суббота, 19 декабря 2015 г.



19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე


გილოცავთ ნიკოლოზობას

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.

ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.

ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს და ამ დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულით ამ ტაძრის მრევლი აღნიშნავს ხოლმე. წმიდა ნიკოლოზის ხატის დაწერაც დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ქართველი ხატმწერებისთვის. ამასთან, ნიკოლოზი საქართველოში ერთ–ერთი გავრცელებული სახელია და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს, ღირსეულად ატაროს წმიდანის სახელი.




წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება




წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.

წმ. ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმინდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: “ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს; კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს… და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება.”

წმიდა ნიკოლოზი პრესვიტერი იყო, როცა ბიძამ ეპარქიის გამგებლობა ჩააბარა და თვითონ წავიდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში. წმიდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არც ერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან.

პათარის ეპისკოპოსის დაბრუნების შემდეგ წმ. ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა. გემზე ყოფნისას მან სასწაული ორჯერ აღასრულა: ჯერ გამძვინვარებული სტიქია ჩააწყნარა ლოცვით, შემდეგ კი ანძიდან ჩამოვარდნილი მეზღვაური ფეხზე უვნებლად წამოაყენა.

იერუსალიმში ჩასულმა წმიდა ნიკოლოზმა ლოცვით მოვლო წმიდა ადგილები. შორიდან მოსული დიდი მლოცველის წინაშე სიონის მთაზე ეკლესიის დახშული კარები ღამით თავისით გაიღო. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი მოილოცა, წმ. ნიკოლოზი უდაბნოში აპირებდა წასვლას, რათა იქ განდეგილის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ღვთაებრივმა ხმამ მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

მირონ–ლუკიაში დაბრუნებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ განმარტოებისაკენ ისრაფვოდა, მაგრამ უფლის ნებით მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა. მას თვითონ უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ომოფორი უწყალობა. სულ მალე ამ ჩვენებიდან წმიდა ნიკოლოზი მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. უსჯულო დიოკლეტიანეს მეფობის დროს, ქრისტიანების გააფრთებული დევნისას, მღვდელმთავარი ნიკოლოზიც დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, სადაც იგი ქრისტიანებს ჭეშმარიტი რწმენით განამტკიცებდა და ეხმარებოდა, მხნედ გადაეტანათ მიყენებული ტანჯვა–წამება.

მოციქულთასწორის კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. სხვა წმიდა მამებთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებული ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ერეტიკოსის უტიფრობამ თვით სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება. ცრუ მოძღვარს, რომელიც თავისას ჯიუტად ამტკიცებდა, მან კვერთხი ჩაარტყა, რისთვისაც მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი 
        მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხეს, რის

შედეგადაც მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.

წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ–ლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.




წმიდა მღვდელმთავარ 
ნიკოლოზის ტროპარი
“კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”















среда, 16 декабря 2015 г.

გ  ი  ლ  ო  ც ა ვ  თ    ბ ა რ ბ ა რ ო ბ ა ს






წმიდა დიდმოწამე ბარბარე

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
 წამებულის წმიდა სხეული კი ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.
დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ, კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.
ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
  წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

უწმიდესის ქადაგებიდან ბარბარობის დღესასწაულზე:

