერცხის ბოძებითა და სიტყვებით _ ,,ქრისტე აღსდგა!" მისი მიბაძვა დაიწყეს, რაც შემდეგ ქრისტიანთათვის საყოველთაო წესად იქცა.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს


სააღდგომოდ განსაკუთრებული მზადებაა ფერისცვალების დედათა მონასტერში. აქ ფუსფუსი დილიდანვე იწყება. მონასტრის წინამძღვრის იღუმენია მარიამის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის თვრამეტივე ბინადარს სხვადასვა საქმე ევალება. მორჩილ ფოტინეს დღეს სატრაპეზოში ყველაზე საპატიო მისიას აკისრია სწორედ მას დაევალა კვერცხის წითლად შეღებვა. აქ დღეს 400-ზე მეტი კვერცხი იღებება, რომლითაც ჯერ გარდამოხსნაზე დააბრძანებენ, აღდგომის ლიტურგის შემდეგ კი დედები წითელკვერცხებს მრევლს დაურიგებენ და ქრისტეს აღდგომას მიახარებენ.




აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ერთ_ერთი უმთავრესი სიმბოლო პასქის დაცხობაა, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს. დღესასწაულისათვის აგრეთვე საგანგებოდ აცხობენ პასექის ფორმის საფუარიან პურს _ არტოსს, ჯვრისა და ეკლის გვირგვინის ან აღმდგარი მაცხოვრის გამოსახულებით, რომელიც სააღდგომო მსახურებისას იკურთხება _ ,,სადიდებლად და მოსაგონებლად უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა..."









ქრისტე აღსდგა! 

ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!






 
ქრისტე აღსდგა!


ჭეშმარიტად აღსდგა!

среда, 2 марта 2016 г.

დედებო და მომავალო დედებო გილოცავთ დედის დღეს!

                         


     3 მარტი დედის დღეა!
     მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!     
    ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება?
    




     ალბათ ბევრი დამეთანხმეთ, რომ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში.
დედა ყველას ჰყავს, ადამიანს, ცხოველს მწერს.. ამქვეყნად იქნება თუ იმქვეყნად, დედა მაინც არსებობს და ჩვენს გვერდითაა. არასოდეს გვტოვებს და მაშინაც კი მზრუნველობს, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ დედები.. მერე დიდედები..
    



    მგონია, რომ ქალი მაშინ კი არ ხდება დედა, როდესაც შვილი ეყოლება, არამედ მაშინ, როდესაც დედობა გაიღვიძებს ქალში. ამიტომ, მივულოცოთ მომავალ დედებსაც, მითუმეტეს თუ უკვე არიან იმ დიდი გძნობის მატარებლები, რასაც დედობა ჰქვია.
     



      
 

        ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.
        




   









      დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.
          
      
     დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. „უგუნური შვილი დედის სევდაა“ - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და  გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.

                            დედის ლოცვა

ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!
გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).
ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო!
იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან.
შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწად. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაილ!
შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოვლისაგან ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსვრელისა და ყოვლისაგან ბოროტისა და სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა. დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

    ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც კაცობრიობისათვის მოაქვს ადამიანს---ადამიანია.სწორედ ამაშია აზრი სიცოცხლის,სილამაზისა და უკვდავებისა: რომლის სათავე დედაა.
     დედა შობს,დედა ზრდის,დედა იცავს.დედა ამაყობს თავისი შვილებით.
დედა მორჩილია და შეუპოვარი,მრისხანეა და ქველმოქმედი,მხიარულია და სევდიანი,ამაყია და თავმოდრეკილი,ღარიბი და მდიდარი...იგი ტირის და იცინის,კრთება და სხვებს აიმედებს.და ყველგან და ყოველთვის დედას ერთი მიზანი ამოძრავებს----შვილების ბედნიერება! ამ ბედნიერებისათვის იღწვის იგი თავაუღებლად,საკუთარი ძალ-ღონის დაუზოგავად.

     ვადიდოთ  ქალი---დედა, რომლის სიყვარულმაც არ იცის საზღვარი.






დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით




ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,             ბედის ქამანდას თუ ვერ გაექცე
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,                            წილ ხვედრიელი თუ ვერ გახედნე
ნუ შეგაშინებს უძილო ღამე                                    დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე
ვიდრე დედა გყავს,ნუ გეშინია                               დედის ხელები წამოგაყენებს.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი                                               ჭირთა თმენა და დიდი იმედი
მეხი უფესვო ხეებს ერევა,                                       დედა სიცოცხლის თვალის ჩინია
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი                                  ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი          

ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა.                          ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.






შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა



понедельник, 25 января 2016 г.

გილოცავთ ნინოობას!

დღეს, 1 ივნისს,  მართლმადიდებელი ქართველობა მოციქულთასწორი წმიდა ნინოს შემოსვლას აღნიშნავს საქართველოში.
რადგან ღვთისმშობელი, ანუ დედაკაცი იყო საქართველოს მფარველი, დედამ ღვთისამ,  თავისი მეოხების დასადასტურებლად, სწორედ დედაკაცივე წარმოავლინა მისსავე წილხვედრ ქვეყანაში.
ამ მიზნით ღვთისმშობელმა გამოარჩია კეთილმორწმუნე ქრისტიანი კაბადოკიელი ქალწული - ნინო.
ნინო ქრისტიანთა ოჯახში აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე ისმენდა აღმზრდელებისაგან ქრისტიანობის გავრცელების, მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრების და წამების ამბავს. მისგანვე გაიგო ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში - საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინა მისი ვედრება, ამცნო, რომ ქართველთა ქვეყანა მისი წილხვდომილი იყო და წმინდა ქალწული მოციქულად განამზადა. ერთ ღამეს წმინდა მარიამი სიზმრისეულ ხილვაში გამოეცხადა მას და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“.
წმინდა ნინომ ვედრებით მიმართა ყოვლადწმინდას, ნიშანი ებოძებინა, რომელიც დაუდასტურებდა, რომ უბრალო და უმწეო ქალწული მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებას შეძლებდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოკვეთა რტო ვაზისა, რომელიც ნინოს სარეცელის ზემოთ იყო, ჯვარი გააკეთა, ქალწულს მისცა და უთხრა, რომ ეს ჯვარი იქნებოდა მისი მცველი და წინააღმდგომთა ზედა ძლევის მიმნიჭებელი:
„ეს იქნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ . ძალისა მისითა დაამყარებ სიტყვასა ძისა ჩემისასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“.
გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამ ჯვარით ნათელიღო ჩვენმა ქვეყანამ, ამ ჯვარს თაყვანს სცემენ და ამბორსჰყოფენ დღემდე მორწმუნეები, როდესაც წმინდა ნინოს ხსენების დღეს ანალოგიაზე კრძალვით გამოასვენებენ ხოლმე სიონის ტაძარში, სადაც იგი არის დასვენებული.
ზეციური დედოფლისაგან ბოძებული ჯვარისა და წმინდა ნინოს ლოცვის მეოხებით საბოლოოდ დაემხო ქართლში კერპთაყვანისმცემლობა; წმინდა ნინოს მიერ  დედოფალ ნანას სასწაულებრივმა განკურნებამ და მეფე მირიანის თავს გარდახდილმა სასწაულმა ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგიად აქცია.


ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.