суббота, 19 декабря 2015 г.



19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე


გილოცავთ ნიკოლოზობას

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.

ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.

ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს და ამ დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულით ამ ტაძრის მრევლი აღნიშნავს ხოლმე. წმიდა ნიკოლოზის ხატის დაწერაც დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ქართველი ხატმწერებისთვის. ამასთან, ნიკოლოზი საქართველოში ერთ–ერთი გავრცელებული სახელია და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს, ღირსეულად ატაროს წმიდანის სახელი.




წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება




წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.

წმ. ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმინდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: “ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს; კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს… და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება.”

წმიდა ნიკოლოზი პრესვიტერი იყო, როცა ბიძამ ეპარქიის გამგებლობა ჩააბარა და თვითონ წავიდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში. წმიდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არც ერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან.

პათარის ეპისკოპოსის დაბრუნების შემდეგ წმ. ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა. გემზე ყოფნისას მან სასწაული ორჯერ აღასრულა: ჯერ გამძვინვარებული სტიქია ჩააწყნარა ლოცვით, შემდეგ კი ანძიდან ჩამოვარდნილი მეზღვაური ფეხზე უვნებლად წამოაყენა.

იერუსალიმში ჩასულმა წმიდა ნიკოლოზმა ლოცვით მოვლო წმიდა ადგილები. შორიდან მოსული დიდი მლოცველის წინაშე სიონის მთაზე ეკლესიის დახშული კარები ღამით თავისით გაიღო. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი მოილოცა, წმ. ნიკოლოზი უდაბნოში აპირებდა წასვლას, რათა იქ განდეგილის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ღვთაებრივმა ხმამ მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

მირონ–ლუკიაში დაბრუნებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ განმარტოებისაკენ ისრაფვოდა, მაგრამ უფლის ნებით მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა. მას თვითონ უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ომოფორი უწყალობა. სულ მალე ამ ჩვენებიდან წმიდა ნიკოლოზი მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. უსჯულო დიოკლეტიანეს მეფობის დროს, ქრისტიანების გააფრთებული დევნისას, მღვდელმთავარი ნიკოლოზიც დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, სადაც იგი ქრისტიანებს ჭეშმარიტი რწმენით განამტკიცებდა და ეხმარებოდა, მხნედ გადაეტანათ მიყენებული ტანჯვა–წამება.

მოციქულთასწორის კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. სხვა წმიდა მამებთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებული ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ერეტიკოსის უტიფრობამ თვით სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება. ცრუ მოძღვარს, რომელიც თავისას ჯიუტად ამტკიცებდა, მან კვერთხი ჩაარტყა, რისთვისაც მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი 
        მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხეს, რის

შედეგადაც მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.

წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ–ლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.




წმიდა მღვდელმთავარ 
ნიკოლოზის ტროპარი
“კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”















среда, 16 декабря 2015 г.

გ  ი  ლ  ო  ც ა ვ  თ    ბ ა რ ბ ა რ ო ბ ა ს






წმიდა დიდმოწამე ბარბარე

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
 წამებულის წმიდა სხეული კი ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.
დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ, კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.
ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
  წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

უწმიდესის ქადაგებიდან ბარბარობის დღესასწაულზე:

“რით დაიმსახურა წმიდა ბარბარემ ასეთი დიდი მადლი ღვთისა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, მისი ცხოვრება უნდა გავიხსენოთ. წარმოვიდგინოთ ორი პიროვნება – წმიდა ბარბარე და მისი მამა – დიოსკორე. თქვენ იცით, რომ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის – უძველესი პრობლემაა… ორი ადამიანი იდგა სრულყოფის კიბეზე: ბარბარე და მამამისი. თითქოს, მამა ცდილობს, თავის შვილს, ბარბარეს, სიკეთე გაუკეთოს. მას ხომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. ცოლი ადრე გარდაეცვალა და მთელი თავისი სიყვარული თავის ერთადერთ ასულს, ბარბარეს მიუძღვნა. მაგრამ ეს სიყვარული იყო არასწორი, არასულიერი. სულ სხვას ეძიებდა ბარბარე – სულიერს. ერთი არის წარმართი და მეორე – ქრისტიანი. ერთი ეძიებს ამასოფლისას, მეორე კი – სულიერს.
სოფელი ვერ იტევს უფლისმიერ სიბრძნეს და იწყება წმიდა ბარბარეს დევნა, მისი წამება. მან არ დათმო თავისი რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა თავისი მამის ხასიათს, რომ ის უკან არ დაიხევდა და ბოლომდე ეცდებოდა ბარბარეს დამორჩილებას.მაგრამ წმიდანი ასეთივე მტკიცე რწმენითა და ურყევი ნებისყოფით მიიწევს წინ! ადამაიანის არჩევანი განსაზღვრავს სრულყოფის კიბეზე სვლის მიმართულებას. ამ ამ კიბეზე მდგარი ორი ადამიანი – ბარბარე და მამამისი სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ სვლას: ერთი მიდის მაღლა, მეორე ეშვება ჯოჯოხეთში და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მამა თავისი ხელით კლავს საკუთარ შვილს.”




   










ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია და ოჯახებში ლობიანებს აცხობენ, 

თუმცამას, ისევე როგორც ამ დღის ბედობასთან კავშირს, ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს.






დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს) .

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის
.

წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ტროპარი და კონდაკი

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. 

სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.