“რით დაიმსახურა წმიდა ბარბარემ ასეთი დიდი მადლი ღვთისა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, მისი ცხოვრება უნდა გავიხსენოთ. წარმოვიდგინოთ ორი პიროვნება – წმიდა ბარბარე და მისი მამა – დიოსკორე. თქვენ იცით, რომ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის – უძველესი პრობლემაა… ორი ადამიანი იდგა სრულყოფის კიბეზე: ბარბარე და მამამისი. თითქოს, მამა ცდილობს, თავის შვილს, ბარბარეს, სიკეთე გაუკეთოს. მას ხომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. ცოლი ადრე გარდაეცვალა და მთელი თავისი სიყვარული თავის ერთადერთ ასულს, ბარბარეს მიუძღვნა. მაგრამ ეს სიყვარული იყო არასწორი, არასულიერი. სულ სხვას ეძიებდა ბარბარე – სულიერს. ერთი არის წარმართი და მეორე – ქრისტიანი. ერთი ეძიებს ამასოფლისას, მეორე კი – სულიერს.
სოფელი ვერ იტევს უფლისმიერ სიბრძნეს და იწყება წმიდა ბარბარეს დევნა, მისი წამება. მან არ დათმო თავისი რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა თავისი მამის ხასიათს, რომ ის უკან არ დაიხევდა და ბოლომდე ეცდებოდა ბარბარეს დამორჩილებას.მაგრამ წმიდანი ასეთივე მტკიცე რწმენითა და ურყევი ნებისყოფით მიიწევს წინ! ადამაიანის არჩევანი განსაზღვრავს სრულყოფის კიბეზე სვლის მიმართულებას. ამ ამ კიბეზე მდგარი ორი ადამიანი – ბარბარე და მამამისი სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ სვლას: ერთი მიდის მაღლა, მეორე ეშვება ჯოჯოხეთში და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მამა თავისი ხელით კლავს საკუთარ შვილს.”




   










ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია და ოჯახებში ლობიანებს აცხობენ, 

თუმცამას, ისევე როგორც ამ დღის ბედობასთან კავშირს, ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს.






დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს) .

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის
.

წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ტროპარი და კონდაკი

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. 

სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.


суббота, 21 ноября 2015 г.

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!





 ტროპარი:
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
 კონდაკი:
მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.



















წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი
    უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.
    მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა. და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.








23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას თაყვანს სცემენ არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.  
საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვეღარ იტევენ.
დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებად  სწორედ 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10) მიიჩნევა, რადგან გიორგობას, სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ.






вторник, 27 октября 2015 г.

დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 


175 წლისთავი 


შესრულდა.


                                
                                                   იაკობ გოგებაშვილი
                                                        (1840-1912)

       „ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.
        იაკობი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ვარიანში. მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. მას ძალიან უყვარდა ღმერთი და ერთგულად ემსახურებოდა მას. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს სულ ადვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“.
    მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სკოლაში მიაბარა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სკოლაში გადაიყვანა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია. სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი სამშობლოში დაბრუნდა. მალე იგი თბილისის სასულიერო სკოლის ზედამხედველად დანიშნეს. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სრულიად გააუქმა დასჯა და შემოიღო „დედა ენის“ სწავლება. პირველკლასელებს შეუდგინა „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“. იაკობ გოგებაშვილი მოსწავლეებს უნერგავდა სამშობლოს სიყვარულს, უღვივებდა ინტერესს საქართველოს ისტორიისადმი. ეს ძალიან არ მოსწონდა ცარისტულ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირად ცდილობდა აღმოეფხვრა ქართველებში ყველაფერი ქართული და მის მაგივრად რუსული ჩაენერგა. ამიტომ იაკობი, როგოც პოლიტიკურად არასაიმედო პირი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მის მოღვაწეობას. გარდა სახელმძღვანელოებისა, იაკობმა სხვადასხვა დროს ბავშვებისათვის გამოსცა საკითხავი წიგნები, რომელშიც შეტანილი იყო მრავალი მოთხრობა: „იავნანამ რა ჰქმნა?!“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „თავდადებულნი ქართველნი“ და სხვა.
      იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. იგი ეხმარებოდა ბევრ ქართველ მწერალს, ეხმარეობდა ხელმოკლე მოსწავლეებსაც. ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს, ბევრმა კი მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
იაკობ გოგებაშვილი იმ დროინდელი ქართველი მოღვაწეების გვერდით წარმატებით თანამშრომლობდა ახლად ფეხადგმულ ქართულ პრესაში: ჟურნალებში „ივერიაში“, „მოამბეში“, „დროებაში“… მოთხრობებს აქვეყნებდა, ასევე, საყმაწვილო გამოცემებში: „ჯეჯილში“, „ნაკადულში“, „ნობათში“.
        იაკობ გოგებაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მოღვაწეებთან, განსაკუთრებით მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, ილია ჭავჭავაძესთან, ნიკო ლომოურთან, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარესთან დიმიტრი ყიფიანთან და სხვებთან.
მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.
         სამოცდათორმეტი წლისა, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ კი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

понедельник, 12 октября 2015 г.

  14 ოქტომბერს სრულიად საქართველო 

აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. 
  

  გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მისი ძალა

 და მადლი შეგწეოდეთ!


სვეტიცხოველი


კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ღვთის განგებითა და წყალობით, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – საქართველოს გულში დაბრძანდა. ეს კვართი თავად ღვთისმშობლის მიერაა მოქსოვილი. ის უკერველია, ანუ მოქსოვილია ერთიანად, რაც სიმბოლურად ქრისტეს ეკლესიის ერთიანობას განასახიერებს და ქრისტიანებს ასწავლის, რომ ეკლესია არის ერთიანი სხეული, ის არ დაიყოფა ნაწილებად, არამედ დარჩება კვართივით განუყოფელი.
   

 უფლის კვართი საქართველოში ჩამოიტანა მცხეთელმა ებრაელმა ელიოზმა, რომელიც საგანგებოდ იყო გამოძახებული იერუსალიმში ქრისტეს სამჯავროზე, მაგრამ ელიოზს მონაწილეობა არ მიუღია ამ უსამართლო მსჯავრში, პირიქით, იწამა ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი კაცობრიობისა და ქრისტეს ჯვარსმცმელი ჯარისკაცებისაგან უფლის კვართიც გამოისყიდა. მან ეს უდიდესი სიწმინდე მოწიწებით წამოაბრძანა საქართველოში, მცხეთასთან მას მისი და – სიდონია მიეგება, რომელმაც ჩაიკრა თუ არა გულში კვართი, დიდი მწუხარებისა გამო, სული განუტევა.
   

იმხანად ქართლში მეფობდა წარმართი მეფე ადერკი. მას ძალიან მოეწონა უფლის კვართი და მისი მისაკუთრება განიზრახა, მაგრამ უფლის განგებით, სიდონიას ხელიდან ვერაფრით გააშვებინეს კვართი და სამეფო ბაღში მასთან ერთად დაკრძალეს. დიდხანს კაცთათვის დაფარული იყო კვართის ადგილსამყოფელი, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით იგი კვალვ გამობრწყინდა და თავისი სასწაულებით მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმ ადგილას სვეტიცხოვლის ტაძარი აშენდა, ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დგას სვეტი, რომლის ძირშიც დაფლულია ეს უდიდესი სიწმინდე.







понедельник, 5 октября 2015 г.

     გილოცავთ  მასწავლებლის დღეს!

                      მასწავლებელი

მასწავლებელი - მშობლის ალერსით 
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი - ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში განათებული, 

როგორც ოცნება,
მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მასწავლებელი - დედის გულივით

მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.
მასწავლებელი - გულისხმიერი,

ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
                                      მასწავლებელი - მასზე ძლიერი,                                                           
                                              მასზე სწავლული არვინ გვეგონა.
                                        


 მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი - დედაენაზე,                                                                       

    მშობელ ენაზე შეყვარებული.


მასწავლებელი - სიტყვა ფრთიანი,

მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.
მასწავლებელი - ღამე უძილო,

ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.




მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,                                                                                      

 იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,                                                                                

  მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,                                                                                 

მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

                                                                    

                                                                 ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
                                                                     კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
                                                           ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
                                                       მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

მასწავლებელი - გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.მასწავლებელი - მზე,
 გაზაფხული,მთები, ყანები, ოქროცურვილი.
 

მასწავლებელი - ცოდნის ნათელით

უსწავლელობის დამმარცხებელი...
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
                                                მასწავლებელი - ღამე უძილო,

                                                ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,                                                 
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.